Facebook Twitter

საქმე №ას-279-261-2014 20 ოქტომბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. კ. ნ-ე (მოსარჩელე)

2. სს „ს. რ-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა: 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება სარჩოსა და მომვლელის ხარჯის მოთხოვნის ნაწილში; 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ნ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს. რ-ის“ მიმართ და მოითხოვა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით 2013 წლის 1 მაისიდან მოპასუხისათვის ყოველთვიური სარჩოს - 1250 ლარის, სარჩოს მიუღებელი სხვაობის - 17652 ლარის, „საპატიო რკინიგზელის“ დანამატის სამი წლის მიუღებელი ერთობლივი თანხის - 4850 ლარის, 2013 წლის 1 მაისიდან, ყოველთვიურად, ელმავლის მემანქანის ხელფასის „საპატიო რკინიგზელის“ დანამატის 20%-ის _ 250 ლარის, 2013 წლის 1 მაისიდან ყოველთვიურად, მომვლელის ხარჯების - 75 ლარისა და ბოლო სამი წლის მიუღებელი მომვლელის ხარჯის - 1538 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

კ.ნ-ე მუშაობდა სს „ს. რ-ში“ ხაშურის სალოკომოტივო დეპოს ელმავლის მემანქანედ, 1998 წლის 22 დეკემბერს მიიღო საწარმოო ტრავმა. მოსარჩელემ პროფესიული შრომის უნარი დაკარგა 100%-ით. ხაშურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა, სარჩოს ანაზღაურება, ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული, 2007 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, სს „ს. რ-ას“ ასევე დაეკისრა კ. ნ-ისათვის ყოველთვიურად დანამატის გადახდა ელმავლის მემანქანის ხელფასის 20%-ის ოდენობით.

მოსარჩელე, როგორც პირველი ჯგუფის ინვალიდი, საჭიროებს მომვლელს, რომლის ხარჯსაც მოპასუხე უხდიდა და შემდეგ უსაფუძვლოდ შეუწყვიტა. უკვე მრავალი წელია, რაც მოსარჩელე მოპასუხისაგან იღებს ყოველთვიურ სარჩოს, მაგრამ მოპასუხე არ ახორციელებს მისთვის სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებას იმავე კატეგორიის მოქმედი მუშაკის ხელფასის გაზრდილი ოდენობის გათვალისწინებით, რის გამოც კარგავს კუთვნილ შემოსავალს.

სს „ს. რ-ამ“ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა სარჩელის უსაფუძვლობის, ასევე დაუსაბუთებლობის მოტივით, მოპასუხის განმარტებით, ის კეთილსინდისიერად იხდის დაკისრებულ სარჩოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ს. რ-ას“ კ. ნ-ის სასარგებლოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით, დაეკისრა: 2013 წლის 1 მაისიდან ყოველთვიური სარჩოს - 1112.50 ლარის, მიუღებელი სარჩოს - 14052 ლარის, 2013 წლის 1 მაისიდან ყოველთვიურად „საპატიო რკინიგზელის“ დანამატის - 250 ლარის, 2013 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 1 მაისამდე „საპატიო რკინიგზელის“ მიუღებელი დანამატის - 4315 -ლარისა და 2013 წლის 1 მაისიდან ყოველთვიურად მომვლელის თანხის - 50 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ს. რ-ისთვის“ 2013 წლის 1 მაისიდან ყოველთვიური სარჩოს - 1112.50 ლარისა და მიუღებელი სარჩოს ერთჯერადად - 14052 ლარის დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1.1. და 1.2. პუნქტები) გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ს. რ-ას“ კ. ნ-ის სასარგებლოდ 2013 წლის 1 მაისიდან დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს - 1000 ლარის გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით, სს „ს. რ-ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა მიუღებელი სარჩოს - 10814.62 ლარის ერთჯერადად გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ კ. ნ-ე წლების განმავლობაში მუშაობდა სს „ს. რ-ში“ ელმავლის მემანქანედ.

1998 წლის 22 დეკემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ელმავლის შემოვლისას, მოსარჩელეს ფეხი დაუცდა რკინაბეტონის განძელზე და მიიღო ტრავმა თავის არეში. საწარმოო ტრავმის მიღებას, საწარმოს ბრალთან ერთად, გარკვეულწილად ხელი შეუწყო კ. ნ-ის გაუფრთხილებლობამ. მოსარჩელემ, მიღებული ტრავმის გამო, დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 90%-ით.

განმეორებითი შემოწმებისას, 2003 წელს მოსარჩელეს დაუდგინდა პირველი ჯგუფის ინვალიდობა უვადოდ, ხოლო პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი განისაზღვრა 100%-ით. სსე ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერში ასევე მითითებულია, რომ კ. ნ-ე საჭიროებს მომვლელს.

სს „ს. რ-ა“ მოსარჩელეს, საწარმოო ტრავმის გამო, ყოველთვიურად უხდის სარჩოს.

ბოლო წლებში მოპასუხე მოსარჩელეს ყოველთვიურად უხდის სარჩოს - 589.08 ლარს, რომელშიც შედის მომვლელის თანხა - 10 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ს. რ-ას“ კ. ნ-ის სასარგებლოდ 2003 წლის იანვრიდან 2007 წლის მარტის ჩათვლით დაეკისრა მიუღებელი „საპატიო რკინიგზელის“ დანამატის - 3392.83 ლარის ერთდროულად ანაზრაურება. 2007 წლის აპრილიდან ყოველთვიურად კი, „საპატიო რკინიგზელის“ დანამატის - იმავე თანრიგის მემანქანის ხელფასის 20%-ის გადახდა.

მოპასუხე წლების განმავლობაში „საპატიო რკინიგზელის“ დანამატის სახით მოსარჩელეს უხდის 80 ლარს.

კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით კ. ნ-ის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებაში დამსაქმებლის ბრალი განსაზღვრულია 80%-ით.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა კ.ნ-ის სარჩელი. ხაშურის სალოკომოტივო დეპოს კ. შ. ძე ნ-ის სასარგებლოდ ერთდროულად დაეკისრა მიუღებელი ხელფასისა და ვნებით მიყენებული ზიანის ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება მდგომარეობის შეცვლამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 25 თებერვლის განჩინებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 16 ივნისის განჩინებით ხაშურის სალოკომოტივო დეპოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 25 თებერვლის განჩინება. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში მართებულად მიიჩნია კ. ნ-ის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებაში ხაშურის სალოკომოტივო დეპოს ბრალის ხარისხის 80%-ით განსაზღვრა.

ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კ. ნ-ის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებაში დამსაქმებლის ბრალი განსაზღვრულია 80%-ით, რის გამოც პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა სს. „ს რ-ის“ ბრალის 80%-ით განსაზღვრის თაობაზე. რადგან პრეიუდიციულად იყო დადგენილი საწარმოს ბრალი მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში 80%-ით, ხოლო პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი ამჟამად 100%-ით ჰქონდა კ.ნ-ს დაკარგული, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩო იმავე თანრიგის მუშაკის ხელფასის 80%-ით უნდა დაანგარიშებულიყო.

2010 წლის 1 მაისიდან 2011 წლის 1 მარტამდე, სს „ს. რ-ში“ მემანქანის ხელფასი შეადგენდა 687.69 ლარს, 2011 წლის 1 მარტიდან 2012 წლის 30 მარტამდე - 1050 ლარს, 2012 წლის 30 მარტიდან 2012 წლის 1 დეკემბრამდე - 1150 ლარს, ხოლო 2012 წლის 1 დეკემბრიდან - 1250 ლარს. მოსარჩელის თანამდებობის მუშაკის ხელფასის 80%-ის ოდენობამდე გადასაანგარიშებელი სარჩო 2010 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 1 მაისამდე შეადგენდა 10814.62 ლარს, ხოლო 2013 წლის 1 მაისიდან ყოველთვიურად გასაცემი სარჩოს ოდენობა თვეში 1000 ლარი იყო.

• კ. ნ-ს, 2010 წლის 1 მაისიდან 2011 წლის 1 მარტამდე, ყოველთვიური სარჩოს სახით უნდა მიეღო 550.15 ლარი (687.69 ლარის 80%), აღნიშნულის ნაცვლად იღებდა 499.08 ლარს (589.08 ლარი – 80 ლარი დანამატი - 10 ლარი მომვლელის თანხა). ყოველთვიურად სარჩოს სახით, მოსარჩელე ვერ იღებდა 51.07 ლარს (550.15 ლარი – 499.08 ლარი). 2010 წლის 1 მაისიდან 2011 წლის 1 მარტამდე მოსარჩელემ სარჩოს სახით ვერ მიიღო 510.7 ლარი (51.07 ლარი ხ 10 თვეზე);

• 2011 წლის 1 მარტიდან 2012 წლის 1 აპრილამდე კ. ნ-ს სარჩოს სახით ყოველთვიურად უნდა მიეღო 840 ლარი (1050 ლარის 80%). ამის ნაცვლად ის იღებდა 499.08 ლარს. ყოველთვიურად მოსარჩელე სარჩოს სახით ვერ იღებდა 340.92 ლარს (840 ლარი – 499.08 ლარი). 2011 წლის 1 მარტიდან 2012 წლის 1 აპრილამდე, მოსარჩელემ ვერ მიიღო 4431.96 (340.92 ლარი X 13 თვეზე);

• 2012 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის 1 დეკემბრამდე, ყოველთვიურად კ. ნ-ს სარჩოს სახით უნდა მიეღო - 920 ლარი (1150 ლარის 80%), ამის ნაცვლად ის იღებდა 499.08 ლარს, ყოველთვიურად მოსარჩელე სარჩოს სახით ვერ იღებდა 420.92 ლარს. სულ 2012 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის 1 დეკემბრამდე მოსარჩელემ ვერ მიიღო 3367. 36 ლარი ( 420.98ლარი X 8 თვეზე).

• 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის 1 მაისამდე, ყოველთვიურად კ. ნ-ს სარჩოს სახით უნდა მიეღო 1000 ლარი (1250 ლარის 80%), ამის ნაცვლად ის იღებდა 499.08 ლარს, ყოველთვიურად მოსარჩელე ვერ იღებდა 500.92 ლარს. 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის 1 მაისამდე, მოსარჩელემ ვერ მიიღო 2504.6 ლარი (500.92 ლარი X 5 თვეზე).

ამდენად, ჯამში 2010 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 1 მაისამდე, კ. ნ-მ სარჩოს სახით ვერ მიიღო, 10814.62 ლარი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სს „ს. რ-ისათვის“ 2013 წლის 1 მაისიდან ყოველთვიური სარჩოს სახით 1112.50 ლარის და მიუღებელი სარჩოს ერთჯერადად - 14052 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმებულიყო და ახალი გადაწყვეტილებით სს „ს. რ-ას“, კ. ნ-ის სასარგებლოდ 2013 წლის 1 მაისიდან უნდა დაკისრებოდა ყოველთვიური სარჩოს 1000 ლარის გადახდა, ასევე მიუღებელი სარჩოს - 10 814.62 ლარის ერთჯერადად გადახდა.

მოსარჩელის თანამდებობის მუშაკის ხელფასის 20%-ის ოდენობამდე გადასაანგარიშებელი „საპატიო რკინიგზელის“ დანამატი 2010 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 1 მაისამდე შეადგენს 4 315 ლარს, ხოლო 2013 წლის 1 მაისიდან, ყოველთვიურად გასაცემი საპატიო რკინიგზელის დანამატი შეადგენდა 250 ლარს (1250 ლარის 20%).

• 2010 წლის 1 მაისიდან 2011 წლის 1 მარტამდე კ.ნ-მ, „საპატიო რკინიგზელის“ დანამატის სახით ყოველთვიურად ვერ მიიღო 57.53 ლარი (687.69 ლარის 20% = 137.53 ლარი – 80 ლარი). ამ პერიოდში, სულ „საპატიო რკინიგზელის“ დანამატის სახით, მოსარჩელემ ვერ მიიღო 575.38 ლარი (57.53 ლარი X 10 თვეზე);

• 2011 წლის 1 მარტიდან 2012 წლის 1 აპრილამდე, მოსარჩელემ, ყოველთვიურად, „საპატიო რკინიგზელის“ დანამატის სახით ვერ მიიღო 130 ლარი (1050 ლარის 20% = 210 ლარი – 80 ლარი).ამ პერიოდში, სულ „საპატიო რკინიგზელის“ დანამატის სახით, მოსარჩელემ ვერ მიიღო 1690 ლარი (130 ლარი X 13 თვეზე);

• 2012 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის 1 დეკემბრამდე კ.ნ-მ, „საპატიო რკინიგზელის“ დანამატის სახით, ყოველთვიურად, ვერ მიიღო 150 ლარი (1150 ლარის 20% = 230 ლარი – 80 ლარი). ამ პერიოდში, სულ „საპატიო რკინიგზელის“ დანამატის სახით, კ.ნ-მ ვერ მიიღო 1200 ლარი (150 ლარი X 08 თვეზე);

• 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის 1 მაისამდე, კ.ნ-მ, „საპატიო რკინიგზელის“ დანამატის სახით, ყოველთვიურად, ვერ მიიღო 170 ლარი (1250 ლარის 20% = 250 ლარი – 80 ლარი). ამ პერიოდში, სულ „საპატიო რკინიგზელის“ დანამატის სახით, კ.ნ-მ ვერ მიიღო 850 ლარი (170 ლარი X 05 თვეზე);

ამდენად, ჯამში - 2010 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 1 მაისამდე კ. ნ-მ, „საპატიო რკინიგზელის“ დანამატის სახით, ვერ მიიღო - 4315 ლარი (575.38 ლარი + 1690 ლარი + 1200 ლარი + 850 ლარი).

სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ არ არსებობდა სს „ს. რ-ისთვის“ 2013 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 1 მაისამდე მიუღებელი „საპატიო რკინიგზელის“ დანამატის - 4315 ლარის და 2013 წლის 1 მაისიდან ყოველთვიურად საპატიო რკინიგზელის დანამატის - 250 ლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მომვლელის ანაზღაურების 50 ლარით განსაზღვრა პალატამ გონივრულად მიიჩნია და ჩათვალა, რომ არ არსებობდა აღნიშნული თანხის ოდენობის შეცვლის საფუძველი. მომვლელის თანხის განსაზღვრისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კ. ნ-ე არ არის მწოლარე ავადმყოფი და შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება, საამისოდ გათვალისწინებული რაიმე დამხმარე საშუალების (ინვალიდის სავარძელი, ხელჯოხი და სხვ.) გამოყენების გარეშე. ასევე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოთხოვნა მოპასუხისათვის წინა პერიოდისათვის მომვლელის თანხის გაზრდილი ოდენობით დაკისრების თაობაზე, რადგანაც დადგენილ გარემოებას წარმოადგენდა, რომ მოსარჩელე იღებდა მომვლელის თანხას - 10 ლარს და სარჩელის აღძვრამდე ეს ოდენობა მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.

დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსით სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება დელიქტური პასუხისმგებლობის ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის, 408-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სარჩოს სახით მიიღოს ზიანის ანაზღაურება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მიიღებდა ხელფასს, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, შესაბამისად, არ იქნა გაზიარებული აპელანტის მოსაზრება, რომ დაუშვებელია სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება, ვინაიდან კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. ამასთანავე, პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტის მიერ მითითებული საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. №45 დადგენილებას გამოყენების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან იგი წინამდებარე შემთხვევას არ არეგულირებდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ნ-მ, მისი ნაწილობრივ შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩოს ოდენობისა და მომვლელის ხარჯის დაკისრების ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

საწარმოო ტრავმის შედეგად კ.ნ-ს შრომის უნარი დაკარგული აქვს 100%-ით, მას უბედური შემთხვევის დადგომაში ბრალი არ მიუძღვის, რის გამოც სარჩოს ოდენობა ელმავლის მემანქანის ხელფასის ოდენობით - 1250 ლარით უნდა განისაზღვროს. მოპასუხე კასატორს მომვლელის თანხას განვლილ პერიოდში უხდიდა არასრული ოდენობით, მის მიერ მოთხოვნილი თანხა - 75 ლარი წარმოადგენს მინიმალურ ოდენობას, სამი წლის განმავლობაში მიუღებელი ზემოაღნიშნული თანხა შეადგენს 1538 ლარს.

მართალია, გადაწყვეტილება ეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411-ე და 992-ე მუხლებს, თუმცა მომვლელის თანხის 50 ლარით გამოანგარიშება ეწინააღმდეგება მითითებულ ნორმებს, სარჩელის აღძვრამდე მოპასუხეს 75 ლარით ამ თანხის განსაზღვრა სადავოდ არ გაუხდია. გაურკვეველია სასამართლოს მსჯელობა, როდესაც სარჩელის ერთი მოთხოვნის ნაწილში მოპასუხეს აკისრებს ბოლო სამი წლის მანძილზე გაუცემელ თანხას, ხოლო მეორე ნაწილში უსაფუძვლოდ ეუბნება უარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აშკარაა, რომ სასამართლომ დაარღვია სამართლის ნორმები და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ის, რომ საწარმოო ტრავმის შედეგად მოსარჩელეს შრომის უნარი დაკარგული აქვს 100%-ით, ასევე ერთობლივად და ყოველთვიურად გასაცემი მომვლელის თანხის ოდენობა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ასევე სს „ს. რ-ამ“, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული აქვს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილება და სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი, რომლებიც არ აწესრიგებენ სარჩოს გადაანგარიშების წესს. უფრო მეტიც, მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილების 1.2 მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს მხოლოდ დამსაქმებლის ბრალის შემთხვევაში დამდგარი ზიანის ანაზღაურებას. დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების წესს განსაზღვრავდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის N48 ბრძანებულება, რომლის მე-11 და მე-12 მუხლების თანახმად, დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდებოდა იმავე თანრიგის სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან დაკარგული შრომის უნარის პროცენტული მაჩვენებით. შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილების შესაბამისად კი, ხდებოდა სასამართლოს ან დამსაქმებლის მიერ ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშება, მიუხედავად დაზარალებულის მიერ ტრავმის მიღების დროისა. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 სექტემბრის N443 ბრძანებულებით ზემოაღნიშნული წესის მე-12 პუნქტში შევიდა ცვლილება და ამ დროიდან მოყოლებული დანიშნული სარჩო გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ნოემბრის N923 ბრძანებულებით კი, საერთოდ ამოღებულ იქნა წესის მე-12 პუნქტი. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს 2011 წლიდან სარჩოს გადაანგარიშება მემანქანის არსებული ხელფასის შესაბამისად, რაც უსაფუძვლოა, რადგანაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს. ამდენად, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის N53 დადგენილება.

სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს ასევე სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე, რაც, ასევე, არასწორია. ნორმის პირველი ნაწილით დადგენილი რეგულაცია ვრცელდება სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანზე, რომელიც არ შეიძლება ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე გავრცელდეს, ხოლო ნორმის მე-2 ნაწილით რეგულირებულია სპეციალური შემთხვევა - სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით სარჩოს გადახდა. ამ ნორმით არ არის მოწესრიგებული შემთხვევა, რომლის გამოც მოსარჩელე მოითხოვს დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებას. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას არ უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 992-ე მუხლებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 მარტის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კ. ნ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, შესაბამისად, მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე პალატის 2014 წლის 14 აპრილის განჩინებით სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი ასევე წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა კ. ნ-ისა და სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას კ. ნ-ისა და სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს „ს. რ-ას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 4 აპრილის N905 საგადახდო დავალებით გადახდილი 1135,04 ლარის 70% – 794,528 ლარი. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კ.ნ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

3. კ. ნ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

4. კასატორ სს „ს. რ-ას“ (ს/N......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 4 აპრილის N905 საგადახდო დავალებით გადახდილი 1135,04 ლარის 70% – 794,528 ლარი.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე