Facebook Twitter

¹ ბს-720-623-კ-04 28 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია (მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1992წ. 14 აგვისტოს ზ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს ბოლნისის რაიონის საკრებულოს ადმინისტრაციის მიმართ ბინის რემონტის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე შემდეგი საფუძვლით: 1988 წელს ლ. მ-ის ხუთსულიანმა ოჯახმა ქ. ბოლნისში, ყოფილი ... ოროთახიანი ბინა მიიღო. 1989 წელს ბოლნისის რაიონიდან აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიგრაციის გამო ქართველმა მოსახლეობამ დაიწყო მათი კუთვნილი საცხოვრებელი სახლების შესყიდვა. ბოლნისის რაიაღმასკომმა მოსარჩელეს უკეთესი საცხოვრებელი ბინის მისაღებად ოროთახიანი კომუნალური ბინა დაათმობინა. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე აიძულეს, ამგვარად მოქცეულიყო: მან შეისყიდა 65000 საბჭოთა მანეთად ღირებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, რაშიც გადაიხადა 38000 ნაღდი ფული, აიღო 20000 მანეთის ოდენობის გრძელვადიანი სესხი, ხოლო 7000 მანეთით დაეხმარა რაიაღმასკომი, მაშინ, როდესაც ქ. ბოლნისში საკმაოდ შეძლებულ პირებს 100000 მანეთად და მეტად ღირებული საცხოვრებელი სახლები შეასყიდინეს და მთლიანად დაუფარეს თანხა. მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ მან მნიშვნელოვანი შესაკეთებელი სამუშაოები ჩაატარა ოროთახიან ბინაში: მთლიანად გამოცვალა კარ-ფანჯარა და ახალი დაამზადებინა წაბლის ხის მასალისაგან, გადააკეთა ოთახები, ააშენა ახალი ტიხრები, შეასრულა სანტექნიკური სამუშაოები, კაფელით მოაპირკეთა სამზარეულო და სააბაზანო, გაიყვანა ახალი ელექტროგაყვანილობა, შეიძინა საშენი მასალა, რაზედაც დაეხარჯა დაახლოებით 25000 მანეთი.

მოსარჩელემ საქმის მომზადების სტადიაზე წარმოადგინა დამატებითი სასარჩელო განცხადება სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტებისა და გაფართოების შესახებ, რომელშიც მოითხოვა დამატებითი ხარჯების ანაზღაურება, კერძოდ, მუშების კვების, მარნეულისა და თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოებში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სტატისტიკის დეპარტამენტში, აუდიტორული დასკვნების მისაღებად მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება ინფლაციის გათვალისწინებით. მოსარჩელემ, აგრეთვე, მოითხოვა მისი ოჯახისათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. სკ-ის 383-ე მუხლზე მითითებით, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა გაადიდა 92450 აშშ დოლარამდე და სკ-ის 411-ე, 414-ე მუხლებიდან გამომდინარე, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

მოსარჩელის განცხადებით, მარნეულისა და თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლოებმა დააკმაყოფილეს მისი სარჩელი, ვინაიდან მოპასუხის _ ბოლნისის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი 11 ათასი ლარის ფარგლებში და მოითხოვა თანხების გადახდა ეტაპობრივად. შემდგომში ზემოაღნიშნული სასამართლოების გადაწყვეტილებები გააუქმა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ და მის სასარგებლოდ წარმართული აღსრულების პროცესიც შეაჩერა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ აღნიშნული დავა მასა და ბოლნისის გამგეობას შორის თოთხმეტი წელია გრძელდებოდა.

მოპასუხე ბოლნისის რაიონის გამგეობამ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 1989-1991 წლებში ბოლნისის რაიონიდან აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიგრაციასთან დაკავშირებით, ბოლნისის რაიაღმასკომში ჩამოყალიბდა სტიქიით დაზარალებულთა, მრავალშვილიან და ხელმოკლე ოჯახთა დახმარებების საკოორდინაციო ბიურო, რომლის ¹86 სპეცანგარიშზე სხვადასხვა ფონდის მიერ ირიცხებოდა თანხები აღნიშნული კატეგორიის ოჯახებისათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების შესაძენად. ლ. მ-ს ბოლნისის რაიაღმასკომის ბიუროს 1990წ. 1 მარტის ¹42 დადგენილებით მიეკუთვნა ქ. ბოლნისში, ... მდებარე ა. ზ-ის 65000 მანეთად ღირებული საცხოვრებელი სახლი. ამასთან დაკავშირებით, ლ. მ-ზე 25 წლით გაიცა 20 ათასი მანეთი გრძელვადიანი სესხი, 7000 მანეთი დახმარება კი ლ. მ-ს მიეცა ¹86 ანგარიშიდან. მოპასუხის განცხადებით, ლ. მ-ს დაევალა 38 ათასი მანეთის შეტანა ერთდროულად იმავე ანგარიშზე, საცხოვრებელი სახლი კი გაუფორმდებოდა იმ პირობით, თუ ჩააბარებდა ... მდებარე ოროთახიან ბინას. ლ.Oმ-ი დათანხმდა ამ პირობაზე და დაწერა განცხადება კომუნალური მეურნეობის უფროსის სახელზე ბინის ჩაბარების თაობაზე. მოპასუხის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ჰქონდა იმ გარემოებას, ლ. მ-მა რემონტიანი ბინა ჩააბარა თუ ურემონტო; ლ. მ-მა საგრძნობლად გაიუმჯობესა საცხოვრებელი პირობები და ბინის კაპიტალურ შეკეთებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. მოპასუხემ აბსურდულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ თავისი მოთხოვნების სკ-ის 411-ე მუხლზე დაფუძნება. მოპასუხემ, აგრეთვე, მიუთითა სკ-ის 317-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენებით, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოპასუხემ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში არც ერთი საფუძველი არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, თუკი არ არსებობდა ვალდებულება, არც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება იარსებებდა.

მოპასუხემ განაცხადა, რომ ლ. მ-ისათვის უარი უნდა ეთქვათ მორალური ზიანის მოთხოვნის ნაწილშიც, რის დასასაბუთებლადაც მოიყვანა სკ-ის მე-18 და 413-ე მუხლები. მისი აზრით, საქმეში არ მოიპოვებოდა მოსარჩელისათვის დამატებითი ხარჯების ასანაზღაურებლად საჭირო მტკიცებულებანი და ამიტომ მისთვის ამ ნაწილშიც უარი უნდა ეთქვათ. მოპასუხემ სასამართლოს სთხოვა, უარი ეთქვათ ლ. მ-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

2001წ. 26 იანვარს ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ განიხილა აღნიშნული საქმე და ლ. მ-ის სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ: ბოლნისის რაიონის გამგეობას დაეკისრა ლ. მ-ის სასარგებლოდ ოროთახიანი საცხოვრებელი ბინის, რომელიც მდებარეობდა ქ.ბოლნისში, ..., კაპიტალურ შეკეთებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება მასალების შეძენისა და მუშახელის, მათ შორის, მამა-შვილ ლ. და ზ. მ-ების შრომის ანაზღაურების ჩათვლით 9500 ლარის ოდენობით; დამატებითი ხარჯების, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელე ლ.Oმ-ს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. მ-მა და ბოლნისის რაიონის გამგეობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის საოლქო სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 აპრილის განჩინებით, ბოლნისის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი – ნაწილობრივ: გაუქმდა მოცემულ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. მ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე; ამავე პალატის 2002წ. 25 მაისის განჩინებით კი გასწორებულ იქნა მითითებულ განჩინებაში დაშვებული უსწორობანი, კერძოდ, 456 გვერდზე სიტყვა “განჩინება” შეიცვალა სიტყვით “გადაწყვეტილება”, 458 გვერდზე ციფრი “390” ციფრით _ “309”, ამავე გვერდზე სიტყვა “დაადგინა” სიტყვით _ “გადაწყვიტა”.

ლ. მ-მა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 17 აპრილის გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 25 სექტემბრის განჩინებით ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა _ უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 აპრილის გადაწყვეტილება.

2003წ. 4 თებერვალს ლ. მ-მა განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 აპრილის და 29 მაისის განჩინებების ბათილად ცნობისა და საქმეზე წარმოების განახლების თაობაზე იმ მოტივით, რომ 2002წ. 17 აპრილის საქმის განხილვაში მონაწილე სააპელაციო პალატის შემადგენლობის ერთ-ერთ მოსამართლეს _ ნ. ა-ს ამ საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება მიენიჭა საქმის განხილვის შემდგომ _ 2002წ. 5 მაისს. ამავე დროს ამავე პალატის 2002წ. 29 მაისის განჩინება, განმცხადებლის აზრით, იყო ყალბი, რაც დასტურდებოდა სხვადასხვა გარემოებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 მაისის განჩინებით ლ. მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ამავე პალატის 2002წ. 17 აპრილის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება, ხოლო 2004წ. 7 აპრილის გადაწყვეტილებით ბოლნისის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 იანვრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სკ-ის 1507-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების შესაბამისად, 1997წ. 25 ნოემბრამდე წარმოშობილ ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობებზე ამ კოდექსის მოქმედება მხოლოდ მხარეთა თანხმობის შემთხვევაში ვრცელდებოდა, სააპელაციო სასამართლოში კი საქმის განხილვისას მხარეებმა განაცხადეს, რომ საქმის განხილვა ისევე, როგორც რაიონულ სასამართლოში, საქართველოს 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმებით სურდათ.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ბოლნისის რაისაბჭოს აღმასკომის 1987წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის მეუღლეს, დ. კ-ეს, გამოეყო ბოლნისში, ... მდებარე 28 კვ.მ-ის ოროთახიანი ბინა, მაგრამ ისინი არ გადასულან საცხოვრებლად აღნიშნულ ბინაში. 1990წ. 5 მარტს ლ. მ-მა განცხადებით მიმართა ბოლნისის კომუნალური მეურნეობის განყოფილებას მათთვის გამოყოფილი ოროთახიანი კომუნალური ბინის ჩაბარების შესახებ პირადი საკუთრების უფლებით საცხოვრებელი სახლის შესყიდვის სანაცვლოდ. ბოლნისის რაიონის სტიქიით დაზარალებულთა, მრავალშვილიან და ხელმოკლე ოჯახთა დახმარების საკოორდინაციო ბიუროს 1990წ. 1 მარტის ¹42 ოქმით, ლ. მ-ს ნება დაერთო, გამოყოფილი ოროთახიანი ბინის ჩაბარების სანაცვლოდ, საკუთრებაში გაეფორმებინა ალი ზ-ის პირადი საკუთრების 65000 მანეთად ღირებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ბოლნისში, ... აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი არ იყო გასაჩივრებული და იმჟამად კანონიერ ძალაში იყო.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ბოლნისის რაიაღმასკომმა, შეასყიდა რა ლ. მ-ს ზემოთ მითითებულ აქტში დასახელებული საცხოვრებელი ბინა, ჯეროვნად შეასრულა თავისი ვალდებულება და მას რაიმე დამატებითი, მათ შორის, ლ. მ-ის მიერ ბინის შეკეთებისათვის გაწეული სარემონტო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება არ ეკისრებოდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სარემონტო ხარჯების ანაზღაურებისა და სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სამოქალაქო სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მითითების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული მუხლის თანახმად, მოვალეობის წარმოშობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, რაც, თავის მხრივ, ვალდებულების არსებობას გულისხმობდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. მ-სა და ბოლნისის რაისაბჭოს აღმასკომებს (უფლებამონაცვლე _ ბოლნისის რაიონის გამგეობა) შორის არ არსებობდა ისეთი სახის ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მოსარჩელის მიერ სახლის კაპიტალური შეკეთებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო, შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა ლ. მ-ის სარჩელი მოცემული დავის სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს გაწეული ხარჯებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. მ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დანაშაულებრივად არ არის შეფასებული და გაანალიზებული. როგორც მოსარჩელე, იგი საქმეში არ არსებობს. არ არის მსჯელობა 1978წ. კონსტიტუციის, 1964წ. სკ-ის და 1983წ. საბინაო კოდექსის ნორმების უგულვებელყოფაზე, მაშინ, როცა ამას ახალი სკ-ის 1507-ე მუხლი პირდაპირ ავალდებულებს სასამართლოს, 1997 წლამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე სწორედ ამ ნორმებით ეხელმძღვანელა.

კასატორის აზრით, საკოორდინაციო ბიუროს 1990წ. მარტის ოქმი არის განკარგულება და არა გარიგება, რომლის გამოცემის შემდეგაც უნდა მომხდარიყო მასა და რაიაღმასკომს შორის მოლაპარაკება კომუნალური ბინის ჩაბარების შესახებ, მაგრამ ასეთი მოლაპარაკება და გარიგება არ მომხდარა. სხვა შემთხვევაში, ოქმში მითითებული უნდა ყოფილიყო კანონი, რომლითაც კომუნალური ბინის ჩაბარება დაევალებოდა. ასეთი კანონქვემდებარე აქტი არ არსებობს. მისი არსებობის შემთხვევაში კი იგი მოპასუხე მხარეს უნდა წარმოედგინა, მაგრამ ასეთი კანონის არარსებობის გამო, ოქმის მოთხოვნა ბინის ჩაბარებაზე უკანონოა და ბათილია გამოცემისთანავე.

კასატორი მიუთითებს, რომ 1990წ. მარტში დაწერა განცხადება იმის შესახებ, რომ საჭირო იყო ბინის მფლობელის სამივე წევრის ერთობლივი გადაწყვეტილება. ოჯახის ერთი წევრი ზ. მ-ი ნამდვილ ვადიან სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა, იგი დემობილიზებულ იქნა 1990წ. 17 ოქტომბერს და მას საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის შესაბამისად, ბინით სარგებლობის უფლება ვადიანი სამხედრო სამსახურის გავლის მთელი დროის მანძილზე ენახებოდა. აღნიშნული განცხადება საქმიდან გაქრა. 1990წ. 3 ოქტომბერს გატეხეს მათი ბინა, აღწერეს შიგნით არსებული მისი ვაჟის ქონება და გამოყარეს გარეთ. ჯარში წასვლამდე კი მისი ვაჟი ამ ბინაში ცხოვრობდა.

კასატორი აღნიშნავს, რომ რაიაღმასკომი ისე შეიჭრა მათ კომუნალურ ბინაში, რომ სასამართლოში საქმე არ აღუძრავს. მათგან კი ბინის ჩაბარების შესახებ არც ზეპირი და არც წერილობითი თანხმობა არ ჰქონია. ასეთი საქციელით მათ ფეხქვეშ გათელეს საქართველოს სსრ კონსტიტუციის 53-ე და 55-ე მუხლების, საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის მე-12, 58-ე, 62-ე, 69-ე, 99-ე და მე-100 მუხლებისა და საქართველოს სსრ სკ-ის 44-ე და 119-ე მუხლების მოთხოვნები, ანუ, ფაქტობრივად, სახელმწიფო ორგანოს მიერ მათ ბინაზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა და ძალადობის გზით ბინის წართმევა. ამ ქმედებით სახელმწიფომ წაართვა პირადი საკუთრება ბინის კაპიტალურად შეკეთებაში ჩადებული ხარჯების სახით, ეს რემონტი კი მისი ოჯახის ფულადი დანაზოგით იყო გაკეთებული.

კასატორის აზრით, რადგან მას სახელმწიფომ საკუთრება უხეში ძალის გამოყენების გზით წაართვა, საქართველოს სსრ სკ-ის მე-4 მუხლით წარმოეშვა ვალდებულება მისდამი მიყენებული ზარალის ანაზღაურებისა, რაც შეადგენდა ბინაში ჩატარებული სარემონტო ხარჯების სახით _ 11750 ლარს, ანუ 9112 აშშ დოლარს, მუშახელის კვების ხარჯის სახით _ 260 აშშ დოლარს, საქმის განხილვასთან დაკავშირებით მიმოსვლის ხარჯის სახით _ 856 აშშ დოლარს, მიუღებელი შემოსავლების სახით _ 9112 აშშ დოლარის ყოველთვიური 15%-ის გაანგარიშებით 1996 წლიდან _ 45000 აშშ დოლარს, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურებისა _ 10000 აშშ დოლარის ოდენობით.

კასატორის განმარტებით, რაიაღმასკომის, იგივე საკოორდინაციო ბიუროს, თავმჯდომარეს ევალებოდა, მისი ოჯახისათვის გაეწია მატერიალური დახმარება. სახლის საყიდლად დახმარების სახით მხოლოდ 7 000 მანეთი გამოუყვეს. მაშინ, როცა ბევრს 86-ე ანგარიშიდან მთლიანად გადაუხადეს სახლის საფასური, 100 000 მანეთიც კი. მათ მიმართ ეს იყო ვითომ დახმარება, სამაგიეროდ წაართვეს კომუნალური ბინა, რომლის კაპიტალური რემონტი, სპეციალისტების მიერ არაერთგზის შეფასებით, 25 000 მანეთს შეადგენდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ სადავო ოროთახიანი ბინის თაობაზე, მდებარე ბოლნისში, ..., ბოლნისის რაიონის სასამართლოს მიერ 1990წ. 18 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც კასატორის შვილს _ ზ. მ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, აღნიშნული ბინიდან ლ. ა-ის გამოსახლებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ უკანასკნელს კასატორისთვის ბოლნისის რაიონის აღმასკომის მიერ კერძო საცხოვრებელი სახლის შეძენის შემდეგ გადაეცა. მითითებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991წ. 25 ივნისის განჩინებითა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1992წ. 20 მარტის დადგენილებით და ამჟამად კანონიერ ძალაშია შესული. ამდენად, როდესაც უკვე დადგენილია სადავო ბინის ლ. ა-ისთვის გადაცემის კანონიერება და არსებობს აღნიშნულ საკითხზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გადაწყვეტილ საკითხებზე ხელმეორედ იმსჯელოს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარს აღნიშნული ბინის ჩამორთმევასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ბოლნისის რაიონის სტიქიით დაზარალებულთა, მრავალშვილიან და ხელმოკლე ოჯახთა დახმარების საკოორდინაციო ბიუროს 1990წ. 1 მარტის ¹42 ოქმის გამოცემის შემდგომ უნდა შემდგარიყო მოლაპარაკება მასა და რაიაღმასკომს შორის ბინის ჩაბარება-არჩაბარების შესახებ და რომ აღნიშნული არ მომხდარა და ამიტომ ეს ოქმი ბათილად უნდა იყოს ცნობილი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მისთვის გამოყოფილი ბინის ჩაბარების თაობაზე პირადი საკუთრების უფლებით საცხოვრებელი სახლის შესყიდვის სანაცვლოდ თავად ლ. მ-მა მიმართა ბოლნისის კომუნალური მეურნეობის განყოფილებას. საკოორდინაციო ბიუროს 1990წ. 1 მარტის ¹42 ოქმით, ფაქტობრივად, დაკმაყოფილდა კასატორის მოთხოვნა და მას გაუფორმდა მოქალაქე ა. ზ-ის პირადი საკუთრების, 65000 მანეთად შესყიდული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ბოლნისში, ..., ხოლო გამოყოფილი ოროთახიანი ბინა ბოლნისის რაისაბჭოს აღმასკომის 1990წ. 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით გადაეცა ლ. ა-ს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საკორდინაციო ბიუროს ¹42 ოქმით დადგინდა ურთიერთვალდებულებები, კერძოდ, ლ. მ-ს გაუფორმდებოდა ა. ზ-ის 65000 მანეთად ღირებული საცხოვრებელი სახლი, რისთვისაც გამოეყოფოდა გრძელვადიანი სესხი 20000 მანეთის ოდენობით, გადაეცემოდა დახმარების სახით 7000 მანეთი, დანარჩენი 38000 მანეთი კასატორს უნდა დაეფარა და ამავე დროს ჩაებარებინა გამოყოფილი 2 _ ოთახიანი ბინა. გაურკვეველია, თუ რაზე აფუძნებს კასატორი თავის პრეტენზიას, რომ მას ბინის ჩაბარება არ ევალებოდა. კასატორი არ უთითებს რაიმე სამართლებრივ საფუძველზე, თუ რატომ იყო ვალდებული ბოლნისის რაიაღმასკომი, შეეძინა მისთვის ა. ზ-ის 65000 მანეთად ღირებული საცხოვრებელი სახლი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მას არ სურდა ოროთახიანი ბინის ჩაბარება სანაცვლოდ, შეეძლო უარი განეცხადებინა ა. ზ-ის სახლის შესყიდვაზე, რაც მას არ გაუკეთებია. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ბოლნისის რაიონის სტიქიით დაზარალებულთა, მრავალშვილიან და ხელმოკლე ოჯახთა დახმარების საკოორდინაციო ბიუროს 1990წ. 1 მარტის ¹49 ოქმი არ გასაჩივრებულა და იგი ამჟამად კანონიერ ძალაშია შესული.

საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ბოლნისის რაიაღმასკომმა ლ. მ-ისთვის ა. ზ-ის საცხოვრებელი ბინის შესყიდვით ჯეროვნად შეასრულა თავისი ვალდებულება და აღნიშნული ოქმის საფუძველზე მას რაიმე დამატებითი ვალდებულება, მათ შორის ლ. მ-ის მიერ ბინის შეკეთებისთვის გაწეული სარემონტო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ აუღია, ანუ ლ. მ-სა და ბოლნისის რაიაღმასკომს შორის არ არსებობდა ისეთი ვალდებულებით _ სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მოსარჩელის მიერ სახლის რემონტზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. შესაბამისად, არ არსებობდა რა ასეთი სახის ვალდებულება მოპასუხის მხრიდან, არ შეიძლება მას დაეკისროს ამ დავაზე სასამართლო ხარჯების ანაზღაურება და მორალური ზიანისთვის მოთხოვნილი თანხების გადახდა.

საკასაციო პალატა ასევე განუმარტავს კასატორს, რომ მან ყოფილი ბოლნისის რაიაღმასკომის თანამდებობის პირების მხრიდან, მისი აზრით, მის მიმართ განხორციელებულ არამართლზომიერი ქმედებების თაობაზე, განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოებს, ვინაიდან სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა კასატორის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე თვლის, რომ იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 აპრილის გადაწყვეტილება;

3. კასატორი ლ. მ-ი მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.