№ას-803-762-2013 10 ოქტომბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ე. ჯ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი 2004“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ა-მა 2004-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ე. ჯ-ის“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელესთან ხელშეკრულების გარეშე შპს „ე. ჯ-ა“ სარგებლობს შპს „ა-ი 2004-ის“ კუთვნილი 5 კმ სიგრძის 6 კვ. ელექტროხაზით და თავის ელექტროენერგიას ამ ხაზში მუდმივად „ცენტროლიტის“ №25 ფიდერიდან თავის მომხმარებლამდე ატარებს. ელექტროხაზი მაღალი ძაბვისაა და გააჩნია 31 ცალი რკინის ფორმის საყრდენი და 30 გრძივი კილომეტრის სადენები. ყოველივე ჩამოთვლილი, მოითხოვს მესაკუთრის მიერ საექსპლუატაციო და მიმდინარე სარემონტო ხარჯების გაწევას. 2010 წლის დეკემბრამდე გატარებული ელექტროენერგიის ფასის მცირედი ნაწილი მოპასუხემ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გადაიხადა. 2010 წლის დეკემბრიდან - 2011 წლის დეკემბრამდე კომპენსაციის თანხა შეადგენს 19 920 ლარს.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სემეკის დადგენილება, რომელიც გატარების ტარიფებს განსაზღვრავს, ეხება მხოლოდ გამანაწილებელ კომპანიებს. აღნიშნული კომპანიების რიცხვს კი არ მიეკუთვნება შპს „ა-ი 2004“. მოპასუხის განცხადებით, სემეკის დადგენილება სპეციალურ სუბიექტებს ეხება და ამ დადგენილების ნორმების ანალოგიით გამოყენება დაუშვებელია. ელექტროენერგიის გატარება წარმოადგენს ლიცენზირებად საქმიანობას, აღნიშნული ლიცენზია კი, მოსარჩელეს არ გააჩნია, შესაბამისად, იგი ნებართვის გარეშე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. სს „ე. ჯ-ა“ ასევე განმარტავს, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს და ვერც ელექტროენერგიის გატარება ვერ ჩაითვლება ელექტროენერგიის შესყიდვა-რეალიზაციის სრული ციკლის ანალოგიურ მომსახურებად, ასევე, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი წლების განმავლობაში დანერგილი სასამართლო პრაქტიკის გადასინჯვის დასასაბუთებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ა-ი 2004-ის“ სარჩელი შპს „ე. ჯ-ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „ე. ჯ-ას“ შპს „ა-ი 2004-ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა 2010 წლის დეკემბრიდან 2011 წლის დეკემბრამდე მისი კუთვნილი ქსელით სარგებლობისათვის თმენის კომპენსაცია 3 869 ლარისა და 57 თეთრის გადახდა. შპს „ა-ი 2004-ის“ სარჩელი შპს „ე. ჯ-ის“ მიმართ მისი კუთვნილი ქსელით სარგებლობისათვის, ყოველთვიური კომპენსაციის - 1 660 ლარის გადახდის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-ი 2004-მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ა-ი 2004-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებულ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „ა-ი 2004-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ე. ჯ-ას“ შპს „ა-ი 2004-ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა 9 673.92 ლარის გადახდა. შპს „ა-ი 2004-ის“ სარჩელი შპს „ე. ჯ-ის“ მიმართ, მისი კუთვნილი ქსელით სარგებლობისათვის ყოველთვიური კომპენსაციის 1660 ლარის გადახდის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: უდავოა, რომ შპს „ა-ი 2004-ის“ საკუთრებას წარმოადგენს: ა) „წევა-ზაჰესის“ ქვესადგურიდან „ცენტროლიტის“ ქვესადგურამდე განლაგებული მაღალი ძაბვის ლითონის ფორმის ტიპის საყრდენი 7 ცალი ბოძი, მაღალი ძაბვის ელექტროხაზების საერთო სიგრძეა 5 051 გრ.მ (N1 ლითონის ბოძიდან N7 ლითონის ბოძის ჩათვლით), მაღალი ძაბვის ხაზის რაოდენობა შეადგენს 6 ცალს (ს.კ: 01.00.821) და ბ) „წევა-ზაჰესის“ ქვესადგურიდან „ცენტროლიტის“ ქვესადგურამდე განლაგებული მაღალი ძაბვის ლითონის ფერმის ტიპის საყრდენი 7 ცალი ბოძი, მაღალი ძაბვის ელექტროხაზების საერთო სიგრძეა 6 273,06 გრ.მ (N8 ლითონის ბოძიდან - N15 ლითონის ბოძის ჩათვლით) მაღალი ძაბვის ხაზის რაოდენობა შეადგენს 6 ცალს (ს.კ: 01.00.819). მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ შპს „ე. ჯ-ა“, რომელიც წარმოადგენს ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიანტს, სარგებლობს შპს „ა-ი 2004-ის“ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მაღალი ძაბვის 6კვ. სიმძლავრის 5კმ-იანი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზით, რომელშიც ატარებს თავის ელექტროენერგიას და, ამდენად, ექსპლუატაციას უწევს შპს „ა-ი 2004-ის“ კუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზს. მოპასუხეს არც ის გარემოება გაუხდია სადავოდ, რომ სარჩელით მოთხოვნილ პერიოდში, კერძოდ, 2010 წლის დეკემბრიდან 2011 წლის დეკემბრამდე, სარგებლობდა მოსარჩელის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით და მითითებულ პერიოდზე გატარებული ჰქონდა 1934784 კვ. ელექტროენერგია. აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურებულია „ცენტროლიტის“ N25 ფიდერით გატარებული ელ.ენერგიის შესახებ ინფორმაციით. დადგენილია, რომ შპს „ე. ჯ-ას“ შპს „ა-ი 2004-სათვის“ სარჩელით მოთხოვნილ პერიოდზე (2010 წლის დეკემბრიდან 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით) მომსახურების ღირებულება არ გადაუხდია. ვინაიდან მხარეებს შორის ურთიერთობა არ არის მოწესრიგებული ხელშეკრულებით, შესაბამისად, არ არის განსაზღვრული შპს „ა-ი 2004-ის“ კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით სარგებლობის საფასურიც. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ა-ი 2004“ სადავო პერიოდში თავად ახორციელებდა მისი კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის მოვლა-პატრონობას და ზრუნავდა, ემუშავა გამართულად.
მოცემულ შემთხევაში, არსებობს პრეზუმფცია, რომ მესაკუთრე თავად უვლის და პატრონობს კუთვნილ ქონებას. აღნიშნული ვარაუდის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება იმას, ვინც საწინააღმდეგოზე უთითებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ არ გაიზიარა შპს „ე. ჯ-ის“ პოზიცია, რომ შპს „ა-ი 2004“ არ უწევს მომსახურებას (მოვლა-პატრონობა) მის კუთვნილ ელექტროგადამცემ ქსელებს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილებით ელექტროგადამცემი ხაზით სარგებლობის საფასურის ოდენობა 1 კვტ/სთ-ზე განსაზღვრა 0,2 თეთრით, რომლის ჯამურმა ოდენობამ სადავო პერიოდზე (2010 წლის დეკემბრიდან 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით) 3869.57 ლარი შეადგინა (1 934 784 კვ.ელექტროენერგია X 0,2 თეთრზე).
მოცემულ შემთხვევაში, შპს „ა-ი 2004“ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდ ხდის ელექტროგადამცემი ხაზით სარგებლობის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საფასურს და მიაჩნია, რომ მისი ყოველთვიური ოდენობა არასწორად იქნა განსაზღვრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება, გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში წესები) არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ანდა მოხმარების დროს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას ანდა მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია. სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების მე-15 მუხლის თანახმად, ელექტროენერგიის გატარებისა და ელექტროენერგეტიკული მომსახურების ხელშეკრულება იდება განაწილების ლიცენზიატსა და ელექტროენერგიის ქსელის მფლობელს შორის, კერძოდ, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ, მართალია, მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებოდნენ ერთმანეთთან, მაგრამ სარჩელით მოთხოვნილ პერიოდში, კერძოდ, 2010 წლის დეკემბრიდან 2011 წლის დეკემბრამდე, მოპასუხე შპს „ე. ჯ-ა“ სარგებლობდა მოსარჩელის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით და მითითებულ პერიოდში გატარებული ჰქონდა 1 934 784 კვ. ელექტროენერგია და ამით უზრუნველყოფდა თავის მომხმარებლამდე ელექტროენერგიის მიწოდებას.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, რაც უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული ნორმისა და საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა მოსარჩელის კუთვნილი მაღალი ძაბვის ელექტროხაზებით ელექტროენერგიის გატარების მომსახურების ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა და, ენერგეტიკის სფეროში მოქმედი წესების შესაბამისად, ელექტროხაზების მესაკუთრეს უფლება აქვს, მოითხოვოს მისი ქსელით სარგებლობისათვის მომსახურების საფასურის გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2010 წლის დეკემბრიდან 2011 წლის დეკემბრამდე მოპასუხე შპს „ე. ჯ-ამ“ მთლიანობაში გაატარა 1 934 784 კვ.ელექტროენერგია. მხარეები არ შეთანხმებულან ტრანზიტისა და ენერგეტიკული მომსახურების ტარიფზე. გამომდინარე იქიდან, რომ მხარეები არ შეთანხმდნენ კონკრეტულ ტარიფზე და არც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაუდგენია ტარიფის ოდენობა, ამიტომ თავად საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა დაადგინოს და განსაზღვროს შპს „ა-ი 2004-სათვის“ გონივრული ტარიფი, რომელიც შეესაბამება სემეკის მიერ ელექტროენერგიის გატარებისათვის და ენერგეტიკული მომსახურებისათვის ამგვარი ძაბვის ელექტროგადამცემი ელექტროხაზისათვის დადგენილ ტარიფს. გონივრული ტარიფის დადგენისას სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სადავო პერიოდში შპს „ა-ი 2004“ ახორციელებდა არა მარტო თავისი ქსელებით შპს „ე .ჯ-ის“ კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებას, არამედ მომსახურებას უწევდა (მოვლა-პატრონობა) აღნიშნულ ქსელებს, რაც აუცილებელია ელექტროგადამცემი ხაზის გამართული მუშაობისთვის.
ამის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, 2010 წლის დეკემბრიდან 2011 წლის დეკემბრამდე, შპს „ე. ჯ-ის“ მიერ შპს „ა-ი 2004-სთვის“ ყოველ გატარებულ 1 კვტ.სთ ელექტროენერგიაზე გადასახდელი გონივრული ტარიფი უნდა განისაზღვროს 0.5 თეთრით, რაც 1 934 784 კვტ საათი ელექტროენერგიის გატარებისათვის შეადგენს 9 673.92 ლარს. კომპენსაციის აღნიშნული ოდენობა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შეესაბამება ელექტროხაზების მესაკუთრისათვის მისი ქსელით სარგებლობისა და ამ ქსელების გამართულად მუშაობის შენარჩუნებას. რაც შეეხება აპელანტის მეორე მოთხოვნას, რომელიც შეეხება შპს „ე. ჯ-ისათვის“ მისი ქსელით სარგებლობისათვის ყოველთვიურად 1 660 ლარის დაკისრებას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნა უსაფუძვლოა, კერძოდ, პალატამ განმარტა, რომ ამ ნაწილში, ელექტროხაზების მესაკუთრეს მისი ქსელით სარგებლობის სახით მოპასუხისათვის მომსახურება ჯერ არ გაუწევია, შესაბამისად, ამ ნაწილში და ამ ეტაპზე კომპენსაციის დაკისრების საკითხი სასამართლო გადაწყვეტილებით ვერ მოწესრიგდება, ხოლო მისი სამომავლოდ დარეგულირება მხარეთა კერძო ინიციატივის ფარგლებში მოსაწესრიგებელ ურთიერთობას წარმოადგენს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ე. ჯ-ამ“ შემდეგ გარემოებათა გამო: შპს „ა-ს“, როგორც