№ას-600-568-2014 15 სექტემბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ. გ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ჩ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – უფლებამონაცვლის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ჩ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში გ. გ-ისა და მ. გ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა გ. გ-ის (მამის) სავარაუდო უფლებამონაცვლეებისათვის - გ. გ-ისა და მ. გ-ისათვის სესხის თანხის 12 000 ლარის გადახდის დაკისრება და, სესხის ამოღების მიზნით, იპოთეკით დატვირთული ქონების - ბაღდათის რიონის სოფ. დ-ში მდებარე 1189,9 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე მდებარე 220 კვ.მ საცხოვრებელი სახლის აუქციონზე რეალიზაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქმეში სათანადო მოპასუხედ ნ. ზ-ე ჩაება.
იმავე სასამართლოს 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ზ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 12 000 ლარის გადახდა, დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების - ბაღდათის რიონის სოფ. დ-ში მდებარე 1189,9 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე მდებარე 220 კვ.მ საცხოვრებელი სახლის აუქციონზე რეალიზაცია.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ზ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით, აპელანტ ნ. ზ-ის გარდაცვალების გამო, შეჩერდა საქმის წარმოება მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.
2013 წლის 6 აგვისტოს მოსარჩელემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს აცნობა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ცნობით, ნ. ზ-ის სამკვიდროს შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, რაც ნიშნავს, რომ კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდრო არავის მიუღია. ამ გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხოვა საქმეში მოპასუხის უფლებამონაცვლედ სახელმწიფოს ჩაბმა.
2013 წლის 24 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნ. ზ-ის ოჯახის წევრებს, სავარაუდო უფლებამონაცვლეებს აცნობა 2012 წლის 5 აპრილის განჩინება და მოსთხოვა 5 დღის ვადაში ეცნობებინათ, მიღებული ჰქონდათ თუ არა სამკვიდრო და გააჩნდათ თუ არა სააპელაციო საჩივრის განხილვის ინტერესი.
2013 წლის 30 დეკემბერს გ. გ-მ სააპელაციო სასამართლოს აცნობა, რომ გააჩნდა საქმის განხილვაში ჩაბმის ინტერესი, სამკვიდრო მოწმობა კი, მიღებული არ ჰქონდა.
2014 წლის 21 მარტს მ. გ-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს აცნობა, რომ მას, როგორც ნ. ზ-ის შვილს, ბაღდათის რაიონის არქივში შეტანილი ჰქონდა განცხადება ნ. ზ-ის გვარის ჩანაწერის შესწორების შესახებ. ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ კი, აპირებდა ნოტარიუსისათვის მიმართვას სამკვიდროს მიღების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 აპრილის განჩინებით საქმეში ნ. ზ-ის უფლებამონაცვლედ ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ნ. ზ-ის კანონისმიერ მემკვიდრეებს ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების თაობაზე კი, არ მიუთითებენ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. გ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, მან სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო, რის შესახებაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინებით აცნობა და განმარტა, რომ ჰქონდა საქმის განხილვაში ჩაბმის ინტერესი. მან ასევე განმარტა, რომ სამკვიდრო მოწმობა არ ჰქონდა აღებული და უახლოეს მომავალში წარუდგენდა სასამართლოს. კერძო საჩივარს ერთვის 2014 წლის 23 მაისის ცნობა იმის თაობაზე, რომ გ. გ-მ და მ. გ-მ მიმართეს ნოტარიუსს მათი მამის, აწ გარდაცვლილი გ. გ-ის უძრავ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ გ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სადავო საკითხის მომწესრიგებელი საპროცესო ნორმები და არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას 279-ე მუხლის შესაბამისად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით, აპელანტ ნ. ზ-ის გარდაცვალების გამო, შეჩერდა საქმის წარმოება მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ მუხლის შესაბამისად, მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში, მოსარჩელის ვალდებულებაა მისი უფლებამონაცვლე დაასახელოს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დამკვიდრებული დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მოსარჩელის გადასაწყვეტია, ვის მიმართ აღძრას სარჩელი, აგრეთვე, თავდაპირველი მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში, მანვე უნდა აირჩიოს, მიიჩნიოს თუ არა თავის სასარჩელო მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირად გარდაცვლილი მოპასუხის უფლებამონაცვლეები და, შესაბამისად, თავადაა ამ არჩევანთან დაკავშირებული სამართლებრივ შედეგების რისკის მატარებელი. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე ამ ვალდებულებას არ ასრულებს და არ ასახელებს მოპასუხის უფლებამონაცვლეს საქმის წარმოების შეჩერების ვადის ამოწურვამდე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლით განსაზღვრულია, ვინ შეიძლება ჩაებას მოპასუხის უფლებამონაცვლედ - პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე, ანუ პირი, რომელსაც, მასზე მოპასუხის ქონებაზე საკუთრების უფლების გადასვლის ან სხვა სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეიძლება, დაეკისროს შესაბამისი ქმედების განხორციელების ან ქმედებისაგან თავის შეკავების ვალდებულება.
