Facebook Twitter

საქმე №ას-967-928-2014 24 ოქტომბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა. კ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე მ. დ-ის სარჩელის გამო, ა. კ-ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ა. კ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა მის მიერ უკვე გადახდილი 178 ლარის გათვალისწინებით;

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო პალატის განჩინება სატელეფონო შეტყობინებით ჩაბარდა ლელა ბჟალავას;

საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის თანახმად, ლ. ბ-ა იცავს ა.კ-ის საპროცესო უფლებებს, მათ შორის მარწმუნებელს მინიჭებული აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი.

დადასტურებულად მიჩნეული ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება, საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი ნორმებით, გარდა იმ დანაწესებისა, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებაში სპეციალურ რეგულაცია ადგენენ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.

მოცემულ შემთხვევაში ა.კ-ის საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეეხებოდა რა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდას, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს - 2014 წლის 7 ოქტომბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, ხარვეზის გამოსწორების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო შეტყობინების ჩაბარების მომდევნო კალენდარულ დღეს - 2014 წლის 8 ოქტომბერს და ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე ემთხვეოდა დასვენების დღეს - კვირას, იგი ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს, ორშაბათს - 2014 წლის 13 ოქტომბერს. კასატორს ამ დროის განმავლობაში სასამართლოსათვის არც დადგენილი ხარვეზის გამოსწორების და არც სხვა სახის შუამდგომლობით არ მოუმართავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი ა. კ-ის არ გამოუსწორებია და არც სხვა შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს წინამდებარე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად მიღების წინაპირობები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული ნორმის თანახმად, ვინაიდან არ არსებობს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები, პალატა მიიჩნევს, რომ ა.კ-ის უნდა დაუბრუნდეს დ. გ-ის მიერ ა.კ-ის სახელით 2014 წლის 3 ივლისს N05 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 178 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. ა. კ-ის (პ/N......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს დ. გ-ის მიერ ა.კ-ის სახელით 2014 წლის 3 ივლისს N05 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 178 ლარი.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე