Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1087-1037-2013 3 ოქტომბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „რ. ჯ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – „დ. კ-ი “ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

„დ. კ-იმ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ. ჯ-ას“ მიმართ შპს „ვ. პ-ას“ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადაცემულ კაპიტალში 70%-იანი წილის დაბრუნებისა და ამ წილის მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინებით „დ. კ-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო შპს „რ. ჯ-ას“ სახელზე რიცხულ შპს „ვ. პ-ას“ 70% წილს, ხოლო დაყადაღებული ქონების სეკვესტრის სახით სამართავად აღმასრულებლისათვის გადაცემის მოთხოვნის ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანა „დ. კ-იმ“, რაც ამავე სასამართლოს 2013 წლის 14 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საქმე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად, გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით შპს „დ. კ-ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი სარჩელის უზრუნველსაყოფად დაყადაღებული ქონების სეკვესტრის სახით აღმასრულებლისათვის გადაცემის თაობაზე უარის თქმის შესახებ და შპს „დ. კ-ის“ განცხადება დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე შპს „რ. ჯ-ას“, როგორც შპს „ვ. პ-ას“ (ს/ნ .....) პარტნიორს, შპს „დ. კ-თან“ დავის საბოლოო განხილვამდე აეკრძალა შპს „ვ. პ-ას“ (ს/ნ .....) პარტნიორთა კრების მოწვევა-ჩატარება, პარტნიორთა კრების ფორმატში გადაწყვეტილებების, მათ შორის, წერილობითი გადაწყვეტილებების მიღება შემდეგი სახის საკითხებთან მიმართებით: ა) ნებისმიერი გადაწყვეტილება საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდის თაობაზე; ბ) ნებისმიერი გადაწყვეტილება საზოგადოების საწესდებო კაპიტალის შემცირების ან პარტნიორთა უფლებების შეცვლის თაობაზე; გ) ნებისმიერი გადაწყვეტილება საზოგადოების გარდაქმნის, გაერთიანების, შერწყმის, შეერთების, გაყოფის, საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის ან სხვა იურიდიული პირის შესყიდვის შესახებ; დ) ნებისმიერი გადაწყვეტილება პარტნიორისათვის დივიდენდების ან სხვა თანხების გადახდის, ან საზოგადოების წილის გადაცემაზე შეზღუდვების დაწესების თაობაზე; ე) ნებისმიერი გადაწყვეტილება საზოგადოების საქმიანობის, საზოგადოების ხელმძღვანელობის ან აუდიტორის შეცვლის შესახებ; ვ) გადაწყვეტილებები სესხის აღების (ან გარანტიების გაცემის) ან სესხის გაცემის, აქტივების რეალიზაციის ან შეძენის თაობაზე; ზ) გენერალური დირექტორის დანიშვნა და განთავისუფლება, მისი ანაზღაურების განსაზღვრა; თ) ფილიალების, შვილობილი კომპანიების, განყოფილებების და წარმომადგენლობების გახსნა და დახურვა; ი) წლიური ბიუჯეტის და გრძელვადიანი განვითარების გეგმის დამტკიცება; კ) სავაჭრო წარმომადგენლობების (პროკურისტების) დანიშვნა და გამოწვევა; ლ) საწარმოს მიერ უძრავი ქონების შეძენა; მ) საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება ნებისმიერი ფორმით (სასყიდლით ან უსასყიდლოდ) და დატვირთვა სხვადასხვა ვალდებულებებით; ნ) საზოგადოების წესდებაში ცვლილება-დამატებების შეტანა, მისი გაუქმება და ახალი წესდების მიღება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სადავო წილზე ყადაღის დადების შესახებ, საჩივარი შეიტანა შპს „რ. ჯ-ამ“, რაც საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საქმე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

„დ. კ-იმ“ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 თებერვალის განჩინების განმარტება.

განცხადებაში მითითებულია, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით მოპასუხე შპს „რ. ჯ-ას“, როგორც შპს „ვ. პ-ას“ პარტნიორს „დ. კ-თან“ დავის საბოლოო განხილვამდე აეკრძალა შპს „ვ. პ-ას“ პარტნიორთა კრების მოწვევა-ჩატარება, პარტნიორთა კრების ფორმატში გადაწყვეტილებების მიღება. ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხეს აეკრძლა ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება საზოგადოების საწესდებო კაპიტალის შემცირების ან პარტნიორთა უფლებების შეცვლის თაობაზე.

განმცხადებელმა მოითხოვა განმარტება, აღნიშნული აკრძალვა გულისხმობდა თუ არა მოპასუხის საკუთრებაში არსებული შპს „ვ. პ-ას“ კაპიტალში წილის გასხვისების აკრძალვას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით შპს „რ. ჯ-ას“ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ამავე სასამართლოს 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით „დ. კ-ის“ განცხადება დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლოს მითითებით, 2013 წლის 18 სექტემბრის განცხადებიდან ირკვეოდა, რომ „დ. კ-ის“ მიერ მოთხოვნილი განმარტების იურიდიული ინტერესი უკავშირდებოდა შპს „რ. ჯ-ას“ საჩივარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების დაკმაყოფილების ნაწილში. განმარტების თაობაზე განცხადება დამოკიდებული იყო მოპასუხის საჩივრის გადაწყვეტასთან.

პალატამ ხაზგასმით მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით შპს „რ. ჯ-ას“ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აღნიშნული პროცესუალური შედეგით დაცული იყო მოსარჩელე მხარის (განმარტების ავტორის) ინტერესი, რამდენადაც განმცხადებელი მოითხოვდა 2013 წლის 11 თებერვლის განჩინების იმგვარად განმარტებას, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი აკრძალვა პარტნიორთა უფლებების შეცვლის თაობაზე გულისხმობდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული შპს „ვ. პ-ას“ კაპიტალში წილის გასხვისების აკრძალვას, ანუ, განმცხადებლის ინტერესს წარმოადგენდა „ვ. პ-ას“ წილის გასხვისების აკრძალვის მიღწევა, რაც ფაქტობრივად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით განხორციელდა კიდეც 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინების ძალაში დატოვებით, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „რ. ჯ-ას“ სახელზე რიცხულ შპს „ვ. პ-ას“ 70% წილს. ყადაღა კი, სამართლებრივად სხვა შეზღუდვებთან ერთად გულისხმობდა ასევე გასხვისების აკრძალვასაც.

სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განცხადების ავტორს აღარ გააჩნდა იურიდიული ინტერესი 2013 წლის 18 სექტემბერს წარდგენილი განცხადების განმარტებისადმი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე განჩინების განმარტება დამოკიდებული იყო მოპასუხის საჩივრის გადაწყვეტაზე, ხოლო აღნიშნულ საჩივარზე განჩინება გამოტანილი იყო, აღარ არსებობს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინების განმარტების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც განცხადება განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც განუხილველად დარჩა „დ. კ-ის“ განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე, შპს „რ ჯ-ამ“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ, ფაქტობრივად, უკანონოდ განმარტა სადავო განჩინება იმგვარად, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლები გააფართოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ შპს „რ. ჯ-ას“ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

შპს „რ. ჯ-ა“ კერძო საჩივრით ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინებას, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული „დ. კ-ის“ განცხადება ამავე სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინების განმარტების თაობაზე.

მიუხედავად განცხადების განუხილველად დატოვებისა, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილით შეფასება მისცა განმარტების საგანს.

საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარეობს იმ პირთა წრე, რომლებიც უფლებამოსილი არიან კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივრონ კანონით გათვალისწინებული განჩინებები. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის კანონმდებელი კერძო საჩივრის სუბიექტებად მიიჩნევს სამართალწარმოების მხოლოდ იმ მხარებს, რომელთა სამოქალაქო უფლებებსაც შეეხო გასაჩივრებული განჩინება, შესაბამისად, პირს შეუძლია, გაასაჩივროს გადაწყვეტილება (განჩინება) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მის წინააღმდეგაა გამოტანილი და სასამართლო აქტი უშუალოდ ზეგავლენას ახდენს მის უფლებებსა და მოვალეობებზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 285-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელშიც უნდა მიეთითოს, უზრუნველყოფის რომელი კონკრეტული ღონისძიება შეარჩია სასამართლომ.

ამავე კოდექსის 285-ე მუხლით, მართალია, განსაზღვრულია ის კონკრეტული მოთხოვნები, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს განჩინება, თუმცა უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე შემაჯამებელ სასამართლო აქტს წარმოადგენს სწორედ განჩინება და მისი აღსრულება ხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი წესით (სსსკ 195-ე მუხლი).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი წესრიგის დადგენა შესაძლებელია რა მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულებით, აღსასრულებლად წარემართება მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი და არა სამოტივაციო ნაწილი, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი), შესაბამისად, გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტად შეიძლება მიჩნეულ იქნას მხოლოდ ის მხარე, რომლის წინააღმდეგაცაა მიმართული სასამართლო აქტის სარეზოლუციო ნაწილი.

როგორც უკვე აღინიშნა, სააპელაციო პალატამ განჩინების სამოტივაციო ნაწილით შეფასება მისცა რა განმარტების საგანს, ხოლო სარეზოლუციო ნაწილით განუხილველად დატოვა მხარის შუამდგომლობა, აღნიშნული მაინც ვერ გახდება შპს „რ. ჯ-ას“ მიერ ამ განჩინების გასაჩივრების წინაპირობა, ვინაიდან თავად განჩინების აღსრულებაუნარიანი ნაწილით დადგენილი მართლწესრიგი არ ეწინააღმდეგება კერძო საჩივრის ავტორის ინტერესებს, ამასთან, მართალია, განჩინების სამოტივაციო ნაწილი შეიცავს გარკვეულ მსჯელობას სადავო გარემოებებზე, თუმცა, სწორედ სარეზოლუციო ნაწილით ჩამოყალიბებული მართლწესრიგიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგი გამორიცხავს კერძო საჩივრის ავტორის ინტერესების შელახვას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი სამართლებრივი ნორმებით. დასახელებული ნორმის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოებში საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ზემდგომი წესით საქმის განხილვის წესებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „რ. ჯ-ას“ კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, შესაბამისად, მხარეს უნდა დაუბრუნდეს ქ. ბ-ის მიერ 2013 წლის 16 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის 70% – 35 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „რ. ჯ-ას“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. შპს „რ. ჯ-ას“ (ს/№.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ქ. ბ-ის მიერ 2013 წლის 16 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის 70% – 35 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე