Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-778-745-2014 1 ოქტომბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ე. კ-ე, კ. უ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. ხ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. კ-ისა და კ. უ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

ასევე, კ. უ-მა შეგებებული სარჩელი წარადგინა ქ. ხ-ისა და ე. კ-ის მიმართ ურთიერთვალდებულებათა გაქვითვის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო კ. უ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ქ. ხ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და მიაჩნია, რომ ქ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა ქ. ხ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, 7 დღის ვადაში წარმოედგინა დავის საგნის – ოზურგეთის რაიონის სოფელ უ-ში მდებარე 400 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (აუდიტის დასკვნა) და მისი ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 და არაუმეტეს 6000 ლარის სახელმწიფო ბაჟის სახით ჩარიცხვის ქვითრის დედანი.

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის განჩინება კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით და საქმეში წარმოდგენილი გზავნილით დასტურდება, რომ იგი ჩაბარდა ადრესატის მეუღლე გ. რ-ას 2014 წლის 5 აგვისტოს.

ამდენად, მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, ხარვეზი შეევსო 7 დღის განმავლობაში, რომლის ათვლა დაიწყო 2014 წლის 6 აგვისტოდან და ამოიწურა 12 აგვისტოს.

აღნიშნულის მიუხედავად, კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია. 2014 წლის 13 აგვისტოს ქ.ხ-მა იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე, რა დროსაც სასამართლოს მიერ მხარისათვის მიცემული ვადა უკვე გასული იყო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამდენად, მხარის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარეობს, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა და მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ბ. ალავიძე