№ას-813-777-2014 6 ოქტომბერი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „საქართველოს რკინიგზა“
მოწინააღმდეგე მხარე – კარლო კიკნაძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 15 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა კ. კ-მ მოპასუხე სს „ს. რ-ის“ მიმართ.
სარჩელის მოთხოვნები:
1. მოპასუხე ორგანიზაციისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2013 წლის მაისიდან ყოველთვიური სარჩოს დაკისრება 1125 ლარის ოდენობით;
2. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი სარჩოს ერთობლივი თანხის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით კ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
1. სს „ს. რ-ას“ კ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის მაისიდან 2013 წლის მაისამდე გადაანგარიშებული სარჩოს სხვაობის სახით 18021 ლარის გადახდა, იმ დროისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;
2. სს „ს. რ-ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის მაისიდან ყოველთვიურად ელმავალი მემანქანის ხელფასის 90%-ის ოდენობით 1125 ლარის გადახდა, იმ დროისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივნისის განჩინებით სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე კ. კ-ე წლების განმავლობაში მუშაობდა მოპასუხე შპს „ს. რ-ში“ ელმავლის მემანქანედ, სადაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოპასუხის ბრალით მიიღო საწარმოო ტრავმო და დაკარგა პროფესიული შრომის უნარი სამუდამოდ 90%-ით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა, რომ მიღებული საწარმოო ტრავმის გამო შპს „ს. რ-ა“ 1986 წლის მარტიდან მოსარჩელეს უხდიდა საწარმოო ტრავმის სარჩოს, რომლის ოდენობაც წლების მანძილზე იცვლებოდა და იზრდებოდა ელმავლის მემანქანის თანაშემწის ხელფასის ზრდასთან ერთად და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველთვიურად დღემდე უხდის მას სარჩოს 398.87 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების გამომტანმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა არა სარჩოს დანიშვნა, არამედ დანიშნული სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება, აპელანტის მსჯელობა ტრავმის არსებობისა და ამ ფაქტთან დაკავშირებით მისი ბრალეულობის საკითხის განხილვის შესახებ, სრულიად უსაფუძვლო იყო.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის №53 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი“ და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით განისაზღვრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. აღნიშნული წესის 1.1 მუხლის შესაბამისად, საწარმოში, დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ამ წესით, საქართველოს შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამავე წესის 1.2 მუხლის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა სწორად განისაზღვრა შრომის კოდექსისა და სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანის ყოველთვიური სარჩოს გადახდით. მართალია, სარჩოს ოდენობის გაანგარიშებას საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება არ ითვალისწინებდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თავად ზიანის ანაზღაურების მიზანზე, რომლის არსი სწორედ დაზარალებულის კომპენსირებაში მდგომარეობს, ამ მიზნით მხედველობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე ორგანიზაციაში მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც შრომის უნარის შეზღუდვის გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს მუშაობას, რის გამოც მას უკვე არ აქვს უნარი მიიღოს შემოსავალი ხელფასის სახით, რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენდა, რასაც დაზარალებული მიიღებდა დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე შრომის უნარის დაკარგვის ხარისხთან შეფარდებით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა, რომ 2010 წლის მაისიდან 2013 წლის მაისამდე პერიოდში, მოსარჩელემ სარჩოს სახით ვერ მიიღო 18021 ლარი, რაც მიუღებელი სარჩოს სხვაობის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და აგრეთვე, 2013 წლის მაისიდან ყოველთვიურად სს „ს. რ-ისათვის“ კ. კ-ის სასარგებლოდ ელმავლის მემანქანის ხელფასის 90%-ის, 1125 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილშიც სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირვეელი ნაწილის მიხედვით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სასამართლომ, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილებასა და სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე. კანონის მითითებული ნორმები არ აწესრიგებენ სარჩოს გადაანგარიშების წესს. უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის“ პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით, შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის და თუ არ არის გასული მოთხოვნის წარდგენის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული წესი არეგულირებს მხოლოდ დამსაქმებლის ბრალის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების წესს და არა პროფესიული დაავადების გამო დანიშნული სარჩოს ანაზღაურებას;
დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების წესს განსაზღვრავდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის №48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი“. ამ წესის მე-11 პუნქტის თანახმად, დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდებოდა იმავე თანრიგის სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან, იმ ოდენობით, რა ოდენობითაც დაკარგული ჰქონდა შრომის უნარის ხარისხი. მითითებული წესის მე-12 პუნქტის თანახმად, ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილების შესაბამისად ხდება სასამართლოს ან დამსაქმებლის მიერ ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშება, მიუხედავად იმისა, თუ როდის მიიღო მან ეს დასახიჩრება. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 სექტემბრის №443 ბრძანებულებით, დასახელებულ ნორმაში ცვლილება შევიდა და იგი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების მინიმალური ხელფასის ცვლილების შესაბამისად ხდება სასამართლოს ან დამსაქმებლის მიერ დადგენილი ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშება, მიუხედავად იმისა, როდის მიიღო დაზარალებულმა ტრავმა. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, 2003 წლის 11 სექტემბრიდან სარჩო შრომის ანაზღაურების ცვლილების შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ნოემბრის №923 ბრძანებულებით, მითითებული მე-12 პუნქტი ბრძანებულებიდან საერთოდ ამოღებულ იქნა. ამდენად, სარჩოს გადაანგარიშების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია;
სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სასამართლო უთითებს აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, აღნიშნული ნორმა ვრცელდება სახელშეკრულებო ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე, იგი არ შეიძლება გავრცელდეს ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურებაზე, რამდენადაც ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სპეციალური ნორმაა, რომელიც ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ყოველთვიური სარჩოს გადახდით. შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 992-ე მუხლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1336.73 ლარი) 70% – 935.711 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ს. რ-ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1336.73 ლარი, გადახდის თარიღი – 2014 წლის 15 ივლისი, საგადახდო დავალება № 1008) 70% – 935.711 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე