საქმე №ას-344-325-2014 1 ოქტომბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ნ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. შ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ნ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. შ-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 200 ლარის ანაზღაურება 2013 წლის 9 ივლისიდან მის სრულწლოვანებამდე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ნ. ნ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ნ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ნ. ნ-ის წარმომადგენელმა ვ. ლ-ამ განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგი საფუძვლებით:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე.
ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სარჩელზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც და მხარეს შეუძლია, დაეთანხმოს მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს წარმოებაში იმყოფება ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი, თუმცა კასატორის წარმომადგენელმა ვ. ლ-ამ, რომლის უფლებამოსილება, მარწმუნებლის სახელით უარი განაცხადოს სარჩელზე, დადასტურებულია საქმის მასალებში წარმოდგენილ მინდობილობით (ტომი 2, ს.ფ. 24), უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე. განცხადება დამოწმებულია ადვოკატის შესაბამისი ბეჭდით, ამდენად, მხარის მიერ ნების გამოვლენაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შეწყდეს საქმის წარმოება ნ. ნ-ის საკასაციო საჩივრის გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე, სამოქალაქო საქმეზე – ნ. ნ-ის სარჩელის გამო ი. შ-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე