Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-1007-968-2014 16 ოქტომბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ჯ. ნ-ი, გ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ნ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ნ-ისა და გ. გ-ის სარჩელი მ. ნ-ის მიმართ ნაჩუქარი ნივთების დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მ. ნ-ის შეგებებული სარჩელი ჯ. ნ-ისა და გ. გ-ას მიმართ მზითვის დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ჯ. ნ-სა და გ. გ-ას დაევალათ დაუბრუნონ მ. ნ-ას 695 ლარის ღირებულების მოძრავი ნივთები. მ. ნ-ას დანარჩენი ნივთების დაბრუნებაზე ეთქვა უარი. მ. ნ-ას შეგებებული ჯ. ნ-ისა და გ. გ-ას მიმართ პირადი ნივთების დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ნ-ამ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო ჯ. ნ-მა და გ. გ-მა შეიტანეს შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ნ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებული ნაწილის შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. ნ-ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ჯ. ნ-სა და გ. გ-ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა საძინებელი გარნიტური (Diana – (საძინებელი) – საწოლი, კარადა, ტრუმო, ტუმბო (მარჯვენა, მარცხენა), Sonet – (საძინებელი) – კომოდი, მატრასი. ჯ. ნ-სა და გ. გ-ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა 200 ლარად ღირებული ხალი, 220 ლარად ღრებული დასაფარებელი პლედი, 100 ლარად ღირებული ფარდები, 75 ლარად ღირებული ელექტროღუმელი, 15 ლარად ღირებული უთო. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნივთები შესაბამისი თანხები გადახდათ მოპასუხეებს, ჯ. ნ-სა და გ. გ-ას, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული ქონება არ აღმოაჩნდებათ. ჯ. ნ-ისა და გ. გ-ას შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. ნ-მა, გ. გ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შეგებებული მათი სააპელაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ჯ. ნ-ისა და გ. გ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ჯ. ნ-ისა და გ. გ-ის წარმომადგენელ ს. კ-ას ჩაბარდა 2014 წლის 2 ოქტომბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ნ-ისა და გ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორების წარმომადგენელ ს. კ-ას ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2014 წლის 2 ოქტომბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.170). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 3 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 7 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. ნ-ისა და გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეიმურაზ თოდრია