საქმე №ას-859-823-2014 24 ოქტომბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. ა-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე ბ. დ-ის სარჩელის გამო, მ. ა-ის მიმართ, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულების შესრულების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ა-ის საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მ. ა-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 275 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის საკასაციო სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტა მხარეს როგორც დაკისრებული საპროცესო მოქმედების შესრულების წესი, ისე მისი შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე;
ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო პალატის განჩინება კასატორს გაეგზავნა მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2014 წლის 27 სექტემბერს ჩაბარდა მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს, შვილს - ნ. ა-ს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია შემდეგი: თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ იგი პირადად ადრესატს არ ჩაბარდება თუმცა მისი მიმღები პირი უნდა იყოს ადრესატის ოჯახის ქმედუნარიანი წევრი.
ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მ. ა-ს ჩაბარდა 2014 წლის 27 სექტემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის გამოსწორების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 28 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 2 ოქტომბერს 24:00 საათზე, კასატორს ამ ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი მ. ა-ს არ გამოუსწორებია და არც სხვა შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად მიღების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე