საქმე №ას-603-571-2014 23 ოქტომბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - გ. ტ-ი (კასატორი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - რ. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 აპრილის განჩინება
განმცხადებლების მოთხოვნა – საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა
დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ტ-ის მიმართ მოპასუხისათვის 12 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით რ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ტ-ს მოსარჩელის სასარგებლოს დაეკისრა 6 341 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 5 000 აშშ დოლარი სესხის ძირ თანხას წარმოადგენდა, ხოლო 1 341 აშშ დოლარი - პროცენტს, 5 659 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პროცენტის დაკისრებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 აპრილის განჩინებით გ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ტ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით გ.ტ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
2014 წლის 7 ოქტომბერს გ.ტ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ უარს აცხადებდა საკასაციო საჩივარზე, ამასთანავე, მისთვის ცნობილი იყო ამ საპროცესო მოქმედების იურიდიული შედეგების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა გ. ტ-ის განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით გ. ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 აპრილის განჩინებაზე მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
2014 წლის 7 ოქტომბერს გ.ტ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ უარს აცხადებდა საკასაციო საჩივარზე, ამასთანავე, მისთვის ცნობილი იყო ამ საპროცესო მოქმედების იურიდიული შედეგების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, ხოლო მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს კასატორი მხარის უფლება, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად განაცხადოს უარი როგორც თავის მიერ წარდგენილ სარჩელზე, ისე სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, პალატა მიიჩნევს, რომ გ. ტ-ის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილა, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გ. ტ-ის მიერ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 29 მაისის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 120 ლარი და მის მიერვე 2014 წლის 17 ივნისს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 180 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ტ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს წარმოება გ. ტ-ის საკასაციო საჩივარზე სამოქალაქო საქმეზე - რ. მ-ის სარჩელის გამო გ. ტ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
3. კასატორ გ. ტ-ს (პ/N....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 29 მაისის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 120 ლარი და მის მიერვე 2014 წლის 17 ივნისს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 180 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე