ბს-721-308(კ-05) 17 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 15 ოქტომბერს ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. პ-ემ მოპასუხე კონტროლის პალატის მიმართ და მოითხოვა საქართველოს კონტროლის პალატის 2004წ. 2 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2004წ. 2 აგვისტოს აჭარის ა/რ კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ყველა თანამშრომელს მოსთხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა, იმ მოტივით, თითქოსდა სისტემაში ხორციელდებოდა რეორგანიზაცია და თანამშრომელთაგან განცხადების დაწერა აუცილებელი იყო. მას განუცხადეს, რომ განცხადების დაწერა არ იქნებოდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი და კონკურსის შედეგების მიხედვით გააგრძელებდა საქმიანობას.
მ. პ-ის განმარტებით, მან დაწერა განცხადება და 2004წ. 19 აგვისტომდე აგრძელებდა საქმიანობას, სანამ მისთვის ცნობილი არ გახდა სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე. სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება მას სახლში მიუვიდა საფოსტო გზავნილით. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო პირადი განცხადებაზე, რაც, მოსარჩელის აზრით, არასწორი იყო, რადგან მას განცხადება მოტყუებით დააწერინეს. განცხადების მოტივად მითითებული კონკურსი კი არ ჩატარებულა.
მოსარჩელის განცხადებით ბრძანება დათარიღებული იყო 2004წ. 9 აგვისტოთი და გათავისუფლების თარიღად მითითებული იყო 2 აგვისტო, ხოლო იგი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 2004წ. 19 აგვისტომდე, გათავისუფლების ბრძანების მიღებამდე კი ყოველდღიურად ცხადდებოდა სამსახურში. მ. პ-ის განცხადებით იგი მივლინებულიც კი იყო ერთ-ერთ ობიექტზე რევიზიის ჩასატარებლად.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კონტროლის პალატის 2004წ. 9 აგვისტოს ¹გან-18 ბრძანება მ. პ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; მ. პ-ე აღდგენილ იქნა აჭარის ა/რ კონტროლის პალატის ბიუჯეტის, პრივატიზაციის კონტროლისა და ანალიზის სამმართველოს წამყვან-კონტროლიორის თანამდებობაზე; კონტროლის პალატას მ. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან; გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყონებლივ აღსასრულებლად. რწმუნებულის მომსახურეობის ხარჯების ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კონტროლის პალატამ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აპელანტი აღნიშნავდა, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 95-ე მუხლის თანახმად, პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნულ ბრძანებას მ. პ-ე გაეცნო 2004წ. 21 აგვისტოს და სასამართლოს მიერ ამ ბრძანების არგაზიარება იმ მოტივით, თითქოს დარღვეულ იყო ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 59-ე მუხლების მოთხოვნები, აპელანტის აზრით არასწორი იყო, რადგან აღნიშნული ბრძანება შეიცავდა ყველა იმ რეკვიზიტებს, რასაც აღნიშნული მუხლები ადგენს.
აპელანტის აზრით, რაიონულმა სასამართლომ ასევე არასწორად არ გაიზიარა კონტროლის პალატის მტკიცება სარჩელის ხანდაზმულობის ვადის 2004წ. 21 აგვისტოდან ათვლის შესახებ, რადგან სასამართლომ მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული აქტის გაცნობა არ მიიჩნია მის ჩაბარებად, “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 127-ე მუხლი კი არ ითვალისწინებს ბრძანების ჩაბარების აუცილებლობას და საკმარისია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობა.
აპელანტის განცხადებით რაიონული სასამართლოს მხრიდან ასევე არასწორი იყო სადავო ბრძანების ადმინისტრაციული აქტად მიჩნევა და მასზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით გათვალისწინებული ნორმების გავრცელება, რადგან აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავით განსახილველ ადმინისტრაციულ გარიგებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სასამართლო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004წ. 9 აგვისტოს ¹გან _ 18 ბრძანება მ. პ-ეს ჩაბარდა საფოსტო გზავნილის მეშვეობით 2004წ. 15 სექტემბერს, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილი იყო 2004წ. 15 ოქტომბერს და შესაბამისად, მ. პ-ის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა დარღვეული არ ყოფილა.
სააპელციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი რაიმე დამადასტურებელი იმისა, რომ განცხადება კონტროის პალატის სტრუქტურულ რეორანიზაციასთან დაკავსირებით თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე მან დაწერა იძულებითა და მოტყუებით. სააპელციო პალატის სხდომაზე მოსარჩელემ უარყო იძულების ფაქტი და ვერ დაადასტურა მის მიმართ მოტყუების ფაქტების არსებობა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით დადასტურებული იყო, რომ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004წ. 9 აგვისტოს ¹გან _ 18 ბრძანების ორიგინალით თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა ლ. და არა მ. პ-ე საკუთარი განცხადების საფუძველზე 2004წ. 2 აგვისტოს “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო სადავო ბრძანებაში “ლ-ის" კალმით გადახაზვა და ზემოდან მინაწერი “მ-ის" გაკეთება არ შეიძლებოდა სასამართლოს მიერ განხილულიყო ბრძანებაში ცვლილების შეტანად და შესაბამისად, “ლ. პ-ის შესახებ" ბრძანების საფუძველზე მ. პ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება წარმოადგენდა კანონის უხეშ დარღვევას.
სააპელციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა მოსარჩელი გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის, გათავისუფლების დღიდან იძულებითი განცდურის ანაზღაურებისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე, 127-ე მუხლების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ განსახილველი სამართალურთოერთობა გამომდინარეობდა ადმინისტრაციული გარიგებიდან და შესაბამისად, სასამართლოს უნდა ემსჯელა არა სადავო ბრძანების, როგორც ადმინისტრაციული აქტის, კანონიერებაზე, არამედ როგორც ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერებაზე. მიუხედავად ამისა, სასამართლო პალატამ აღნიშნული გარემოება არ ჩათვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად და როგორც არსებითად სწორი, უცვლელად დატოვა იგი.
საოლქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სადავო ბრძანებაში სახელის “მ-ის" ნაცვლად ,,ლ-ის” მითითება არ წარმოადგენდა არსებით დარღვევას, აქედან გამომდინარე, არც “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი იყო დარღვეული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორ კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანების საფუძველია “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 95-ე მუხლი, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე მ. პ-ის განცხადება კონტროლის პალატის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღნიშნული განცხადება მის მიერ დაწერილი იყო იძულებით და მოტყუებით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ასეთს ადგილი არ მომხდარა მ. პ-ის მიმართ, ანუ ფაქტობრივად სასამართლომ დაადასტურა მ. პ-ის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში საკასაციო პალატა სრულიად წინააღმდეგობრივად და დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის კანონიერების თაობაზე, როდესაც ამ უკანასკნელს საკუთარი ნება-სურვილით დაწერილი აქვს განცხადება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ.
საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ ფაქტობრივად გაასაჩივრა მისთვის ფოსტით გაგზავნილი ბრძანება, რომლითაც მ. პ-ე იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან. სააპელაციო სასამართლომ სწორედ ამ ასლის მოსარჩელის მიერ მიღების მომენტიდან აითვალა ხანდაზმულობის ვადა და მიიჩნია, რომ არ იყო დარღვეული კანონმდებლობით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის ერთთვიანი ვადა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არსებითად უნდა ემსჯელა სწორედ მ. პ-ისათვის ჩაბარებული ბრძანების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე, მით უმეტეს, რომ სააპელაციო სასამართლო ბრძანებაზე, როგორც ადმინისტრაციულ გარიგებაზე, მსჯელობს ასეთ შემთხვევაში სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლად მხოლოდ ამ ბრძანებაში სახელის შეცდომით მითითებასა და შემდგომში მის გასწორებას მოითხოვს, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. სააპელაციო პალატის მოსაზრება ამ შემთხვევაშიც დაუსაბუთებელია, რადგან სააპელაციო სასამართლო არ მიუთითებს სადავო ბრძანებაში, როგორც ადმინისტრაციულ გარიგებაში, ცვლილებების შეტანა ცალკე სათანადო აქტით რომელი ნორმით არის დადგენილი.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, შესაბამისად უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 მარტის განჩინება და საქმე აღნიშნული მითითებით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.