Facebook Twitter

№ას-766-733-2014 22 სექტემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ლ. ს. ს-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ. ბ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – საბანკო გარანტიებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ლ. ს. ს-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „თ. ბ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის საბანკო გარანტიების გადახდის დაკისრება, ასევე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო ზიანის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ლ. ს. ს-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „თ. ბ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების 1708276,9 ლარის, ასევე, ერთჯერადად, 2014 წლის 18 მარტის მდგომარეობით, 21353,6 ლარისა და 2014 წლის 18 მარტიდან ვალდებულების შესრულებამდე ძირითადი ვალის წლიური 3%-ის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სს „თ. ბ-მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

შპს „ლ. ს. ს-მა“ შესაგებელთან ერთად შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2014 წლის 18 ივნისს, შესაგებლის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ძალითაც გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით შპს „ლ. ს. ს-ის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინებით შპს „ლ. ს. ს-ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს „ლ. ს. ს-ს“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივნისის განჩინება, სს „თ. ბ-ის“ საჩივარი და სასამართლო უწყება მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და 04.06.2014 წელს ჩაბარდა თანამშრომელ გ. კ-ს. შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა 05.06.2014 წლიდან დაიწყო და 16.06.2014 წელს ამოიწურა. საჩივარი კი, ამ ვადის დარღვევით 17.06.2014 წელსაა შეტანილი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ლ. ს. ს-მა“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, გ. კ-ი არ არის შპს „ლ. ს. ს-ის“ თანამშრომელი და გზავნილის ჩამბარებელმა საერთოდ არ გაარკვია, ვის გადასცა კორესპონდენცია. გ. კ-ი სსიპ დაცვის პოლიციის თანამშრომელია და მის მოვალეობებში შედის მხოლოდ სს „საპარტნიორო ფონდის“ შენობის დაცვა, დაცვის პოლიციასა და ამ უკანასკნელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად, გ. კ-ი შპს „ლ. ს. ს-ის“ სახელით გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილი პირი არ იყო. მხარეს გზავნილი 2014 წლის 12 ივნისს ჩაბარდა და 5 დღის ვადაში შეტანილ იქნა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს „ლ. ს. ს-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი და არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს „ლ. ს. ს-ისათვის“ გაგზავნილი განჩინება, სააპელაციო საჩივარი და უწყება 04.06.2014 წელს ჩაბარდა გ. კ-ს, რომელმაც უკუგზავნილზე როგორც თანამშრომელმა მოაწერა ხელი. შეგებებული სააპელაციო საჩივრითა და გ. კ-ის განცხადებით ირკვეოდა, რომ ეს უკანასკნელი არის სსიპ დაცვის პოლიციის თანამშრომელი, შპს „ლ. ს. ც-ი“ არ იყო მისი დამსაქმებელი და გზავნილი 2014 წლის 12 ივნისს გადაეცა სხვა პირის მეშვეობით. სააპელაციო სასამართლომ კი, ამ გარემოებებზე არ იმსჯელა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ორგანიზაციისათვის გაგზავნილი კორესპონდენცია უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ანალოგიური უფლებამოსილების მქონე სტრუქტურულ ერთეულს ან პირს და მხოლოდ მათი არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც გზავნილს ადრესატს გადასცემს, ამასთან, გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება, უნდა არსებობდეს შესაბამისი ჩანაწერი. მხოლოდ ამ შემთხვევაშია სასამართლო უფლებამოსილი, გზავნილი ჩაბარებულად მიიჩნიოს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან არ ირკვევა, რომ შპს „ლ. ს. ს-ის“ არ ჰყავს კანცელარია ან კორესპონდენციის მიღება-განაწილებაზე უფლებამოსილი პირი, რაც გზავნილის სხვა თანამშრომლისათვის ჩაბარებას გაამართლებდა, გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანცელარიის ან მსგავსი უფლებამოსილების მქონე პირის არყოფნისას გზავნილის მიმღებად ზემოაღნიშნული მუხლი ასახელებს „ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს“, შესაბამისად, ცალსახაა, რომ გზავნილის მიმღები ადრესატი ორგანიზაციის თანამშრომელი უნდა იყოს. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია გ. კ-ის ახსნა-განმარტება, სადაც ის მიუთითებს, რომ შპს „ლ. ს. ც-ი“ მისი დამსაქმებელი არ არის. საქმეში ასევეა წარმოდგენილი სს „საპარტნიორო ფონდსა“ და სსიპ დაცვის პოლიციას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რაც ნათლად ადასტურებს, რომ დაცვის პოლიციის მომსახურებით იმავე მისამართზე მდებარე სს „საპარტნიორო ფონდი“ სარგებლობს და არა შპს „ლ. ს. ს-ი.“ კერძო საჩივარს ასევე ერთვის სს „საპარტნიორო ფონდის“ წერილი საიდანაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ვ. ბ-ის ქ. N6-ში, სს „საპარტნიორო ფონდის“ კუთვნილ შენობაში, გარდა „საპარტნიორო ფონდისა“ და შპს „ლ. ს. ს-ისა“, რამდენიმე იურიდიული პირის ოფისი მდებარეობს.

საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ. კ-ი არ იყო უფლებამოსილი პირი შპს „ლ. ს. ს-სათვის“ გაგზავნილი კორესპონდეცნია ჩაებარებინა. ისიც აღსანიშნავია, რომ სს „თ. ბ-ის“ წარმომადგენლის მოსაზრებით, მართალია, გ. კ-ი არ არის შპს „ლ. ს. ს-ის“ თანამშრომელი, მაგრამ პირი, რომელიც ორგანიზაციას გზავნილს გადასცემს, არ არის სავალდებულო მისი თანამშრომელი იყოს, ამდენად, მოწინააღმდეგე მხარეც აღიარებს, რომ გ. კ-ი მოსარჩელის თანამშრომელი არ იყო. რაც შეეხება ზემოაღნიშნულ განმარტებას, საკასაციო სასამართლოს აზრით, ეს მტკიცება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან არ გამომდინარეობს. მოწინააღმდეგე მხარე ასევე მიუთითებს, რომ შპს „ლ. ს. ს-ი“ სს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი ორგანიზაციაა, თუმცა საქმეში შესაბამისი მტკიცებულება არ მოიპოვება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 04.06.2014 წლიდან კი არ უნდა აითვალოს, არამედ გზავნილის ადრესატისათვის გადაცემის მომენტიდან - 12.06.2014 წლიდან, საიდანაც შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადა გაშვებული არ არის, შესაბამისად, შპს „ლ. ს. ს-ის“ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ლ. ს. ს-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინება და საქმე შპს „ლ. ს. ს-ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე