Facebook Twitter

საქმე №ას-204-191-2014 8 ოქტომბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი მ. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ის მიმართ …. წლის … მარტს დაბადებული ლ. გ-ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:

მხარეები იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ შვილი – ლ. გ-ი.

ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოპასუხე ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას არ იღებს. იგი ინდივიდუალური მეწარმეა, გააჩნია ძვირადღირებული ქონება და სტაბილური შემოსავალი, ხოლო მოსარჩელე უმუშევარია.

მოპასუხემ სარჩელი ალიმენტის სახით ყოველთვიურად მხოლოდ 50 ლარის გადახდის ნაწილში ცნო და მიუთითა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიტანა სერიოზული ოპერაცია. აღნიშნულის გამო, იგი მეწარმეობას აღარ ეწევა და საჭიროებს ძვირადღირებულ მკურნალობას. ამასთან, მ.მ-ი არჩენს ასაკოვან მშობლებს, მეუღლეს და შვილს. შესაბამისად, მეტი თანხის ანაზღაურების შესაძლებლობა არ გააჩნია.

გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს არასრულწლოვანი ლ. გ-ის სარჩენად 2013 წლის 10 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე დაეკისრა ყოველთვიურად 80 ლარის ანაზღაურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ი. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს არასრულწლოვანი ლ. გ-ის სარჩენად 2013 წლის 10 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე დაეკისრა ყოველთვიურად 120 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ი. გ-სა და მ. მ-ს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი – …. წლის … მარტს დაბადებული ლ. გ-ი. უდავოა, რომ არასრულწლოვანი ლ. გ-ი იზრდება დედასთან, ი. გ-თან.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლის 1 ივლისს გაცემული №112167 წერილით დასტურდება, რომ მ. მ-ი, 2003 წლის 25 აგვისტოდან რეგისტრირებულია გორის საგადასახადო ინსპექციაში როგორც ინდივიდუალური მეწარმე.

მ. მ-ის მიერ წარმოდგენილ იქნა მის მიერ შემოსავლების სამსახურის სახელზე 2013 წლის 12 აგვისტოს შედგენილი განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი 2013 წლის 9 აგვისტოდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის საფუძველზე წყვეტდა ეკონომიკურ საქმიანობას, თუმცა საქმის მასალებით არ დგინდება, კონკრეტულად რა იურიდიული შედეგები მოჰყვა მ. მ-ის აღნიშნულ განცხადებას. რაიმე მტკიცებულება, რაც ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მიუთითებდა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2013 წლის 11 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მ. მ-მა განმარტა, რომ იგი ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ, ჰქონდა მობილური ტელეფონების მაღაზია, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღნიშნული საქმიანობა სხვას გადააბარა. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას მასზედ, რომ მ. მ-ი აღარ იღებს შემოსავალს სამეწარმეო საქმიანობიდან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.

გორის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ მ. მ-ს გააჩნია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ გარკვეული სახის სამუშაოების შესრულების შეუძლებლობა.

მ მ-ის განმარტებით დგინდება, რომ მას მინიჭებული არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა და სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ როგორც მოსარჩელეს, ასევე მოპასუხეს გააჩნდა სარჩელის შემოტანის დროისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალება.

მ. მ-ს ლ. გ-ის გარდა ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, …. წლის… მაისს დაბადებული რ. მ-ი და …. წლის … ნოემბერს დაბადებული ს. მ-ი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ მ. მ-ი არჩენს მეუღლეს და შვილს, ხოლო მოპასუხის მშობლები მის კმაყოფაზე არ იმყოფებიან. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის შემდგომ, .... წლის.... ნოემბერს, მოპასუხეს შეეძინა შვილი – ს. მ-ი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტი ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით არაგონივრულია, ვინაიდან ვერ უზრუნველყოფს ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ, მინიმალურ მოთხოვნებს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის 120 ლარით განსაზღვრა.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით, 1212-ე მუხლით და მიუთითა „ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაზე, რომლითაც აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. „ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის“ მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნასა და, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. კანონმდებლობით განსაზღვრულია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები და ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე.

მოცემულ შემთხევაში, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, პალატამ გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტი განისაზღვროს 120 ლარით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მ. მ-მა, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის 80 ლარით განსაზღვრა შემდეგი მოტივებით:

სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მ.მ-ი დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით. საქმეში წარმოდგენილია ინფორმაცია საგადასახადო ინსპექციიდან, რომ კასატორმა საქმიანობა შეწყვიტა. ასევე დაუსაბუთებელია და სინამდვილეს არ შეესაბამება პალატის მითითება, რომ მ.მ-ს ჰყავს ავტომანქანა და იგი არ არჩენს მეუღლეს, ორ შვილსა და მშობლებს, რომელთაც მუდმივად მკურნალობა ესაჭიროებათ.

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს მატერიალურ დახმარებას უწევენ მამა და ძმა. ი. გ-ი ხშირად მოგზაურობს საზღვარგარეთ, რაც ასევე მეტყველებს მის მატერიალურ მდგომარეობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინებით მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ მ. მ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 21 მარტს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ მ. მ-ს (პირადი №.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 21 მარტს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე