საქმე №ას-970-931-2014 24 ოქტომბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა. ე-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე ს. კ-ის სარჩელის გამო, ა. ე-ის მიმართ, რეალიზაციის გზით უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ე-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ა. ე-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 500 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის საკასაციო სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტა მხარეს როგორც დაკისრებული საპროცესო მოქმედების შესრულების წესი, ისე მისი შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე;
ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო პალატის განჩინება სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა ტ. ჭ-ს;
საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის თანახმად, ტ. ჭ-ე იცავს ა. ე-ის საპროცესო უფლებებს, მათ შორის მარწმუნებელს მინიჭებული აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი.
დადასტურებულად მიჩნეული ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება, საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი ნორმებით, გარდა იმ დანაწესებისა, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებაში სპეციალურ რეგულაციას ადგენენ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.
მოცემულ შემთხვევაში ა. ე-ის საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეეხებოდა რა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდას, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს - 2014 წლის 7 ოქტომბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, ხარვეზის გამოსწორების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო შეტყობინების ჩაბარების მომდევნო კალენდარულ დღეს - 2014 წლის 8 ოქტომბერს და ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე - 14 ოქტომბერი ემთხვეოდა უქმე დღეს, იგი ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 2014 წლის 15 ოქტომბერს. კასატორს ამ დროის განმავლობაში სასამართლოსათვის არც დადგენილი ხარვეზის გამოსწორების და არც სხვა სახის შუამდგომლობით არ მოუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი ა. ე-ს არ გამოუსწორებია და არც სხვა შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად მიღების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ე-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე