საქმე №ას-989-950-2014 24 ოქტომბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „ბ. რ-ის“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე შპს „ბ. რ-ის“ სარჩელის გამო, სს „ს. რ-ის“ მიმართ, მუსიკალური ვიდეო რგოლის ღირებულების დაკისრების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ბ. რ-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინებით შპს „ბ. რ-ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5-დღიანი საპროცესო ვადის დაცვით სახელმწიფო ბაჟის - 580,25 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა;
ამავე განჩინებით განემარტა მხარეს როგორც ხარვეზის გამოსწორების წესი, ისე მისი გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე;
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინებით ჩაბარდა ვ. კ-ას 2014 წლის 8 ოქტომბერს;
საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის თანახმად, ვ. კ-ას შპს „ბ. რ-ის“ დირექტორი ანიჭებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
დადასტურებულად მიჩნეული ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება, საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი ნორმებით, გარდა იმ დანაწესებისა, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებაში სპეციალურ რეგულაცია ადგენენ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.
მოცემულ შემთხვევაში შპს „ბ. რ-ის“ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეეხებოდა რა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდას, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს - 2014 წლის 8 ოქტომბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, ხარვეზის გამოსწორების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო შეტყობინების ჩაბარების მომდევნო კალენდარულ დღეს - 2014 წლის 9 ოქტომბერს და ამოიწურა 2014 წლის 13 ოქტომბერს. კასატორს ამ დროის განმავლობაში სასამართლოსათვის არც დადგენილი ხარვეზის გამოსწორების და არც სხვა სახის შუამდგომლობით არ მოუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შპს „ბ. რ-ს“ არ გამოუსწორებია და არც სხვა შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს წინამდებარე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად მიღების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ბ. რ-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე