№ა-2696-ბ-15-2014 22 სექტემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი – გ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ. ე-ა“
გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივლისის განჩინება
განცხადების ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით გ. დ-ის სარჩელი მოპასუხე სს „კ. ე-ის“ მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის განჩინებით გ. დ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა გ დ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინებით გ. დ-ის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად.
2014 წლის 20 მარტს გ დ-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აპრილის განჩინებით გ. დ-ის განცხადება 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველად კანონით დადგენილი, განცხადების შეტანის ვადის დარღვევის გამო.
2014 წლის 24 აპრილს გ. დ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2014 წლის 8 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
საკასაციო აპალატის 2014 წლის 18 ივლისის განჩინებით გ. დ-ის განცხადება 2014 წლის 8 აპრილის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2014 წლის 11 აგვისტოს გ. დ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2014 წლის 18 ივლისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ გ. დ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო აღნიშნულ საქმეზე გ. დ-ის მიერ სასამართლოში სამომავლოდ შემოტანილი ყველა განცხადება თუ საჩივარი უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას და ამ მიზნით გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილებები ზემდგომ ინსტანციაში.
მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბარწილად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება (ბოროტად გამოყენება) პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაასრულოს მისი განხილვა. მოცემულ შემთხვევაში კი მხარის დაუსრულებელი განცხადებებით თუ საჩივრებით ამ შედეგის მიღწევა სცილდება სასამართლოს შესაძლებლობებს. შესაბამისად, ილახება მეორე მხარის ინტერესები.
ზემოაღნიშნულის გამო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც კი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე – იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ) დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას.
სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა გ. დ-მა სრულად ისარგებლა სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, კერძოდ, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ. დ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საკასაციო პალატის 2012 წლის 6 დეკემბრის განჩინებით გ. დ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინებით გ. დ-ის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად.
2014 წლის 20 მარტს გ. დ-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აპრილის განჩინებით გ. დ-ის განცხადება დარჩა განუხილველად კანონით დადგენილი განცხადების შეტანის ვადის დარღვევის გამო.
2014 წლის 24 აპრილს გ. დ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2014 წლის 8 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
საკასაციო აპალატის 2014 წლის 18 ივლისის განჩინებით გ. დ-ის განცხადება 2014 წლის 8 აპრილის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2014 წლის 11 აგვისტოს გ. დ-მა განცხადებით კვლავ მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2014 წლის 18 ივლისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იგივე საფუძვლებით.
გ. დ-ის ასეთი სახის მოქმედებები ემსახურება არა მართლმსაჯულების განხორციელების ამოცანას, არამედ იგი მიმართულია მისი მოწინააღმდეგე მხარისა და სასამართლო ორგანოების მიმართ აგრესიული დამოკიდებულების წარმოსაჩენად. ამასთან, სასამართლოსათვის მიმართული მისი განცხადებები შინაარსობრივად ერთგვაროვანია და თითოეული მათგანი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ დავის გაგრძელებისა და საქმის სასამართლოს წარმოებაში ყოფნის გახანგრძლივების მცდელობას. აღნიშნული კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სცილდება მართლმსაჯულების და მითუმეტეს, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ფარგლებს.
რაც შეეხება განსახილველ განცხადებას, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ზემოხსენებული ნორმები კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების საფუძველს, რომელზედაც გ.დ-ი უთითებს, არ იცნობს. მიუხედავად ამისა, განმცხადებელი ისევ იმ საფუძვლებით ითხოვს საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 18 ივლისის განჩინების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებას, რაც, როგორც აღინიშნა, ემსახურება საქმის გაჭიანურებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. დ-ი ბოროტად იყენებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, რადგან მისი განცხადებები და საჩივრები, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მიზნად არ ისახავს მხარის კანონიერი უფლების დაცვას და ლახავს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ გ.დ-ი აწარმოებს არა ერთ დავას სასამართლოში, სადაც ანალოგიურად მიმართავს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს საქმის წარმოების განახლების თაობაზე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილი და მართებულია გ.დ-ის მიმართ განსახილველ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით მინიჭებული უფლების შეზღუდვა. აღნიშნული კი იმაში გამოიხატება, რომ გ.დ-ის მიერ სასამართლოში მოცემულ დავაზე შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი) დარჩება რეაგირების გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე, მე-2 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. დ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივლისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად.
2. გ. დ-ის მიერ სასამართლოში შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი) სამოქალაქო საქმეზე – გ. დ-ის სარჩელის გამო სს „კ. ე-ის“ მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ დარჩეს რეაგირების გარეშე.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე