საქმე №ას-822-786-2014 19 სექტემბერი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ა.-ე-ო“
მოწინააღმდეგე მხარე – ფ. ფ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ა.-ე-მ“ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ფ. ფ-ის მიმართ და მოითხოვა:
1. 2012 წლის 20 აპრილის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის 151000 აშშ დოლარის დაკისრება;
2. 2012 წლის 20 აპრილის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის 150000 აშშ დოლარის დაკისრება;
3. 2012 წლის 20 აპრილის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის პროცენტის - ყოველთვიურად 2250 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება 2012 წლის 20 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
1. ფ. ფ-ის სარჩელი შპს „ა.-ე-ს“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. 2012 წლის 20 აპრილის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 120407708) გამომდინარე, მოპასუხე შპს „ა.-ე-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 151000 აშშ დოლარის გადახდა;
3. 2012 წლის 20 აპრილის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 120407739) გამომდინარე, მოპასუხე შპს „ა.-ე-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 150000 აშშ დოლარის გადახდა;
4. 2012 წლის 20 აპრილის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 120407739) გამომდინარე, მოპასუხე შპს „ა.-ე-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პროცენტის - ყოველთვიურად 2250 აშშ დოლარის გადახდა 2012 წლის 20 ივლისიდან 2013 წლის 20 ოქტომბრამდე, სულ 33750 აშშ დოლარი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 174-187).
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს „ა. ე-მ“. აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით დაკისრებული თანხის - 33750 აშშ დოლარის შემცირება 4500 აშშ დოლარით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 23-30).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით:
1. შპს „ა.-ე-ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
2. შეიცვალა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: შპს „ა.-ე-ს“ ფ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სარგებლის სახით 29250 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა.-ე-მ“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა.-ე-ს“ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით შპს „ა.-ე-ს“ დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა 5 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა. საკასაციო საჩივარი დაზუსტებული მოთხოვნით; ბ. საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით; გ. სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. ამავე სასამართლოს 2014 წლის 5 სექტემბრის განჩინებით კასატორს 5 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია, შესაბამისად, ხარვეზი არ შეუვსია. თუმცა, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს არა ხარვეზის შეუვსებლობის გამო, არამედ სხვა საფუძვლით. კერძოდ, 07.08.2014წ. დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში, ხოლო, 18.08.2014წ. დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში განმარტა, რომ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სარგებლის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან სარგებელი არასწორად არის დათვლილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი საკასაციო საჩივრით ასაჩივრებს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომელიც მას თავის დროზე სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია.
კერძოდ, საქმის მასალებით ირკვევა, რომ:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
1. ფ. ფ-ის სარჩელი შპს „ა.-ე-ს“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. 2012 წლის 20 აპრილის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 120407708) გამომდინარე, მოპასუხე შპს „ა.-ე-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 151000 აშშ დოლარის გადახდა;
3. 2012 წლის 20 აპრილის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 120407739) გამომდინარე, მოპასუხე შპს „ა.-ე-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 150000 აშშ დოლარის გადახდა;
4. 2012 წლის 20 აპრილის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 120407739) გამომდინარე, მოპასუხე შპს „ა.-ე-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პროცენტის - ყოველთვიურად 2250 აშშ დოლარის გადახდა 2012 წლის 20 ივლისიდან 2013 წლის 20 ოქტომბრამდე, სულ 33750 აშშ დოლარი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 174-187).
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს „ა. ე-მ“. აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით დაკისრებული თანხის - 33750 აშშ დოლარის შემცირება 4500 აშშ დოლარით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 23-30), ანუ აპელანტი სადავოდ მიიჩნევდა მხოლოდ 4500 აშშ დოლარის დაკისრების კანონიერებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით:
1. შპს „ა.-ე-ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
2. შეიცვალა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: შპს „ა.-ე-ს“ ფ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სარგებლის სახით 29250 აშშ დოლარის გადახდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა, 4500 აშშ დოლარით შეამცირა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით დაკისრებული თანხა - 33750 აშშ დოლარი (33750-4500=29250). მართალია, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 29250 აშშ დოლარის გადახდა, მაგრამ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მიღებული ეს გადაწყვეტილება ფაქტიურად იმას ნიშნავს, რომ 29250 აშშ დოლარის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეცვლილა და ვერც შეიცვლებოდა, ვინაიდან სააპელაციო წესით არ ყოფილა გასაჩივრებული და, შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ შპს „ა.-ე-ო“ საკასაციო საჩივრით ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს (29250 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე), რომელიც მას სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუშვებელია საკასაციო საჩივრით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გასაჩივრება, რომელიც სააპელაციო საჩივრით არ ყოფილა გასაჩივრებული, ვინაიდან საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (სსკ-ის 391.1 მუხლი). ამასთან, დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრება. აქედან გამომდინარე, შპს „ა.-ე-ს“ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა.-ე-ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე