Facebook Twitter
#as-660-619-2010

№ას-870-828-2013 15 სექტემბერი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ა. რ-ე, ბ. ჯ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – რ. მ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით:

1. რ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. ა. რ-სა და ბ. ჯ-ს სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირი თანხის 1890 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. მ-მ და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით:

1. რ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. ა. რ-სა და ბ. ჯ-ს სოლიდარულად დაეკისრათ 7000 აშშ დოლარის გადახდა რ. მ-ის სასარგებლოდ;

3. რ. მ-ის სარჩელი სესხის სარგებლის სახით 6160 აშშ დოლარისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 7000 აშშ დოლარის 3%-ის გადახდის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. რ-მ და ბ. ჯ-მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ა. რ-ის და ბ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, ამავე სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით მათი საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

2014 წლის 11 აგვისტოს და ამავე წლის 21 აგვისტოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართეს კასატორებმა ა. რ-მ და ბ. ჯ-მ. კასატორებმა განმარტეს, რომ ისინი უარს ამბობენ საკასაციო საჩივარზე და ითხოვენ საქმის წარმოების შეწყვეტას, ასევე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. რ-ისა და ბ. ჯ-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

მოცემულ შემთხვევაში, ა. რ-მ და ბ. ჯ-მ უარი თქვეს საკასაციო საჩივარზე, შესაბამისად, უნდა შეწყდეს საკასაციო საქმის წარმოება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 574,05 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 378-ე, 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. რ-ისა და ბ. ჯ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ა. რ-ისა და ბ. ჯ-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;

3. კასატორებს - ა. რ-სა და ბ. ჯ-ს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ა. რ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (გადახდის თარიღი – 2013 წლის 30 სექტემბერი, საგადახდო დავალება №33) – 574,05 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

თ. თოდრია