Facebook Twitter

№ას-519-492-2014 22 სექტემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ. ფ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ს. კ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. კ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში გ. ფ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან თბილისში ი-ის ქუჩა 6_ში (საკადასტრო კოდი ......) და 6_ში (საკადასტრო კოდი ......) მდებარე უძრავი ნივთების გამოთხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. კ-ის სარჩელი გ. ფ-ის მიმართ უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება ს. კ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებით ს. კ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

2014 წლის 25 მარტს მოწინააღმდეგე მხარემ, გ. ფ-მა შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მხარე სადავოდ ხდიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების N3.25 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აპრილის განჩინებით გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარეს 2014 წლის 11 მარტს გაეგზავნა და 2014 წლის 13 მარტს ჩაბარდა. შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა 2014 წლის 14 მარტიდან დაიწყო და, დასვენების დღის გათვალისწინებით, 2014 წლის 24 მარტს ამოიწურა. მოწინააღმდეგე მხარემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი 2014 წლის 25 მარტს, ანუ შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონმდებლობით დადგენილი 10-დღიანი ვადის დარღვევით წარადგინა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება გ. ფ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევითაა შეტანილი. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 2014 წლის 14 მარტიდან დაიწყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ გ. ფ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შეგებებული სააპელაციო საჩივრის სამართლებრივ ბუნებაზე, კერძოდ, შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიმართულია ძირითადი სააპელაციო საჩივრის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში ასაჩივრებს, რომელიც მის საწინააღმდეგოდ და ძირითადი სააპელაციო საჩივრის ავტორის სასარგებლოდაა მიღებული, შესაბამისად, მოპასუხის მიერ შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოცემულ შემთხვევაში კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გ. ფ-ის მიერ შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანას გამორიცხავს.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივრის მიხედვით, გ. ფ-ი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვს, ანუ, იმავე შედეგის დადგომას, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით განისაზღვრა. მხარე სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების N3.25 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, ანუ, რეალურად, მოპასუხე გადაწყვეტილების სამოტივაციო და არა სარეზოლუციო ნაწილს ასაჩივრებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). ამდენად, პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია (იხ. სუსგ ას-710-1011-09), შესაბამისად, ისეთ შემთხვევაში, როდესაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხის ინტერესია დაკმაყოფილებული, ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია, მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელს სრულად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან, მხარეს, ობიექტურად, არ გააჩნია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლის იურიდიული ინტერესი.

ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ფ-ის საჩივარი არ არის შეგებებული სააპელაციო საჩივარი და სააპელაციო საჩივრის შეტანა ამ შემთხვევაში არ დაიშვებოდა, ამდენად, თუნდაც დაცული ყოფილიყო შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადა, სააპელაციო სასამართლოს იგი მაინც განუხილველად უნდა დაეტოვებინა. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების წამოჭრა შესაძლებელი იყო სააპელაციო შესაგებლის ფარგლებში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია, სააპელაციო სასამართლომ გ. ფ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არასწორი საფუძვლით დატოვა განუხილველად, მაგრამ საკითხი არსებითად სწორად გადაწყვიტა, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ძალაში უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

თ. თოდრია