Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-1078-1029-2014 13 ოქტომბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ზ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. კ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ქ.ქობულეთში, 9 ა-ის ქ. №46-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმსრულებლების – დ. ტ-ისა და ა. ხ-ის მიერ 2013 წლის 4 ნოემბრის აქტის (ქონების აღწრერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთების, კერძოდ, 1) ტელევიზორი „SAMSUNG“ (რუხი ფერის) – 1ც.; 2) ტყავის ოთხეულის კომპლექტი – 1ც.; 3) მისაღები ოთახის მაგიდა (ოვალური გასაშლელი) – 1ც.; 4) სკამი (ნაჭრის) – 6ც.; 5) ჟურნალის მაგიდა (მინის ზედაპირით) – 1ც.; 6) კომპიუტერის კომპლექტი – 1ც (ა. მონიტორი – „SAMSUNG“ (შავი ფერის), ბ. კეისი (შავი), გ. კლავიატურა („GENIUS“ შავი), დ. მაუსი (რუხი ფერის), ე. დინამიკი „GENIUS“ (გამაძლიერებლით)); 7) კომპიუტერის მაგიდა –1ც., 8) სამზარეულოს მაგიდა (მინის ზედაპირით) – 1ც.; 9) სკამი (მეტალის თეთრი ნაჭრის ზედაპირით) – 4ც.; 10) მაცივარი „BEKO“ (თეთრი ფერის) – 1ც.; 11) საძინებელი ოთახის კომპლექტი (1. ორადგილიანი საწოლი, 2. ტანსაცმლის კარადა ორგანყოფილებიანი, 3. სარკიანი კარადა, ე.წ. ტრილიაჟი –1ც., 4. კარადა – 1ც., 5. ტუმბო – 2ც.); 12) გამათმობელი (კონდიციონერი „BEKO“ – 1ც.; 13) სარეცხი მანქანა „BOSH“ – 1ც.; 14) ცეცხლსასროლი იარაღი „MAKAROV PM“ – იარაღის ნომერი მგ1719, აუქციონის წესით რეალიზაციის შეჩერების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. კ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ბ კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გათავისუფლდა ყადაღისაგან „მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 4 ნოემბრის აქტით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) ტელევიზორი „SAMSUNG“ (რუხი ფერის) – 1 ცალი; 2) ტყავის ოთხეულის კომპლექტი – 1 ცალი; 3) მისაღები ოთახის მაგიდა (ოვალური გასაშლელი) – 1 ცალი; 4) სკამი (ნაჭრის) – 6 ცალი; 5) ჟურნალის მაგიდა (მინის ზედაპირით) – 1 ცალი; 6) კომპიუტერის კომპლექტი, რომელშიც შედის: ა. მონიტორი – „SAMSUNG“ (შავი ფერის), ბ. კეისი (შავი), გ. კლავიატურა („GENIUS“ შავი), დ. მაუსი (რუხი ფერის), ე. დინამიკი „GENIUS“ (გამაძლიერებლით); 7) კომპიუტერის მაგიდა –1 ცალი, 8) სამზარეულოს მაგიდა (მინის ზედაპირით) – 1 ცალი; 9) სკამი (მეტალის თეთრი ნაჭრის ზედაპირით) – 4 ცალი; 10) მაცივარი „BEKO“ (თეთრი ფერის) – 1 ცალი; 11) საძინებელი ოთახის კომპლექტი, რომელშიც შედის ა. ორადგილიანი საწოლი, ბ. ტანსაცმლის კარადა ორგანყოფილებიანი, გ. სარკიანი კარადა, ე.წ. ტრილიაჟი – 1 ცალი; დ. კარადა – 1 ცალი, ე. ტუმბო – 2 ცალი; 12) გამათმობელი (კონდიციონერი „BEKO“ – 1 ცალი; 13) სარეცხი მანქანა „BOSH“ – 1 ცალი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა ზ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის სასამართლო სხდომის თაობაზე (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება) ცნობილი იყო კასატორის წარმომადგენელ ვ. მ-ისათვის (იხ. ხელწერილი, ტ.2, ს.ფ.143). ასეთ შემთხვევაში კასატორი ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყვნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართათ არა უგვიანეს 2014 წლის 28 აგვისტოსი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს განჩინების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ. კასატორის წარმომადგენელმა ვ. მ-მ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2014 წლის 1 სექტემბერს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2014 წლის 28 აგვისტოს და ამოიწურა 2014 წლის 17 სექტემბერს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2014 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი ზ. ბ-მ ფოსტას ჩააბარა 2014 წლის 19 სექტემბერს (ტ.2, ს.ფ.163-183) ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს და კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. ზ. ბ-ს (პირადი №.....) დაუბრუნდეს ვ. მ-ის მიერ 2014 წლის 18 სექტემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია