№ას-576-547-2014 10 ოქტომბერი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ო. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ნ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით:
1. ა. ნ-ის სარჩელი მოპასუხე ო. კ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. ო. კ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9211 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინებით ო. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ბათუმში, პ-ის ქ.№101-ში მდებარე სახლი ეკუთვნოდა ა. ნ-ს.
2008 წელს, მეზობლად, პ-ის ქ.№99-ში მდებარე ნაკვეთზე სახლის მშენებლობა დაიწყო ო. კ-მ.
ო. კ-ის მიერ ნაწარმოებმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია ფუძე-გრუნტის არათანაბარი ჯდომა, რამაც დააზიანა ა. ნ-ის კუთვნილი სახლი.
ა. ნ-ის სახლის აღსადგენად და მასზე ო. კ-ის ქონების მხრიდან შემდგომი ზემოქმედების აღმოსაფხვრელად საჭიროა 18820.8 ლარის ღირებულების სამუშაოს ჩატარება.
2011 წლის 5 იანვარს, ა. ნ-ი გარდაიცვალა და მისი სამკვიდრო მიიღო მეუღლემ, ნ. ნ-მა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტებს და მართებულად მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ო. კ-ე ვალდებული იყო აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა მის მიერ მოწინააღმდეგე მხარისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. ის გარემოება, რომ მოსარჩელის ქონება დააზიანა აპელანტის ნაგებობის ზემოქმედებამ, მტკიცდებოდა არა მარტო საქალაქო სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, არამედ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული და ჩატარებული ექსპერტიზითაც.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის 2011 წლის 11 ოქტომბრის დასკვნით ექსპერტმა დაადგინა, რომ ა. ნ-ის სახლის დაზიანების მიზეზს წარმოადგენდა ო. კ-ის მიერ ნაწარმოები მშენებლობიდან გამომდინარე ზემოქმედება. იგივე გაიმეორეს აღნიშნული საექსპერტო ბიუროს სხვა ექსპერტებმა 2013 წლის 30 სექტემბრის დასკვნასთან დაკავშირებით განმარტების მიცემისას. 2013 წლის 30 სექტემბრის დასკვნაში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა მიუთითეს, რომ ა. ნ-ის კუთვნილ ქონებაზე ო. კ-ის მიერ წარმოებული მშენებლობით გამოწვეული დაზიანების აღმოსაფხვრელად და შემდგომი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, საჭირო იყო 18820.8 ლარის ღირებულების სამუშაოების ჩატარება. ექსპერტებმა თავიანთი პოზიციები ნათლად დაასაბუთეს და ახსნეს, როგორც წერილობით დოკუმენტებში, ასევე – სასამართლო სხდომაზეც. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ეს დასკვნები სარწმუნოდ მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული დასკვნების საწინააღმდეგო მტკიცებულებები აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია და მათზე არც მიუთითებია. ამდენად, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი იყო.
ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა აპელანტისათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ნაცვლად 18820.8 ლარის დაკისრება. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული.
კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, ე.ი. დასახელებულ ნაწილში ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული იმას ნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელემ დავის საგნის ღირებულება გაზარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე, შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. ამ ნორმის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ ნ. ნ-ის მოთხოვნა განუხილველად დატოვა (ტომი 5, ს.ფ. 130-138).
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ო. კ-მ.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევით, წინასწარ დადგენილი ძალა მიანიჭა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის, სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სამმართველოს უფროსის, ზ. ყ-ის მიერ შედგენილ 2011 წლის 7 ოქტომბრის დასკვნას. სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, მათ შორის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის, სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტის ბ. ბ-ის მიერ შედგენილი №7857/04/18 დასკვნა. უფრო მეტიც, სასამართლომ არც თავად ექსპერტ ზ. ყ-ის ჩვენება არ შეაფასა, რომელიც მის მიერ შედგენილ დასკვნასთან დაკავშირებით დაიკითხა და რომლის ჩვენებამაც ფაქტობრივად დაადასტურა მის მიერ შედგენილი დასკვნის უსწორობა;
კასატორი ყურადღებას ამახვილებს საძირკვლისათვის ქვაბულის, ღია თხრილების დათვალიერების შესახებ 2008 წლის 17 სექტემბრის აქტზე, რომელიც ხელმოწერილია პროექტის ავტორის დ.ს-ას, მენარდის (მშენებლის) ზ.ზ-ას და საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევის შემდგენლის, ს.მ-ის მიერ. როგორც ირკვევა, სამშენებლო მოედანზე მოხდა ამ აქტის შედგენა იმასთან დაკავშირებით, რომ განხორციელდა სამშენებლო სამუშაოს, გრინტის დამუშავება-დათვალიერება. აქტის თანახმად, ქვაბულისა და თხრილის ძირში გრუნტი შეესაბამება წინასწარ წინასწარ საძიებო მაჩვენებელს. პროექტის შესაბამისად, საძირკვლის ფუძედ შექმნილია 50სმ. სისქის ქვიშა-ხრეშოვანი ბალიში, შესრულებული მიწის სამუშაოები შეესაბამება საპროექტო მონაცემებს, გრუნტის სამუშაოები დამაკმაყოფილებელია შემდეგი სამუშაოების წარმოებაზე;
სასამართლომ უგულებელყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური დეპარტამენტის ექსპერტის, ბ. ბ-ის 2009 წლის 1 დეკემბრის დასკვნა, რომლის მიხედვით, ერთმნიშვნელოვნად შეუძლებელია ექსპერტიზით დადგინდეს, აღნიშნული დაზიანებები გამოწვეულია თუ არა მოპასუხე ო. კ-ის მიერ პ-ის ქ.№99-ში განხორციელებული მშენებლობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ო. კ-ის მიერ მშენებლობის შემდგომ ნ. ნ-ის სახლის დაზიანების ფაქტს (ტომი 5, ს.ფ. 141-154).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ო. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ო. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (460.55 ლარი) 70% – 322.38 ლარი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის მოწინააღმდეგე მხარის – ნ. ნ-ის შუამდგომლობა მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის კასატორისათვის დაკისრების თაობაზე, შემდეგ გარემოებთა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს წაგებული მხარისათვის მოგებული მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას. ამასთან, ასეთი ხარჯების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმად კანონმდებელი ადგენს „გონივრულ ოდენობას“, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ოდენობას. მითითებული 47.2 მუხლის თანახმად, მოგებული მხარე მიიღებს ადვოკატზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის დასადასტურებლად წარმოადგინა 2014 წლის 2 აგვისტოს სალაროს შემოსავლის ორდერი. დასახელებული მტკიცებულების მიხედვით, ნ. ნ-მა ადვოკატ ლ. დ-ს საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოებაზე გაწეული იურიდიული მომსახურებისათვის გადაუხადა 300 ლარი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული თანხა უნდა დაეკისროს კასატორს, ვინაიდან მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად, ანუ საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა კასატორის მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მოწინააღმდეგე მხარის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის ოდენობა არ აღემატება დავის საგნის ღირებულების 4%-ს (9211x4%=368.44).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ო. კ-ს ნ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 300 ლარის გადახდა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;
3. კასატორ ო. კ-ს (პირადი ნომერი – .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (460.55 ლარი, საგადახდო დავალება № 4049629, გადახდის თარიღი – 2014 წლის 22 ივლისი) 70% – 322.38 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე