Facebook Twitter

№ას-1023-981-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - თ. ც-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა. ჩ-ა, გ. გ-ა, გ. ჩ-ა, გ. გ-ე, ვ. ქ-ე, თ. ნ-ე, თ. ბ-ა, თ. კ-ი, ი. ს-ა, ლ. მ-ი, მ. წ-ი, მ. ლ-ე, ნ. ბ-ა, ნ. შ-ა, ტ. შ-ე, იბა „მ-ის 7“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ივლისის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ც-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ა. ჩ-ას, გ. გ-ას, გ. ჩ-ას, გ. გ-ის, ვ. ქ-ის, თ. ნ-ის, თ. ბ-ას, თ. კ-ის, ი. ს-ას, ლ. მ-ის, მ. წ-ის, მ. ლ-ის, ნ. ბ-ას, ნ. შ-ას, ტ. შ-ისა და იბა „მ-ის 7“-ის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ც-ას სარჩელი უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ივლისის საოქმო განჩინებით აპელანტების გ. გ-ას, გ. ჩ-ას, გ. გ-ის, ვ. ქ-ის, თ. ნ-ის, მ. წ-ის, ნ. შ-ას, ტ. შ-ის, ი. ს-ასა და იბა „მ-ის 7“-ის წარმომადგენელ თ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა წარმოება საქმეზე №2ბ/6826-13 აპელანტების ა. ჩ-ას, გ. გ-ას, გ. ჩ-ას, გ. გ-ის, ვ. ქ-ის, თ. ნ-ის, თ. ბ-ას, თ. კ-ის, ი. ს-ას, ლ. მ-ის, მ. წ-ის, მ. ლ-ის, ნ. ბ-ას, ნ. შ-ას, ტ. შ-ისა და იბა „მ-ის 7“-ის სააპელაციო საჩივრის გამო, მოწინააღმდეგე მხარე - თ. ც-ას მიმართ ადმინისტრაციულ საქმეზე №/3/3744/13 საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ც-ამ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ც-ას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ივლისის გასაჩივრებული დასაბუთებული საოქმო განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა თ. ც-ას წარმომადგენელი ა. თ-ი (იხ. რწმუნებულება ტ.I, ს.ფ.66-68) (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, ტ.II, ს.ფ. 199-209).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრების თორმეტდღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2014 წლის 9 ივლისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

აღნიშნული ნორმების ანალიზიდან ნათელია, რომ კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2014 წლის 9 ივლისს და დამთავრდა 2014 წლის 21 ივლისს (20 ივლისი იყო დასვენების დღე). კერძო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2014 წლის 25 ივლისს (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ კერძო საჩივარზე დასმული სარეგისტრაციო შტამპი ტ. II, ს.ფ.223), კერძო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 2014 წლის 25 ივლისი (იხ.ტ.II, ს.ფ.227), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ. ც-ას კერძო საჩივარი შემოტანილია გასაჩივრების თორმეტდღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მეექვსე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.

ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესებიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება დაბრუნებას. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ა. თ-ის მიერ 2014 წლის 25 ივლისს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 416-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ც-ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. თ. ც-ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ა. თ-ის მიერ 2014 წლის 25 ივლისს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი