№ას-833-797-2014 16 სექტემბერი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ა. ბ-ი, თ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ზ-ი, გ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დამაყოფილება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
1. ა. ბ-ის და თ. ბ-ის სარჩელი გარიგებების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების თანამესაკუთრედ აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა;
2. ქ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
2.1. გ. ბ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მცხეთის რაიონის სოფელ ძ-ში მდებარე უძრავი ქონება - 5122 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი (საკადასტრო კოდი .......).
2.2. გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ქ. ზ-ის საკუთრებაში არსებულ მცხეთის რაიონის სოფელ ძ-ში მდებარე 5122 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლს (საკადასტრო კოდი .......).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ბ-მა და თ. ბ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ივლისის განჩინებით ა. ბ-ისა და თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ბ-მა და თ. ბ-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის და თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ივლისის განჩინების ასლი 2014 წლის 30 ივლისს ჩაბარდა კასატორების წარმომადგენელ მ. მ-ს (იხ. მინდობილობა, ტომი 1, ს.ფ. 40-41), რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით (იხ. ტომი 3, ს.ფ. 83).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დენა კასატორებისათვის დაიწყო 2014 წლის 31 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 20 აგვისტოს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი შეტანილია 2014 წლის 26 აგვისტოს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ტ.3, ს.ფ. 84-91).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ა. ბ-ისა და გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, ვინაიდან მათ საკასაციო საჩივარი შეიტანეს კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ბ-ისა და თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე