Facebook Twitter

№ას-752-720-2014 30 სექტემბერი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ. დ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ფ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 11 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა რ. ფ-ამ მოპასუხე დ. დ-ას მიმართ.

სარჩელის მოთხოვნები:

1. მოპასუხე დ. დ-ასათვის რ. ფ-ას სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის – 18600 აშშ დოლარის დაკისრება;

2. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, დ. დ-ას საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების – ქ.ბათუმში, ლ-ის ქ.1/9-ში მდებარე №44 ბინის (ფართით 54.20კვ.მ) სარეალიზაციოდ მიქცევა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა:

დ. დ-ას რ. ფ-ას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 18600 აშშ დოლარი;

დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა დ. დ-ას საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება – ბათუმში, ლ-ის ქ.№1/9-ში მდებარე ბინა №44.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2400 აშშ დოლარის ფარგლებში დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. დ-ამ.

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დ. დ-ას გადასახდელად დაეკისრებოდა 16200 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო მისთვის დამატებით 2400 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 მაისის განჩინებით დ. დ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2012 წლის 6 მარტს, დ. დ-ამ რ. ფ-ასაგან 6 თვით ისესხა 18600 აშშ დოლარი.

ამ სესხის უზრუნველსაყოფად აპელანტმა იპოთეკით დატვირთა ბათუმში, ლ-ის ქ.№1/9-ში მდებარე №44 ბინა.

აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის ნასესხები თანხა არც მთლიანად და არც ნაწილობრივ დაუბრუნებია.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სრულიად მართებულად მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 2400 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი უნდა დაემტკიცებინა დ. დ-ას, თუმცა თავისი პოზიციის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება მას სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის შესახებ, რომ სასამართლო ვალდებული იყო დაეკითხა მოწმე, შ. ჯ-ე. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. სასამართლო სხდომის ოქმიდან დგინდებოდა, რომ დ. დ-ას წარმომადგენელმა, მართალია, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მოწმის სახით შ. ჯ-ის დაკითხვაზე, თუმცა რადგან არ იცოდა ამ მოწმის მისამართი, 2013 წლის 23 დეკემბრის სხდომაზე ეს შუამდგომლობა თავადვე მოხსნა. ამის შემდეგ, სასამართლომ შუამდგომლობა დატოვა განუხილველად. არსებულ ვითარებაში, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით მოეპოვებინა ის მტკიცებულება, რომლის მოპოვებისა და წარდგენის ვალდებულებაც აპელანტს ეკისრებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუკმაყოფილებლობას, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვებას ექვემდებარებოდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. დ-ამ.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც რომლითაც დ. დ-ას დაეკისრებოდა 16200 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო მისთვის დამატებით 2400 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლომ სწორად არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარესთან ნამდვილად არსებობდა ზეპირი შეთანხმება იპოთეკის ხელშეკრულების ვადის 2014 წლის 16 მარტამდე გაგრძელების თაობაზე. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტი, რომ მხარეებს შორის იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების პრეცენდენტი უკვე არსებობდა. სწორედ ამ ფაქტის დასადასტურებლად ითხოვდა მოპასუხე მოწმის სტატუსით შ. ჯ-ის დაკითხვას, რაც სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა. შედეგად, სასამართლომ ვერ უზრუნველყო მხარეებს შორის შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილად დაცვა.

სასამართლომ, მტკიცებულებების შეფასების ნაწილში დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა, მას მტკიცებულებები უნდა შეეფასებინა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. ამავდროულად, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესი, მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს უპირატესობა მიანიჭა, ხოლო მოპასუხის მოთხოვნა რეაგირების გარეშე დატოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. დ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. დ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზ. ც-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. დ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ დ. დ-ას (პირადი ნომერი –... ) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზ. ც-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება №45, გადახდის თარიღი – 2014 წლის 25 ივლისი) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე