საქმე №ას-823-787-2014 1 ოქტომბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – მ. ქ-ე, ნ. ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. კ-ი“, ფ. გ-ა, გ. ბ-ი, გ. ბ-ი, ა. ბ-ი, ნ. ნ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მინდობილობისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ქ-მ და ნ. ქ-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ს. კ-ის“, ფ. გ-ას, გ. ბ-ის, გ. ბ-ის, ა. ბ-ისა და ნ. ნ-ის მიმართ მინდობილობისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ივნისის განჩინებით ნ. ქ-ე ცნობილ იქნა არასათანადო მოსარჩელედ და მის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა დავის არარსებობის მოტივით, რადგან საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ქ-ის საკუთრებაშია ქ.თბილისში, დ. კ-ის სოფელ კ-ში მდებარე საცხოვრებელი №8 სააგარაკო კოტეჯის 43,04 კვ.მ №1 ბინა, ამ ქონებაზე კი, იპოთეკა რეგისტრირებული არ არის. ამავე ამონაწერის თანახმად, იპოთეკით დატვირთულია მხოლოდ მ. ქ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – ქ.თბილისში, დ. კ-ის სოფელ კ-ში მდებარე საცხოვრებელი №8 სააგარაკო კოტეჯის №2 ბინა.
ამავე სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მ. ქ-მ და ნ. ქ-მ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინებით მ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ნ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ქ-მ და ნ. ქ-მ შეიტანეს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ წინამდებარე საქმეზე მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდნენ მ. ქ-ე და ნ. ქ-ე;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ივნისის საოქმო განჩინებით შეწყდა წარმოება ნ. ქ-ის სარჩელის გამო შპს „ს. კ-ის“, ფ. გ-ას, გ. ბ-ის, გ. ბ-ის, ა. ბ-ისა ფ. ნ-ის მიმართ დავის საგნის არარსებობის გამო;
საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე საქალაქო სასამართლოს განჩინება ნ. ქ-ს კერძო საჩივრით არ გაუსაჩივრებია;
საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის თანახმად, ნ. ქ-ე იცავს მ. ქ-ის საპროცესო უფლებებს, რწმუნებუყლება გაცემულია განუსაზღვრელი ვადით;
სააპელაციო საჩივრის თანახმად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია როგორც მ. ქ-ის, ისე ნ. ქ-ის მიერ;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინებით მ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ნ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ ამ უკანასკნელს, საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 ივნისის განჩინება დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, ნ.ქ-ე სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტს არ წარმოადგენდა. განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტათ მხარეებს მისი გასაჩივრების წესი, კერძოდ, მ. ქ-ს ეცნობა, რომ სააპელაციო პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინება შეეძლო გაესაჩივრებინა საკასაციო წესით, ხოლო ნ. ქ-ს - კერძო საჩივრის წარდგენის გზით;
საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულია როგორც მ. ქ-ის, ისე ნ. ქ-ის მიერ (საკასაციო საჩივარი ხელმოწერილია მ.ქ-ის, როგორც მხარის, ასევე როგორც ნ.ქ-ის წარმომადგენლის მიერ);
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ნ. ქ-ის სახელით წარმოდგენილია საკასაციო საჩივარი, თუმცა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ.ქ-ე არ შეიძლება იქნას მიჩნეული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტად. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით განუხილველად დარჩა რა ნ.ქ-ის სააპელაციო საჩივარი, მხარეს ამ განჩინების გასაჩივრება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეეძლო კერძო საჩივრის წარდგენის გზით.
საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით ნ. ქ-ე ცნობილ იქნა არასათანადო მოსარჩელედ და მისი მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღარ არსებობს მისთვის საპროცესო ვადის განსაზღვრის წინაპირობა, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ქ-ე არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე სუბიექტს, მისი საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნას განუხილველად.
რაც შეეხება მ. ქ-ის საკასაციო პრეტენზიას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 ივლისის განჩინებით მ. ქ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კასატორს დაევალა 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 1337,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე. საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინებით კი, აღნიშნული საპროცესო ვადა, კასატორის მოთხოვნით, კიდევ 5 დღით გაგრძელდა, ამასთან, მხარეს განემარტა, რომ საკასაციო პალატის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მისი საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე მ.ქ-ს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2014 წლის 18 სექტემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით დადგენილია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება, საქმის განხილვისას იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საქმის ზემდგომი წესით განხილვისას სპეციალურ მოწესრიგებას არ ექვემდებარებიან. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილით კი დადგენილია, რომ ფორმალური შინაარსის ხარვეზის თაობაზე მხარის სატელეფონო შეტყობინების განხორციელების გზით ინფორმირება შეტყობინების განხორციელების დღედ ჩაბარებულად ითვლება.
ამდენად, მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, ხარვეზი გამოესწორებინა 5 დღის განმავლობაში, რომლის ათვლა დაიწყო 2014 წლის 19 სექტემბრიდან და ამოიწურა 23 სექტემბერს.
აღნიშნულის მიუხედავად, კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარე არ გამოასწორებს ხარვეზს, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორ მ. ქ-ს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ განუხორციელებია დაკისრებული საპროცესო მოქმედება, პალატა თვლის, რომ არც მისი მოთხოვნის ნაწილში არსებობს საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ქ-ისა და ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ბ. ალავიძე