განაწილების ლიცენზიის არმქონე პირს, რომელსაც საკუთრებაში აქვს ქსელი, კანონი ავალდებულებს გარკვეული კომპენესაციის სანაცვლოდ მისი ქსელებით სარგებლობა ითმინოს. სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ქსელის არაგანაწილების ლიცენზიის მქონე მესაკუთრეს ავალდებულებს, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ენერგია სხვა მომხმარებელთა ელექტრონული ენერგიით მომარაგების მიზნით. შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობაც ამ პრინციპით უნდა დადგინდეს. სასამართლომ კი, დაუსაბუთებლად დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა, მისი საკუთრებით სარგებლობის თმენის სანაცვლოდ მიიღოს რემონტისა და სხვა ხარჯები, რაც არ შეიძლება, შეზღუდვით გამოწვეული თმენის კომპენსაციას უკავშირდებოდეს. უდავოა, შპს „ა-ის“ ქონებაზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება და სხვა მსგავსი ხარჯების გადახდა წარმოადგენს მესაკუთრის კანონისმიერ ვალდებულებებს და მისი ანაზღაურება არ შეიძლება, დაეკისროს სს „ე ჯ-ას“, რადგან ეს უკანასკნელი კანონით ვალდებულია, მხოლოდ სხვისი გადამცემი ხაზით სარგებლობის გამო, მესაკუთრეს თმენისათვის გადაუხადოს კომპენსაცია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გადამცემი ხაზებით ელექტროენერგიის გატარების გარდა სხვაგვარი სარგებლობა შეუძლებელია. აპელანტი ლიცენზიატი საწარმო არ არის და ვერც გადამცემი ხაზით სარგებლობის თმენა ჩაითვლება ელექტროენერგიის შესყიდვა-რეალიზაციის სრული ციკლის ანალოგიურ საქმიანობად. განაწილების მომსახურება გატარების მომსახურების გარდა, მოიცავს ელექტროენერგიის მიღებას ორი ან ორზე მეტი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მიწოდების პუნქტიდან, გამანაწილებელი ქსელის ექსპლოატაციას და მიღებული ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელზე რეალიზაციას, თანახმად „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „დ“ პუნქტისა.
საქმეში არსებული სემეკის 2011 წლის 24 თებერვლის წერილში ცალსახად და გარკვევით წერია, რომ ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაციის გაანგარიშების მეთოდიკა არც ერთი ნორმატიული აქტით არაა განსაზღვრული და კომისიის მიერ არ რეგულირდება. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების გათვალისწინებით, სემეკი ვალდებულია, 2014 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს მესამე პირთა მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის გატარების საფასურის გაანგარიშების წესი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ე. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უდავოა, რომ შპს „ა-ი 2004-ის“ საკუთრებას წარმოადგენს: ა) „წევა-ზაჰესის“ ქვესადგურიდან „ცენტროლიტის“ ქვესადგურამდე განლაგებული მაღალი ძაბვის ლითონის ფერმის ტიპის საყრდენი 7 ცალი ბოძი, მაღალი ძაბვის ელექტროხაზების საერთო სიგრძეა 5 051 გრ.მ (N1 ლითონის ბოძიდან N7 ლითონის ბოძის ჩათვლით), მაღალი ძაბვის ხაზის რაოდენობა შეადგენს 6 ცალს (ს.კ: 01.00.821) და ბ) „წევა-ზაჰესის“ ქვესადგურიდან „ცენტროლიტის“ ქვესადგურამდე განლაგებული მაღალი ძაბვის ლითონის ფერმის ტიპის საყრდენი 7 ცალი ბოძი, მაღალი ძაბვის ელექტროხაზების საერთო სიგრძეა 6 273,06 გრ.მ (N8 ლითონის ბოძიდან - N15 ლითონის ბოძის ჩათვლით) მაღალი ძაბვის ხაზის რაოდენობა შეადგენს 6 ცალს (ს.კ: 01.00.819) (მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ამონაწერი, ტ. I. ს.ფ. 159-164).
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ შპს „ე. ჯ-ა“, რომელიც წარმოადგენს ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიანტს, სარგებლობს შპს „ა-ი 2004-ის“ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მაღალი ძაბვის 6კვ. სიმძლავრის 5კმ-იანი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზით, რომელშიც ატარებს თავის ელექტროენერგიას და ამდენად, ექსპლუატაციას უწევს შპს „ა-ი 2004-ის“ კუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზს. მოპასუხეს არც ის გარემოება გაუხდია სადავოდ, რომ სარჩელით მოთხოვნილ პერიოდში, კერძოდ, 2010 წლის დეკემბრიდან 2011 წლის დეკემბრამდე, სარგებლობდა მოსარჩელის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით და მითითებულ პერიოდზე გატარებული ჰქონდა 1934784 კვ. ელექტროენერგია. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია ქ/ს „ცენტროლიტის“ N25 ფიდერით გატარებული ელ.ენერგიის შესახებ ინფორმაციითაც (ტ. I. ს.ფ. 24).
დადგენილია, რომ შპს „ე. ჯ-ას“ შპს „ა-ი 2004“-სათვის სარჩელით მოთხოვნილ პერიოდზე (2010 წლის დეკემბრიდან 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით) მომსახურების ღირებულება არ გადაუხდია.
დამატებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია სს „ე. ჯ-ას“, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სს „ე. ჯ-ას“ ვალდებულებაზე შპს „ა-ი 2004-ის“ მიმართ საკასაციო სასამართლოსათვის დადგენილად მიიჩნევა.
ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ისმის შემდეგი კითხვები: შპს „ა-ი 2004-ს“ 2010 წლის დეკემბრიდან 2011 წლის დეკემბრამდე სს „ე. ჯ-ას“ მიერ მისი ელექტროგადამცემი ხაზით სარგებლობისათვის რა ოდენობის საკომპენსაციო თანხა ეკუთვნის? ეს საკომპენსაციო თანხა მოიცავს თუ არა ამ სახის მოვლა-პატრონობის ხარჯებს და ვის ეკისრება გადახდა?
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ”გონივრული ტარიფის დადგენისას სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სადავო პერიოდში შპს „ა-ი 2004“ ახორციელებდა არა მარტო თავისი ქსელებით შპს „ე. ჯ-ის“ კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებას, არამედ მომსახურებას უწევდა (მოვლა-პატრონობა) აღნიშნულ ქსელებს, რაც აუცილებელია ელექტროგადამცემი ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის.“ ამდენად, სააპელაციო სასამართლომ 1 კვტ.სთ ელ ენერგიაზე გადასახდელი 0.5 თეთრის ოდენობის გაანგარიშებაში გაითვალისწინა არა მარტო ელექტროენერგიის გატარებასათვის თმენის ვალდებულება, არამედ ამ ქსელების მომსახურების გაწევის (მოვლა-პატრონობის) ფაქტი.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და დამატებით განმარტავს, რომ ე.წ ელენერგიის ქსელის სარგებლობისათვის თმენის ვალდებულებისათვის გადასახდელი საკომპენსაციო თანხა მოიცავს ასევე ყველა იმ ხარჯს, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეულ მომსახურებას.
ამ კონტექსტის გათვალისწინებით ლიცენზიანტისა და არალიცენზიანტი მფლობელის ელქსელით სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობა განსხვავდება იმით, რომ ლიცენზიანტი მფლობელისათვის ტარიფს ადგენს სემეკი, ხოლო არალიცენზიანტის საკუთრებაში არსებული ელქსელით სხვა პირის სარგებლობის შემთხვევაში, წარმოიშობა საკომპენსაციო თანხის მოთხოვნა, რაც რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საკომპენსაციო თანხა მოიცავს ყველა იმ ხარჯს, რამაც შეიძლება გაამართლოს თმენის ვალდებულება (იხ. ქვემოთ), კერძოდ, ლიცენზიანტებს შორის ელ. ენერგიის გატარების ტარიფში (არალიცენზიანტი მფლობელის შემთხვევაში საკომპენსაციო თანხა) იგულისხმება განაწილების ლიცენზიანტის მიერ გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით, სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეული მომსახურების ფასი (სადავო პერიოდში მოქმედი სემეკის 2011 წლის 8 ივნისი №8 დადგენილებით მიღებული „ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი), ე.ი დადგენილ ტარიფში (საკომპენსაციო თანხაში) შედის სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეული მომსახურების ფასი. მაგრამ, როგორც აღინიშნა ეს მომსახურების თანხა დადგენილია ლიცენზიის მფლობელი პირებისათვის და ივარაუდება, რომ მათ მიმართ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფი მოიცავს ყველა იმ ხარჯს, რაც აუცილებელია ელექტროენერგიის გატარებისათვის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არალიცენზიანტი მფლობელის თმენის საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ანალოგიურ ურთიერთობის მიმართ სემეკის მიერ სატარიფო განაკვეთის ზღვრულ ოდენობას. საკომპენსაციო თანხა შეიძლება იყოს იმავე ოდენობის, რაც ტარიფის სახით სემეკის მიერ დადგენილია ლიცენზიანტებს შორის ან ამ ტარიფზე ნაკლები. ამაზე მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს, სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იმავე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის. ამდენად, მითითებული წესის მიხედვით ამ ურთიერთობისათვის განაწილების ლიცენზიატს შეუძლია, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იგივე ან იმაზე ნაკლები ტარიფი, რაც დადგენილია სემეკის მიერ ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის.
ამასთან ერთად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 4 ოქტომბრის N 52 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროსადგურებისა და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების“ მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად პასუხისმგებლობა მოწყობილობებისა და შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე, სარემონტო სამუშაოების მოცულობების შესრულებაზე, მოსამზადებელი სამუშაოების შესრულების სისრულეზე, სარემონტო სამუშაოების დაგეგმილი მოცულობების მარაგნაწილებითა და მასალებით უზრუნველყოფაზე, ასევე შესრულებული სარემონტო სამუშაოების ვადებსა და ხარისხზე ეკისრება საწარმოს ხელმძღვანელს ან მესაკუთრეს.
ამდენად, მითითებული სამართლებრივი დანაწესებიდან გამომდინარე ელქსელის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების განხორციელება ევალება ამ ქსელების მესაკუთრეს შპს „ა-ი-2004“-ს. ზუსტად, რომ ამ ქსელების მოვლა-პატრონობაზე გაწეული მომსახურების ფასი უნდა გავითვალისწინოთ საკომპენსაციო თანხის ოდენობის დადგენაში. იმ შემთხვევაში, თუ მხარე უთითებს ამ ქსელების მოვლა-პატრონობაზე გახარჯულ ისეთ ოდენობაზე, რომელიც აღემატება იმავე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის სემეკის მიერ დადგენილ ტარიფს, მოსარგებლეს უფლება არა აქვს მესაკუთრეს ამ ტარიფზე მეტი გადაუხადოს.
საკასაციო პალატა მიზანშეწონილად თვლის ყურადღება გაამახვილოს თმენის ვალდებულებისათვის საკომპენსაციო თანხის განსაზღვრის კანონიერებაზე, რისთვისაც მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა ყურადღება გავამახვილოთ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ საფუძვლებზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ა-ი-2004“ არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიანტ მფლობელს. 2010 წლის დეკემბრიდან 2011 წლის დეკემბრამდე, მოპასუხე შპს „ე. ჯ-ა“ სარგებლობდა მოსარჩელის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით და მითითებულ პერიოდში გატარებული ჰქონდა 1 934 784 კვ. ელექტროენერგია და ამით უზრუნველყოფდა თავის მომხმარებლამდე ელექტროენერგიის მიწოდებას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ არის შედავებული კასატორის მიერ, ამდენად, ეს ფაქტები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შესაბამისად, იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან განაწილების ლიცენზიატები კანონი ადგენს განსხვავებულ წესს, კერძოდ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ანდა წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბერი N 20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად
ამდენად, განსახილველი წესები ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაციის განსაზღვრისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე მიუთითებენ.
კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური ნორმატიული აქტები უთითებენ სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე საკომპენსაციო თანხის განსაზღვრაზე, პირდაპირ ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არ არის, რაც კანონის ანალოგიით გამოყენების საფუძველია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ ურთიერთობისათვის ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზეც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.
ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ „განსახილველი ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტური მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ“ (№ას-744-801-2011. 13 ოქტომბერი, 2011 წელი).
კონკრეტულ შემთხვევაში, შპს „ა-ი-2004“-ის საკუთრებაში არსებული ელქსელებით სარგებლობს შპს „ე. ჯ-ა“, ხოლო შპს „ა-ი-2004-ის“, როგორც არალიცენზიანტი მფლობელის, ამ სარგებლობის მიმართ თმენის ვალდებულება განსაზღვრულია ზემომითითებული სპეციალური სამართლებრივი აქტებით („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”), ხოლო სამოქალაქო კოდექსის გამოყენება განპირობებულია ამ სამართლებრივი აქტებში მითითებების საფუძველზე, სარგებლობის მიმართ თმენის ვალდებულებისათვის საკომპენსაციო თანხის განსაზღვრისათვის.
ამრიგად, მსგავს ფაქტობრივ გარემოებებს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის ფაქტობრივი სიტუაციის ნორმატიული აღწერილობა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, განვმარტოთ ამ ნორმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის შინაარსისა და მისი მოცულობის სამართლებრივი კრიტერიუმები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „თმენის ვალდებულება“ წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს, რაც განსხვავდება ზიანის ინტიტუტისაგან. ზიანის ანაზღაურება ემსახურება იმ მდგომარეობის აღდგენას, რომელიც იარსებებდა, ამ ქმედებას, რომ არ გამოეწვია პირის ინტერესების დაუშვებელი ხელყოფა. ამასთან ერთად, როგორც წესი, ამ ხელყოფის გამომწვევია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ხოლო აუცილებელი გზით სარგებლობის თმენის ვალდებულება უკავშირდება მართლზომიერ ქმედებას, რაც კანონით არის დადგენილი და მესაკუთრეს საკუთრებაში არსებულ მიწაზე სხვა პირის მიერ აუცილებელი გზით სარგებლობისათვის აკისრებს „თმენის ვალდებულებას“.
ამდენად, კომპენსაციას ექვემდებარება ისეთი ქონებრივი დანაკლისი, რომლის მიზეზიც არის საკუთრების უფლების ან მფლობელობის შეზღუდვა, რაც განპირობებულია ობიექტური აუცილებლობით. შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს ამ შეზღუდვის ფარგლები და ის ინტერესი, რაც მესაკუთრეს ან მფლობელს ექნებოდა ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია არა კონკრეტული მესაკუთრის ინტერესის სუბიექტური აღქმა, არამედ შესაბამისი მიწის ნაკვეთის საშუალო მესაკუთრის ინტერესი.
განსახილველი საქმის თავისებურების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, გაირკვეს ელქსელების საშუალო მესაკუთრის ინტერესი (იგივე სიგრძისა და სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის სარგებლობისას გატარებული ელექტროენერგიის მოცულობის გათვალისწინებით).
მითითებული საკითხის გარკვევისათვის საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N 33 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ წესებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ეს წესები არეგულირებენ ლიცენზიანტებს შორის არსებულ სატარიფო სისტემას, მისი გამოყენება ატარებს სახელმძღვანელო ხასიათს, რომელიც გვეხმარება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით დადგენილი საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრისას, როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელობა ენიჭება მესაკუთრის ინტერესის დაკმაყოფილებას, სხვის მიერ მისი საკუთრების შეზღუდვის გამო, თმენის ვალდებულებისათვის, მაგრამ განსახილველი ურთიერთობის თავისებურება ვლინდება იმაში, რომ შპს „ა-ი 2004-ის“ საკუთრებას წარმოადგენს მაღალი ძაბვის 6კვ. სიმძლავრის 5კმ-იანი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელსაც ეს უკანასკნელი ვერ გამოიყენებს სხვა დანიშნულებით გარდა იმისა, რომ გაატაროს ელექტროენერგია. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, უნდა გაირკვეს არა ზოგადად მითითებული ნორმით გათვალისწინებული შემთხვევის წინაპირობები (რომელშიც ივარაუდება ის შემთხვევები, როდესაც მესაკუთრეს შეხედულებისამებრ შეეძლო გამოეყენებინა მიწის ნაკვეთი თუ არა აუცილებელი გზასთან დაკავშირებული თმენის ვალდებულება), არამედ ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარებაზე თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე, საშუალო მესაკუთრის ინტერესი ამ შეზღუდვის არ არსებობის შემთხვევაში.
ზუსტად, რომ განსახილველი დავის სპეციფიკის თანახმად, საშუალო მესაკუთრის ინტერესის დაკმაყოფილების ერთგვარ ნიმუშს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N 33 დადგენილებით დამტკიცებული წესები. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ დასძენს, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი დავა ეხება არალიცენზიანტ მესაკუთრის უფლებებს, მითითებული სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოვიყენოთ არა, როგორც პირდაპირი გამოყენების წყარო, არამედ - სახელმძღვანელო, რადგან სემეკის მიერ ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის წესისა და პრინციპების განსაზღვრა გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, გატარების, იმპორტის, მოხმარების, სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების, გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებისა და გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დადგენისას.
ამ ტარიფების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ამ ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი კრიტერიუმები, კერძოდ, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 8 ივნისი №8 დადგენილებით მიღებული „ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ (ძალადაკარგულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 07/30/2014 N 14 დადგენილებით) მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ტარიფი არის ფასების განაკვეთების სისტემა, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ანგარიშსწორება. ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის გატარების ტარიფი არის განაწილების ლიცენზიანტის მიერ გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით, სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეული მომსახურების ფასი. ამავე აქტის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად ელექტროენერგიის გატარების ტარიფები დგინდება ელექტროენერგიის მომხმარებლებისათვის იმ პირობების გათვალისწინებით, რომლებიც დადგენილია ამ მომხმარებლების მომსახურებაზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისად, ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეული მომსახურების ფასი წარმოადგენს ამ სახის მესაკუთრისათვის არსებულ ეკონომიკურ ინტერესს, რომელიც წარმოადგენს თმენის ვალდებულებისათვის საკომპენსაციო საფასურს.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N 33 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ მე-7 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით სს „ე. ჯ-ასათვის” 6-10 კილოვოლტისათვის გატარების ტარიფია 0,580 თეთრი.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ დასძენს, რომ ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს, სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იმავე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბერი N 20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის მე-4 ნაწილი). ამდენად, მითითებული წესის მიხედვით ამ ურთიერთობისათვის განაწილების ლიცენზიატს შეუძლია, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იგივე ან იმაზე ნაკლები ტარიფი, რაც დადგენილია სემეკის მიერ ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის.
ამდენად, შპს „ა-ი-2004-ის“ ელქსელით სარგებლობისათვის ამ უკანასკნელის თმენის ვალდებულებისათვის საკომპენსაციო თანხა 1 კვ.სთ-ზე არ უნდა აღემატებოდეს 0,580 თეთრს.
როგორც უკვე აღინიშნა, მითითებული წესით დადგენილი ტარიფი ლიცენზიანტებს შორის მიუთითებს ერთგვარ პრეზუმფციაზე, რომ სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეულია იმ ოდენობის მომსახურება, რაც ტარიფის სახით ამ სახის მომსახურეობისთვის არის დადგენილი (ამ შემთხვევაში 0,580 თეთრი/კვტ.სთ). მაგრამ, როდესაც საკითხი ეხება არალიცენზიანტ მესაკუთრეს, მას ყოველთვის შეუძლია მიუთითოს იმ ეკონომიკურ ინტერესზე, რომელიც შეესაბამება ანალოგიურ პირობებში სხვა საშუალო მესაკუთრის ინტერესს (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N 33 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ მე-7 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბერი N 20 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”-ს მე-15 მუხლის მე-4 ნაწილი). ამ უკანასკნელ შემთხვევაში, განსხვავებით ლიზენზიანტებს შორის წარმოშობილ ურთიერთობისაგან, არალიცენზიანტი მესაკუთრის ეკონომიკური ინტერესი შეიძლება იყოს სემეკის მიერ დადგენილ ტარიფზე ნაკლები, რაც იმ მხარის დასადასტურებელია ვის სასარგებლოდაც შეიძლება მიუთითებდეს ნაკლები საფასურის გადახდის განპირობებული ფაქტები (კონკრეტულ შემთხვევაში სს „ე. ჯ-ა“). აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი არ უთითებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც კონკრეტული დავის სპეციფიკიდან გამომდინარე მიუთითებენ შპს „ა-ი 2004-ის“ ნაკლებ ეკონომიკურ ინტერესზე თმენის ვალდებულებისათვის, ხოლო ის გარემოება, რომ სასამართლო პრაქტიკით (2006, 2007 წწ გადაწყვეტილებები) დადგენილი გატარების 0.2 თეთრი, გავლენას ვერ მოახდენს ამ გადაწყვეტილებების შემდეგ წარმოშობილ სადავო ურთიერთობის პერიოდში განსაზღვრულ (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N 33 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“) ელექტროენერგიის გატარების ფასის ოდენობაზე. კასატორმა პრაქტიკად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის №335-319-2011 წლის განჩინებაზე, რაზეც უნდა აღინიშნოს, რომ ამ განჩინებით გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება პროცესუალური დარღვევების გამო (დაუსაბუთებელობის), რაც არ უკავშირდება განსახილველ დავას.
ზემოაღნიშნულ ფაქტებთან მიმართებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში, დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა.
ამასთან ერთად კასატორი ვერ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც კონკრეტული სადავო ურთიერთობის ზემოაღნიშნული თავისებურებებიდან გამომდინარე, მიუთითებს სარჩელის უსაფუძვლობაზე.
ამდენად, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს საქმოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედვად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ე. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე