Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-899-861-2014 10 ოქტომბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები _ ვ. ტ-ი, გ. ჯ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „მ. კ-ო“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ დავალიანების გადახდის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ. კ-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეების – ვ. ა-ს, მ. ა-ს, ვ. ტ-სა და გ. ჯ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2012 წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი თანხის – 3032,82 აშშ დოლარის, დარიცხული პროცენტის – 434,88 აშშ დოლარის, დაზღვევის –37,18 აშშ დოლარის და ჯარიმის – 1500 აშშ დოლარის გადახდა, სულ 5002,88 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხე ვ. ა-ს ინდივიდუალურად დაეკისრა ძირითადი თანხის – 265,98 აშშ დოლარის, დარიცხული პროცენტის – 41,7 აშშ დოლარის, დაზღვევის – 3,4 აშშ დოლარის და ჯარიმის – 100 აშშ დოლარის, სულ 411,08 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ა-მ, მ. ა-მ, ვ. ტ-მა, გ. ჯ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ა-ის, მ. ა-ის, ვ. ტ-ისა და გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება ვ. ა-ისათვის, მ. ა-ისათვის, ვ. ტ-ისათვის დაგ. ჯ-ისათვის ჯარიმის სახით 1500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ვ. ა-ს, მ. ა-ს, ვ. ტ-სა და გ. ჯ-ს შპს „მ. კ-ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდა 1000 აშშ დოლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩე უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს განჩინებით ვ ა-მ, მ. ა-მ, ვ. ტ-მა, გ. ჯ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ვ. ა-ის, მ. ა-ის, ვ. ტ-ისა და გ. ჯ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

2014 წლის 23 სექტემბერს ვ. ა-მ წარმოადგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გორის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის – გ. კ-ის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად მხოლოდ ვ. ა-ისა და მ. ა-ის ოჯახი იღებს საარსებო შემწეობას, მაგრამ არ წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ვ. ტ-სა და გ. ჯ-ს დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინონ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის დამადასტურებელი ქვითარი

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ვ. ტ-ს პირადად ჩაბარდა 2014 წლის 30 სექტემბერს, ხოლო გ. ჯ-ს – 1 ოქტომბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებსს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ტ-ისა და გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი სატელეფონო შეტყობინებით ვ. ტ-ს პირადად ჩაბარდა 2014 წლის 30 სექტემბერს, ხოლო გ. ჯ-ს – 1 ოქტომბერს, საქმეში მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.116-117). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა ვ. ტ-ისათვის დაიწყო 2014 წლის 1 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 3 ოქტომბერს, ხოლო გ. ჯ-ისათვის – 2014 წლის 2 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 6 ოქტომბერს, ვინაიდან 4-5 ოქტომბერი იყო არასამუშაო დღეები – შაბათი-კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ტ-ისა და გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეიმურაზ თოდრია