2013 წლის 6 აგვისტოს მოსარჩელემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს შეატყობინა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ცნობით, ნ. ზ-ის სამკვიდროს შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, რაც ნიშნავს, რომ კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდრო არავის მიუღია. ამ გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელემ საქმეში მოპასუხის უფლებამონაცვლედ სახელმწიფოს ჩაბმა მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, გათვალისწინებულია სამკვიდროს მიღების ორი ფორმა - სანოტარო ორგანოში განაცხადის შეტანა და ფაქტობრივად დაუფლება, ამასთან ორივე ფორმა თანაბარი იურიდიული მნიშვნელობისაა და ერთნაირ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს, შესაბამისად, მხოლოდ ის ინფორმაცია, მიმართა თუ არა ვინმემ ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, ამომწურავი ვერ იქნება. ისეთ პირობებში, როცა მოსარჩელეს ობიექტურად შეიძლება მოეთხოვოს იმის ცოდნა, დარჩა თუ არა მამკვიდრებელს კანონისმიერი ან ანდერძით მემკვიდრეები, მხოლოდ ნოტარიუსთა პალატის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის წარდგენა მას არ ათავისუფლებს ამ პირების უფლებამონაცვლეებად დასახელების ვალდებულებისაგან, თუ რა თქმა, მათ წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნის დაყენებას მიზანშეწონილად მიიჩნევს, რის შესახებაც სასამართლოს უნდა აცნობოს.
განსახილველ შემთხვევაში, ზ. ჩ-ისათვის ცნობილი იყო ნ. ზ-ის ორი პირველი რიგის მემკვიდრის არსებობის თაობაზე, ვინაიდან გ. და მ. გ-ები პირველი ინსტანციის სასამართლოში თავდაპირველად თავად დაასახელა მოპასუხეებად, მაგრამ ნ. ზ-ის გარდაცვალების შემდეგ, ისინი სავარაუდო უფლებამონაცვლეებად არ დაუსახელებია, სასამართლომ კი, ეს გარემოება არ შეაფასა. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მათი არსებობის შესახებ სასამართლოსათვისაც იყო ცნობილი, მაგრამ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნ. ზ-ის ოჯახის წევრებს, სავარაუდო უფლებამონაცვლეებს, მხოლოდ 2013 წლის 24 დეკემბერს აცნობა და მოსთხოვა 5 დღის ვადაში ეცნობებინათ, მიღებული ჰქონდათ თუ არა სამკვიდრო და გააჩნდათ თუ არა სააპელაციო საჩივრის განხილვის ინტერესი. ამ განჩინების პასუხად, 2013 წლის 30 დეკემბერს გ. გ-მ სააპელაციო სასამართლოს აცნობა, რომ გააჩნდა საქმის განხილვაში ჩაბმის ინტერესი, სამკვიდრო მოწმობა კი, მიღებული არ ჰქონდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს განმარტება არ გამორიცხავს სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლებას, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უფლებამონაცვლედ ჩაბმისა და საქმის წარმოების განახლების საკითხი, შესაძლებელია, გადაწყდეს როგორც ზეპირი მოსმენით, ისე მის გარეშე, ფორმას ირჩევს სასამართლო მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. სასამართლო სხდომის ჩატარების შემთხვევაში, სასამართლოს შესაძლებლობა გააჩნია, დააზუსტოს მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ან საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესთავაზოს დამატებითი მტკიცებულების წარდგენა. სააპელაციო სასამართლომ ამგვარი შესაძლებლობა მხედველობაში უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო აქვე ხაზს უსვამს, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნ. ზ-ის ოჯახის წევრებს 2013 წლის 24 დეკემბერს აცნობა, 2014 წლის 16 აპრილის განჩინებით კი, საქმეში ნ. ზ-ის უფლებამონაცვლედ ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში, საქმის წარმოება შეჩერდება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მოსარჩელის მოთხოვნით დაიშვება ამ ვადის გაგრძელება ერთჯერადად არაუმეტეს 6 თვით. კანონმდებელი ამ შემთხვევაში გონივრულ ვადას ადგენს, რომელიც საკმარისია პირისათვის, თუ ის უფლებამონაცვლედ ჩაბმას გეგმავს, რომ, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ ინფორმაციის მირების შემდეგ, სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული სამართლებრივ-ორგანიზაციული საკითხები მოაგვაროს. ამ ვადის უსაფუძვლოდ შემოკლება მხარის საზიანოდ, დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში, ნ. ზ-ის უფლებამონაცვლეებს 2013 წლის 24 დეკემბრამდე ზ. ჩ-ის სარჩელის განხილვისა და საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. შეტყობინების მიღების შემდეგ, მათ გამოხატეს საქმეში ჩაბმის ნება. სასამართლოს არ დაუზუსტებია, ჰქონდა თუ არა, კერძო საჩივრის ავტორს სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიღებული, ამასთან, საქმის განმხილველი შემადგენლობისათვის ცნობილი იყო, რომ ნ. ზ-ის მემკვიდრეები გარკვეულ მოქმედებებს ახორციელებდნენ გარდაცვლილი მოპასუხის სამკვიდროზე მოწმობის მისაღებად. შეტყობინების მიღებიდან 4 თვის გასვლამდე, სააპელაციო სასამართლომ საქმეში უფლებამონაცვლედ სახელმწიფოს ჩაბმა გადაწყვიტა, რაც, მოცემულ შემთხვევაში, გაუმართლებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ნ. ზ-ის უფლებამონაცვლის ჩაბმის საკითხის გადასაწყვეტად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 აპრილის განჩინება და საქმე ნ. ზ-ის უფლებამონაცვლის ჩაბმის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე