საქმე №ას-1080-1031-2013 8 ოქტომებრი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ო. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს მთავარი პროკურატურა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი დაკმაყოფილდა, დაუსაბუთებლად და უკანონოდ იქნა ცნობილი ე. კ-ის ნათესავებისა და მასთან დაკავშირებული პირების მფლობელობაში არსებული, მათ შორის, ო. მ-ის, როგორც ე. კ-თან დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებული ქონება, კერძოდ, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ში მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით (სარეგისტრაციო ზონა – ხელვაჩაური, სექტორი – გ-ო, კვარტლის №01, ნაკვეთი №144, ფართობი – 1000 კვ.მ უფლება – კერძო საკუთრება). აღნიშნული ქონება ჩამოერთვა მოპასუხეს და გადაეცა სახელმწიფოს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 2009 წლის 12 ივნისს სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. მ-მ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც დადგინდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ში მდებარე მისი უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივლისის განჩინებით ო. მ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, შესაბამისად, განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ო.მ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო.
2013 წლის 31 ივლისს ო. მ-მ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც განმცხადებელს სხვა პირებთან ერთად ჩამოერთვა ქონება და გადაეცა სახელმწიფოს, ო.მ-ისათვის ცნობილი გახდა 2009 წლის 3 ივნისს, ხოლო გადაწყვეტილება მას ჩაბარდა 2009 წლის 4 ივნისს რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრა 2009 წლის 12 ივნისს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის გასვლის გამო. სასამართლომ დაადგინა, რომ ო. მ-ს გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ იგი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდა და გადასული იყო სხვა მისამართზე, ანუ სასამართლომ ჩათვალა, რომ ო. მ-ს გადაწყვეტილება გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ არ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ იგი მითითებული მისამართიდან - ბათუმი, თ-ის ქN14-დან გადასულია. ო.მ-ს სასამართლოსათვის წარდგენილი აქვს სამი დოკუმენტი იმის დასტურად, რომ მას არასდროს არ უცხოვრია ბათუმში თ-ის ქN14-ში, რომელიც სასამართლომ მიიჩნია მის მისამართად, სწორედ ამას ადასტურებს მის მიერ ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებები.
ამასთანავე, განმცხადებელმა მიუთითა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის წერილზე, რომლის თანახმადაც მოცემულ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა ამ ეტაპზე არც ერთი პირის მიმართ არ მიმდინარეობს. ამჟამად საქმის მასალებით არ დგინდება მოქალაქე ო. მ-ის კავშირი (ნათესაური ან რაიმე სხვა სახის, თუნდაც ნაცნობობა) ე. კ-თან, ხოლო რაც შეეხება ამ უკანასკნელის ფინანსურ შესაძლებლობებს, სადავო უძრავი ქონების 2005-2007 წლებში აშენებასთან დაკავშირებით, საქმის მასალების თანახმად, ო. მ-ის ოჯახს გააჩნდა გარკვეული შემოსავალი, რაც შესაძლებელს ხდიდა მოცემული უძრავი ქონების აშენებას.
განმცხადებელმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 423-ე. 424-ე, 425-ე, 427-ე, 429-ე, 430-ე, 431-ე მუხლებზე და ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ო. მ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ განმცხადებელი დავობდა იმაზე, რომ მისთვის ცნობილი გახდა და სასამართლოსთვის წარდგენილი ჰქონდა სამი დოკუმენტი იმის დასტურად, რომ მას არასდროს არ უცხოვრია ქ.ბათუმში თ-ის ქN14-ში, რომელიც სასამართლომ მიიჩნია მის მისამართად და რაც საფუძვლად დაედო სასამართლოს დასკვნას, რომ აპელანტმა გაუშვა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა. მისამართზე, სადაც სასამართლო უგზავნიდა გადაწყვეტილებას, განმცხადებელს არასდროს უცხოვრია, სწორედ ამას ადასტურებდა მის მიერ ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებები.
პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი, უკანონოდ და დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი ე. კ-ისა და მასთან დაკავშირებული პირების (სულ: 11 მოპასუხე) მფლობელობაში არსებული ქონება და გადაეცა სახელმწიფოს, მათ შორის, უკანონოდ და დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი ო. მ-ის, როგორც ე. კ-თან დაკავშირებული პირის ქონება, კერძოდ, ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ გ-ში მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით. ეს ქონება ჩამოერთვა მოპასუხეს და გადაეცა სახელმწიფოს.
აღნიშნული გადაწყვეტილება, ო. მ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის განჩინებით, იმ მოტივით, რომ გასული იყო სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით დადგენილი ვადა, დარჩა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ო. მ-ის კერძო საჩივარი და ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივლისის განჩინება უცვლელად იქნა დატოვებული.
კერძო საჩივრის წარდგენისას ო. მ-ე აპელირებდა, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი, სადაც მას გაეგზავნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, არასწორად იყო მითითებული. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებებით ცდილობდა დაედასტურებინა, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი იყო ქ.ბათუმი თ-ის ქN34. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად ო მ-მ წარადგინა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 15 ივნისის №115709 წერილი, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ 2009 წლის 15 ივნისს გაცემული საინფორმაციო ბარათი, რაც საკასაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული და მიუთითა, რომ ო. მ-ს გალისა და გულრიფშის რაიონულ სასამართლოში 2006 წლის 27 სექტემბერს წარდგენილ შესაგებელში თავის საცხოვრებელ ადგილად მითითებული ჰქონდა ქ.ბათუმი თ-ის ქN14.
ამდენად, გაზიარებულ იქნა საქართველოს მთავარი პროკურატურის მოსაზრება, რომ განმცხადებლის საცხოვრებელ ადგილად ქ.ბათუმი, თ-ის ქN14-სა და არა თ-ის ქN34-ის მიჩნევის თაობაზე მხარისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2009 წელს - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივრის წარდგენისას, შესაბამისად, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული მტკიცება იმისა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 30 ივლისის წერილი წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივლისის განჩინებაზე, არამედ ის იყო კიდევ ერთხელ დადასტურება იმ ფაქტისა, რაც მხარისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2009 წელს.
ასევე გაზიარებულ იქნა საქართველოს მთავარი პროკურატურის მოსაზრება, რომ ო. მ-მ აღნიშნული საფუძვლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოითხოვა გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სადაც ასევე აპელირებდა არასწორად მითითებულ საცხოვრებელ მისამართზე. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მითითებული განცხადება დაუშვებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული. აღნიშნული განჩინება კი, თავის მხრივ, ძალაში იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 იანვრის განჩინებით.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით, 423-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიიჩნია, რომ მხარისათვის ამ საფუძვლის არსებობა ცნობილი იყო 2009 წელს, როდესაც მან წარადგინა კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის განჩინებაზე და ასევე განცხადებით მიმართა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს და ამავე საფუძვლით მოითხოვა გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, შესაბამისად, განცხადება უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და უარი ეთქვა ო.მ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ო. მ-მ, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით:
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში მითითებულ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ მის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ ქ.ბათუმში, თ-ის ქN14-ში არასოდეს უცხოვრია. 2009 წლის 2 ივლისის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ კი დადგენილად ცნო, რომ ო.მ-ე სწორედ ამ მისამართზე ცხოვრობდა და ამ გარემოებების დასადასტურებლად დაეყრდნო სარჩელს, მოპასუხის შესაგებელსა და ხელვაჩაურის რაიონის არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებას, რაც არასწორია, სასამართლო არასწორად დაეყრდნო იმ დროს მოქმედი რედაქციის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნებს. რაც მთავარია, კერძო საჩივრის ავტორს ამ მისამართზე არასოდეს უცხოვრია, ქონება აღრიცხული იყო დ. ბ-ის საკუთრებად, რომელიც მხარის ნათესავი არ არის. პირველი ინსტანციის სასამართლომ ო.მ-ე, როგორც მოპასუხე, საქმის განხილვაზე არ მიიწვია, რის გამოც მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, დაეცვა თავისი კანონიერი ინტერესები. სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე მხარისათვის ცნობილი გახდა 2009 წლის 3 ივნისს, როდესაც მასთან გამოცხადდა აღმასრულებელი, ხოლო გადაწყვეტილება ჩაბარდა 2009 წლის 4 ივნისს. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 423-ე, 424-ე, 425-ე, 426-ე, 429-ე, 430-ე, 431-ე მუხლების დისპოზიციებზე და განმარტა, რომ მან სასამართლოს განცხადებით მიმართა არა ახალი გარემოების შეტყობის გამო, არამედ მოიპოვა ახალი მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი, სასამართლო აღარ მიუთითებდა, რომ მხარემ ვერ დაამტკიცა მისამართის შეუცვლელობის თაობაზე.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის ცნობის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა ამ ეტაპზე არც ერთი პირის მიმართ არ მიმდინარეობს, ამჟამად საქმის მასალებით არ დგინდება მოქალაქე ო. მ-ის კავშირი (ნათესაური ან რაიმე სხვა სახის, თუნდაც ნაცნობობა) ე. კ-თან, ხოლო, რაც შეეხება ამ უკანასკნელის ფინანსურ შესაძლებლობას სადავო უძრავი ქონების 2005-2007 წლებში აშენებასთან დაკავშირებით, საქმის მასალებით ო. მ-ის ოჯახს გააჩნდა გარკვეული შემოსავალი, რაც შესაძლებელს ხდიდა უძრავი ქონების აშენებას, დღეისათვის წარმოდგენილი დოკუმენტით თვით მოსარჩელე მხარე ადასტურებს, რომ კერძო საჩივრის ავტორის კავშირი ე.კ-თან არ დასტურდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ომარ მახარაძის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად დასტურდება, რომ 2013 წლის 31 ივლისის განცხადებით ო. მ-ე მოითხოვდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივლისის განჩინების გაუქმებას. საქმის წარმოების განახლების ფაქტობრივ საფუძვლად კი, განმცხადებელი მიუთითებდა შემდეგს: ა) ცნობილი გახდა მტკიცებულებები, რომლებიც საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ გაცემული დოკუმენტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ მიმდინარეობს. ამჟამად საქმის მასალებით არ დგინდება მოქალაქე ო. მ-ის კავშირი (ნათესაური ან რაიმე სხვა სახის, თუნდაც ნაცნობობა) ე. კ-თან, ხოლო რაც შეეხება ამ უკანასკნელის ფინანსურ შესაძლებლობებს, სადავო უძრავი ქონების 2005-2007 წლებში აშენებასთან დაკავშირებით, საქმის მასალების თანახმად, ო. მ-ის ოჯახს გააჩნდა გარკვეული შემოსავალი, რაც შესაძლებელს ხდიდა უძრავი ქონების აშენებას.
ამ კუთხით განმცხადებელმა წარადგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს F13000203 და F13000204 ოქმები ფაქტების კონსტატაციის შესახებ, შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს 2013 წლის 30 ივლისის ცნობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის 2013 წლის 11 აპრილის ცნობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ წარდგენილი განცხადება სრულად აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც სასამართლომ განცხადება მიიჩნია დასაშვებად და დანიშნა საქმის განხილვა.
2013 წლის 25 სექტემბრის გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა ო.მ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებით (განჩინებით) შეფასება მისცა მხოლოდ იმ გარემოებას, წარმოადგენდა თუ არა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს ის ფაქტი, რომ მხარე საქმეში მითითებულ იმ მისამართზე არ ცხოვრობდა, სადაც ეგზავნებოდა შეტყობინება.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საქმის წარმოების განახლების წინაპირობას არ წარმოადგენდა სააპელაციო პალატის მიერ 2013 წლის 25 სექტემბრის განჩინებით შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რადგანაც ამ გარემოებათა თაობაზე მხარისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2009 წლის 2 ივლისის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების დროს.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის Nას-877-1163-09 განჩინების, ასევე ო.მ-ის კერძო საჩივრის შესწავლით დასტურდება, რომ ო.მ-ის პრეტენზია, მის მისამართად ქ.ბათუმის, თ-ის ქN14-ის არასწორად მითითების თაობაზე არ იქნა გაზიარებული, ამასთან, კერძო საჩივრის განხილვის დროისათვის მხარეს საქმეში არსებული მისამართის უსწორობის დადასტურების მიზნით წარდგენილი ჰქონდა გარკვეული მტკიცებულებები: შპს „საქართველოს ფოსტის“ წერილი, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაცია, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო ბარათი და ფიზიკურ პირთა წერილობითი განმარტებები.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელმა იმ გარემოების სამტკიცებლად, რომ არ ცხოვრობდა ქ.ბათუმში, თ-ის ქN14-ში წარმოდგინა ფაქტების კონსტატაციის ოქმები და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ გაცემულ ცნობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (სსსკ 423.3). ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად კანონმდებელი მიიჩნევს მხარის მიერ ახალი გარემოებისა და მტკიცებულების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი ვითარების) და ისეთი მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი და საშუალო წინდახედულობის ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა. ამგვარ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან, საქმის არსებითი განხილვის დროს მხარე უთითებდა გარემოებებზე, რომელთა დადასტურებაც ამ მტკიცებულებით სურს და იმ ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მათი ნამდვილობა.
მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 5 აგვისტოს განჩინებით დასაშვებად ცნო რა განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე, მას სრულყოფილად არ გამოუკვლევია განცხადებაში მითითებული გარემოებანი.
როგორც უკვე აღინიშნა, მხარე საქმის წარმოების განახლებას ასევე მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ გაცემული დოკუმენტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ მიმდინარეობს. ამჟამად საქმის მასალებით არ დგინდება მოქალაქე ო. მ-ის კავშირი (ნათესაური ან რაიმე სხვა სახის, თუნდაც ნაცნობობა) ე. კ-თან, ხოლო, რაც შეეხება ამ უკანასკნელის ფინანსურ შესაძლებლობებს, სადავო უძრავი ქონების 2005-2007 წლებში აშენებასთან დაკავშირებით, საქმის მასალების თანახმად, ო. მ-ის ოჯახს გააჩნდა გარკვეული შემოსავალი, რაც შესაძლებელს ხდიდა უძრავი ქონების აშენებას.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განსაზღვრულ დისპოზიციურობის პრინციპზე, რომელიც სამართალწარმოების სამივე ინსტანციაში მართლმსაჯულების განხორციელების ამოსავალი პრინციპია. მე-3 მუხლის დისპოზიციას კანონმდებელი სხვადასხვა ნორმაში განსხვავებული სახით წარმოადგენს, თუმცა, ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავით დადგენილი წესით გადაწყვეტილების გადასინჯვისას დისპოზიციურობის პრინციპი გამოიხატება მხარის მიერ ფაქტების მითითებასა და ამ ფაქტების დადასტურების მიზნით მტკიცებულებათა წარდგენაში. საქმის წარმოების განახლების მიზნებისათვის კანონის აღნიშნული დათქმა ასახულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე და შემდგომ მუხლებში, რომლითაც რეგულირებულია განცხადების წარდგენის უფლება, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლო მივიდეს ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე გადაწყვეტილების გაუქმების ან მისი ძალაში დატოვების თაობაზე, ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი წინადადებით იმპერატიულადაა განსაზღვრული სასამართლოს ვალდებულება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. განცხადების დასაშვებობის კრიტერიუმები კი, თავის მხრივ, მოცემულია 427-ე მუხლის პირველ ნაწილში, მათ შორისაა განსჯადობის წესის დაცვა.
უდავოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც არ ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორი, შეეხება მის ე.კ-თან დაკავშირებულ პირად მიჩნევას, ქონების დაუსაბუთებლად ცნობასა და სახელმწიფოსათვის გადაცემას.
განმცხადებლის მიერ საქმის წარმოების განახლების ერთ-ერთ საფუძვლად კი, წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლის ფორმალური თვალსაზრისით შესწავლისას დასტურდება, რომ ის მიმართულია გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგ.
მოცემულ შემთხვევაში, ო.მ-ის განცხადების განსახილველად დაშვების ეტაპზე სააპელაციო სასამართლოს შეფასება არ მიუცია რა ზემოაღნიშნული საფუძვლისა და ამ საფუძვლის თაობაზე წარდგენილი მტკიცებულებებისათვის, არ გამოუკვლევია, წარმოადგენდა თუ არა იგი განცხადების ამ პრეტენზიის განხილვაზე განსჯად სასამართლოს, მას არც შემაჯამებელი განჩინებით გამოუკვლევია ზემოაღნიშნული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. აღნიშნული დასკვნა კი, თავის მხრივ, უნდა ემყარებოდეს იმ გარემოებათა ანალიზს, რომელიც სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღებულ საჩივარშია გადმოცემული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო (კერძო) საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა რა განმცხადებლის ზემოაღნიშნულ არგუმენტსა და ამ გარემოების თაობაზე წარდგენილ მტკიცებულებაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ გაცემული ინფორმაციის თაობაზე ო. მ-ის განცხადების დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. მ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 სექტემბრის განჩინება და საქმე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ გაცემული ინფორმაციის თაობაზე ო. მ-ის განცხადების დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე