№ას-1106-1055-2014 27 ოქტომბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. გ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ. თ-ე (მოსარჩელე)
მოპასუხეები – გ. ბ-ი, ნ. გ-ა, თ. გ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ ფართზე საკუთრების უფლების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. თ-ის სარჩელი მოპასუხეების – გ. ბ-ის, ნ. გ-ას, თ. გ-ასა და გ. გ-ას მიმართ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ ფართზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. თ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. კ თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გ. ბ-ისათვის, გ. გ-ასათვის, ნ. გ-ასათვის და თ. გ-ასათვის 7750 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდის სანაცვლოდ კ. თ-ე ცნობილ იქნა მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის – ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირის №4-ში მდებარე 34,4 კვ.მ საერთო ფართის (მათ შორის, 12,32 კვ.მ №1 ოთახი, 16,97 კვ.მ №2 ოთახი და 5,11 კვ.მ №3 სამზარეულო) მესაკუთრედ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გ. გ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა გ. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (2012 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი რედაქცია).
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი კასატორმა ჩაიბარა 2014 წლის 12 სექტემბერს (ტ.2, ს.ფ.172), ხოლო საკასაციო საჩივარი გ. გ-ამ ფოსტას ჩააბარა 2014 წლის 13 ოქტომბერს (ტ.2, ს.ფ.175-183), ე.ი. გასაჩივრების 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 13 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 3 ოქტომბერს.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად თვლის განმარტოს შემდეგი: მართალია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2010 წლის 26 ნოემბერს მოქმედი რედაქციის შესაბამისად განემარტათ, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა შეადგენდა ერთ თვეს, თუმცა გ.გ-ას მიერ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების ჩაბარების დროისათვის _ 2014 წლის 12 სექტემბრისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლი მოქმედებდა ახალი რედაქციით, რომლითაც ახლებურად განისაზღვრა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გამოთვლის წესი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უფლებამოსილია საპროცესო მოქმედების სისწორის გარკვევის მიზნით იხელმძღვანელოს იმ ნორმით, რომელიც ამ მოქმედების განხორციელებისას მოქმედებდა. სასამართლოს აღნიშნული განმარტება გარდა კანონის მოთხოვნისა ასევე შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან სტაბილურ პრაქტიკას (იხ. სუსგ. №ას-ას-274-265-2012 20 თებერვალი 2012 წელი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 284-ე მუხლებით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია