Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1019-974-2013 3 ოქტომებრი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ხ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. გ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ხ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. გ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან შემდეგი მოძრავი ნივთების გამოთხოვა: საძინებელი გარნიტური (გარდერობი ანტრესოლით, ორი საწოლით და ტუმბოებით); დივანი, ორი სავარძელი და ყავისფერი ყვავილებიანი მაგიდა; შემოსასვლელის კარადა; ხისფერი სამზარეულოს კარადა 6 ცალი, ნიჟარით; „ბეკოს“ ფირმის გაზქურა; „სამსუნგის“ ფირმის მაცივარი; ძველებური სახიანი ჭრელი ფარდაგი ზომით 1,5მX2მ; დეკორატიული ხე; ტელევიზორის დასადგმელი მაგიდა; „სუპერმაქსის“ ფირმის სატელიტური ანტენების ორი თეფში რესივერით; ორი ცალი მატყლის ნალი; ორი ცალი მატყლის საბანი; წითელი ფერის 4 ცალი ბალიში; თეთრეულის 2 კომპლექტი, წითელი ვარდებით; 3 ცალი მოჭიქული თეთრი ფერის ქვაბი, ორი ცალი მწვანე წითელყვავილებიანი ქვაბი, ერთი ცალი ქვაბი შინდისფერი ხაზით; თიხის ვაზა; 8 ცალი წიგნი „საბავშვო ზღაპრები“ - ავტორი ლელა ზურაბიანი; 2 ცალი „საოჯახო წიგნი“; ბავშვის საწოლის; ბავშვის ვარდისფერი ლოგინი; 4 ცალი ბავშვის სათამაშო თოჯინა; ფარდები 5 ფანჯრისათვის, ღამის 5 ცალი ფარდა, სამზარეულოს ფარდა ერთ ფანჯრისათვის; ღამის სანათი; მწვანე ფერის ხელოვნური პალმა ყავისფერი ქოთნით; ტელეფონი „მაგთი ფიქსი“; ნაძვის ხე და ნაძვის ხის სათამაშოები; „JOHN JBEILI-ის“ ფირმის მაჯის საათი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ სადავო ნივთები თანაცხოვრების პერიოდშია შეძენილი და არ განეკუთვნება მოსარჩელის მზითევს, ხოლო მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და თანხმობა განაცხადა მოსარჩელეს დაუბრუნოს შემდეგი ნივთები: 1,5 მX2მ ძველებური ფარდაგი სახიანი ჭრელი; ორი მატყლის ნალი; ორი მატყლის საბანი; წითელი ფერის 4 ბალიში; თეთრეულის 2 კომპლექტი, წითელი ვარდებით; მოჭიქული თეთრი ფერის 3 ქვაბი; მწვანე წითელყვავილებიანი ორი ქვაბი; ერთი შინდისფერი ქვაბი; თიხის ვაზა; წიგნები „საბავშვო ზღაპრები“ - ავტორი ლელა ზურაბიანი; 2 ცალი „საოჯახო წიგნი“; ბავშვის საწოლი; ბავშვის ვარდისფერი ლოგინი; საბავშვო სათამაშო თოჯინები 4 ცალი; ფარდები 5 ფანჯრისათვის, სამზარეულოს ფარდა ერთი ფანჯრისათვის; ტელეფონი „მაგთი ფიქსი“; ნაძვის ხე და ნაძვის ხის სათამაშოები;

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ნივთების ნაწილი, ხოლო დანარჩენი ნივთების გამოთხოვაზე მხარეს ეთქვა უარი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ ნაწილობრივ, კონკრეტული მოძრავი ნივთების გამოთხოვის ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ივლისის განჩინებით შ. გ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ნ.ხ-მა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 სექტემბრის განჩინებით ნ. ხ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ხ-ის სარჩელი და შ. გ-ის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა საძინებელი გარნიტური (გარდერობი ანტრესოლით, ორი საწოლითა და ტუმბოებით); დივანი, ორი სავარძელი და ყავისფერი, ყვავილებიანი მაგიდა; „ბეკოს“ ფირმის გაზქურა; ძველებური სახიანი ჭრელი ფარდაგი ზომით 1,5მX2მ; დეკორატიული ხე; ტელევიზორის დასადგმელი მაგიდა; „სუპერმაქსის“ ფირმის სატელიტური ანტენების ორი თეფში „რესივერით“; ორი ცალი მატყლის ნალი; ორი ცალი მატყლის საბანი; წითელი ფერის 4 ცალი ბალიში; თეთრეულის 2 კომპლექტი, წითელი ვარდებით; 3 ცალი მოჭიქული თეთრი ფერის ქვაბი, ორი ცალი მწვანე წითელი ყვავილებიანი ქვაბი, ერთი ცალი ქვაბი შინდისფერი ხაზით; თიხის ვაზა; 8 ცალი წიგნი „საბავშვო ზღაპრები“ – ავტორი ლელა ზურაბიანი; 2 ცალი წიგნი „საოჯახო წიგნი“; ბავშვის საწოლი; ბავშვის ვარდისფერი ლოგინი; 4 ცალი საბავშვო სათამაშო თოჯინა (გოგონები); ფარდები 5 ფანჯრისათვის, 5 ცალი ღამის ფარდა, სამზარეულოს ფარდა ერთი ფანჯრისათვის; ღამის სანათი; მწვანე ფერის ხელოვნური პალმა ყავისფერი ქოთნით; ტელეფონი „მაგთი ფიქსი“; ნაძვის ხე და ნაძვის ხის სათამაშოები; „JOHN JBEILI-ის“ ფირმის მაჯის საათი.ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა შემოსასვლელის კარადის, სამზარეულოს კომპლექტის, „სამსუნგის“ ფირმის მაცივრის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.

შ. გ-ის სააპელაციო საჩივრის შესაბამისად, აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა დივანი, ორი სავარძელი და ყავისფერი ყვავილებიანი მაგიდა, „ბეკოს“ ფირმის გაზქურა, ტელევიზორის დასადგმელი მაგიდა და „JOHN JBEILI-ის“ ფირმის მაჯის საათი, ხოლო შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა შემოსასვლელის კარადის, სამზარეულოს კომპლექტისა და „სამსუნგის“ ფირმის მაცივრის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებზე, რომ ძირითადი სააპელაციო საჩივრის დავის საგანია კონკრეტული ნივთების: დივნის, ორი სავარძლისა და ყავისფერი ყვავილებიანი მაგიდის, „ბეკოს“ ფირმის გაზქურის, ტელევიზორის დასადგამი მაგიდისა და „JOHN JBEILI-ის“ ფირმის მაჯის საათის მფლობელობის კანონიერების საკითხი, მაშინ, როდესაც შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას სხვა ნივთების, კერძოდ, შემოსასვლელი კარადის, სამზარეულოს კომპლექტისა და „სამსუნგის“ ფირმის მაცივრის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაზე უარის თქმის ნაწილში, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების პროცესუალური საფუძველია.

ამდენად, აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შეგებებული სააპელაციო საჩივარი თავისი სამართლებრივი შინაარსით არ წარმოადგენდა ძირითად სააპელაციო საჩივარზე შეგებებულ სააპელაციო მოთხოვნას, მისი დასაშვებობის შემოწმებისას უნდა დადგენილიყო შეესაბამებოდა თუ არა იგი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქმის მასალებით დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე ნ. ხ-ს ჩაბარდა 2013 წლის 4 ივნისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით, ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნ. ხ-ისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 5 ივნისიდან და ამოიწურა 2013 წლის 18 ივნისს. სააპელაციო საჩივარი (შეგებებული სააპელაციო საჩივარი) კი, წარდგენილი იყო 2013 წლის 5 აგვისტოს, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლების, 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. ხ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივართან ერთად განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად ნ. ხ-ის მიერ წარდგენილი შეგებებული სააპელაციო საჩივარი. ნ.ხ-ს არ გაუსაჩივრებია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში, არამედ შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა მას შემდეგ, რაც მისმა მოწინააღმდეგე მხარემ შეიტანა ძირითადი სააპელაციო საჩივარი, ისე, რომ მოსარჩელეს სააპელაციო საჩივრის წარდგენაზე უარი არ უთქვამს. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10-დღიანი ვადის დაცვით ნ.ხ-მა შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლით გათვალისწინებულ მხარის უფლებას წარმოადგენს. სადავო შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც ძირითადი აპელანტის სასარგებლოდაა გამოტანილი. ამდენად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების მოთხოვნებიდან, ამასთანავე, ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკასაც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ნ.ხ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, კერძო საჩივარი შეიცავს სამართლებრივ დასაბუთებას სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, რის გამოც არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რის გამოც სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

გასაჩივრებული განჩინების საპროცესო კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ, ისეთ მნიშვნელოვან საპროცესო-სამართლებრივ ინსტიტუტთან დაკავშირებით, როგორიცაა შეგებებული სააპელაციო საჩივრის არსი და მისი დასაშვებობის წინაპირობები, არასწორად განმარტა კანონი და არასწორად დატოვა განუხილველად ნ. ხ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

საქმის მასალების შესწავლით ირკვევა შემდეგი გარემოებები:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ნივთების ნაწილი, ხოლო დანარჩენი ნივთების გამოთხოვაზე მხარეს ეთქვა უარი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ ნაწილობრივ, კონკრეტული მოძრავი ნივთების გამოთხოვის ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ივლისის განჩინებით შ. გ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

შ.გ-ის სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და 2013 წლის 26 ივლისს პირადად ჩაბარდა ნ.ხ-ს.

სასამართლო შეტყობინების ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადის დაცვით - 2013 წლის 5 აგვისტოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით ნ.ხ-მა შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 სექტემბრის განჩინებით ნ. ხ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი შეგებებული სააპელაციო საჩივარი თავისი სამართლებრივი შინაარსით არ წარმოადგენდა ძირითად სააპელაციო საჩივარზე შეგებებულ სააპელაციო მოთხოვნას, არ იყო მიმართული ძირითადი სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილი კონკრეტული ნივთების გამოთხოვის წინააღმდეგ, რის გამოც ნ.ხ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას უნდა დადგენილიყო შეესაბამებოდა თუ არა იგი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნისა და საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე ნ. ხ-ს ჩაბარდა 2013 წლის 4 ივნისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნ. ხ-ისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 5 ივნისიდან და ამოიწურა 2013 წლის 18 ივნისს. სააპელაციო საჩივარი (შეგებებული სააპელაციო საჩივარი) კი, წარდგენილი იყო 2013 წლის 5 აგვისტოს, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. ამ გარემოებათა გათვალისწინებით კი, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა შეგებებული სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობები.

კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ამ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს კანონის სწორი განმარტებიდან.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ ისინი სამართლებრივად, სწორედ დასაბუთებული პრეტენზიის შემცველია.

იმისათვის, რათა შემოწმდეს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მართებულობა, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს შეგებებული სააპელაციო საჩივრის ინსტიტუტის სამართლებრივ ბუნებაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე და 379-ე მუხლები წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმებს და დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანონ სააპელაციო საჩივარი, თუმცა ისეთი მხარისათვის, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზით არ სურდა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება (მაგ: აღარ უნდოდა დავის გაგრძელება), ან კანონის მოთხოვნათა დარღვევის (მაგ: სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის) გამო არ წარადგინა ძირითადი სააპელაციო პრეტენზია, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ კანონით კონკრეტულად განსაზღვრულ ვადაში შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის შესაძლებლობა, იგი შეიძლება განხილულ იქნას ასევე ე.წ დაგვიანებულ სააპელაციო საჩივრად.

უპირველეს ყოვლისა, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ინსტიტუტთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე იგი საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე პრინციპის - დისპოზიციურობის კლასიკური გამოხატულებაა და მოიცავს მხარის ისეთ შესაძლებლობასაც კი, რომ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება მაშინაც, თუ მას წერილობით აქვს უარი ნათქვამი სააპელაციო საჩივრის წარდგენაზე (სსსკ 370-ე მუხლი).

შეგებებული სააპელაციო საჩივრის მიმართ სრულად ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ ის მოთხოვნები, რომლებსაც კანონმდებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით უდგენს ძირითად სააპელაციო საჩივარს, ასევე ქონებრივ დავაში საჩივრის საგნის ღირებულების ზღვრული ოდენობის საკითხი. შეგებებული სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვებისას სასამართლოს დამატებით ევალება მხარის მიერ 10-დღიანი საპროცესო ვადის დაცვის უტყუარად გამორკვევა.

საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას ძირითადი და შეგებებული სააპელაციო საჩივრის ურთიერთკავშირის თაობაზე, თუმცა, განმარტავს, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე ამ ურთიერთკავშირის ფარგლებს თავად კანონი განსაზღვრას: ძირითადი სააპელაციო საჩივრის გამო საქმის წარმოების შეწყვეტისა თუ მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში, შეგებებული სააპელაციო საჩივარიც იმავე შედეგის მატარებელი გახდება. კანონის ამ დათქმის უფრო ფართოდ განმარტება ეწინააღმდეგება თავად შეგებებული სააპელაციო საჩივრის სამართლებრივ ბუნებას, რამდენადაც შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარისაგან თავდაცვის დამატებით და ქმედით საპროცესო საშუალებას. თუ სააპელაციო საჩივარზე წარდგენილი შესაგებლით მხარე უარყოფს პროცესუალური ოპონენტის მოსაზრებებს, შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიზნად ისახავს როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რომელიც მის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ასევე მის სასარგებლოდ მიღებული და ძირითადი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილის უცვლელად დატოვებას.

შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონმდებელი ადგენს რა სპეციალურ წინაპირობებს, სასამართლოს არ აქვს რაიმე უფლებამოსილება, მისი განსახილველად დაშვებისათვის დააწესოს დამატებითი, კანონით გაუთვალისწინებელი საფუძვლები, მაგალითად, როგორც ეს შეგებებული სარჩელის შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლში გვხვდება.

მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის ძალით სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისათვის დადგენილი წესებით, თუმცა აღნიშნული დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისათვის კონკრეტული საკითხის მომწესრიგებელი ნორმა გათვალისწინებული არ არის. განსახილველ შემთხვევასთან მიმართებაში კი, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოში შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის წესს და, როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთ დროს შეგებებული სარჩელის მიღების პირობების მსგავს მოთხოვნებს არ ადგენს (იხ. ასევე სუსგ №ას-155-424-08; 7 მაისი, 2008 წელი).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობს სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 სექტემბრის განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები, შესაბამისად, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს ნ. ხ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახალი განხილვისათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ხ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 სექტემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ნ. ხ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე