№ას-541-514-2014 15 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ე. ქ-ი, თ. ჯ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ვ-ე, ლ. ვ-ე, ხ. ვ-ე (მოსარჩელე)
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ი. კ-ე, გ. კ-ე, . ლ-ი, მ. ზ-ე, ლ. ვ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, სარგებლობის შეწყვეტა, ქონების თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ., ლ. და ხ. ვ-ებმა სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ი. კ-ის, გ. კ-ის, ე. ლ-ის, მ. ზ-ის, ე. ქ-ის, თ. ჯ-ისა და ლ. ვ-ას მიმართ თანხის დაკისრების, სარგებლობის შეწყვეტისა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარების მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ვ-ის, ხ. ვ-ისა და ლ. ვ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა. სახელმწიფოს დაეკისრა ე. ქ-ისა და თ. ჯ-ის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების ანაზღაურება და მოპასუხეებს შეუწყდათ ქ. ბათუმში, ზ. გ-ის ქ. N4-29-ში დაკავებული ფართის სარგებლობა. სახელმწიფოს დაეკისრა ი. კ-ის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების ანაზღაურება და ი. კ-ს შეუწყდა ქ. ბათუმში, ზ. გ-ის ქ. N4-29-ში დაკავებული ფართის სარგებლობა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ე. ქ-მა და თ. ჯ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 თებერვლის განჩინებით აპელანტებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 1021,88 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
იმავე სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის განჩინებით ე. ქ-ისა და თ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტებმა ხარვეზი სასამართლოს მეირ დადგენილ ვადაში არ გამოასწორეს.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ე. ქ-მა და თ. ჯ-მა. მათი მითითებით, სარჩელის აღძვრის წინაპირობები არ არსებობდა, ვინაიდან, მესაკუთრეს საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლების მოთხოვნის უფლება გააჩნია მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შესახლებულ მოსარგებელს აუნაზღაურდება საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ე. ქ-ისა და თ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 404-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ საქმე კერძო საჩივრის ფარგლებში განიხილა.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივარი, ძირითადად, შეეხება არა გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ უსწორობებს, არამედ, მიმართულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რაც კერძო საჩივრის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ იქნება.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 თებერვლის განჩინებით აპელანტებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 1021,88 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. აპელანტებმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს, რაც სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სრულ უფლებამოსილებას ანიჭებდა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებას, რომ სარჩელის აღძვრის წინაპირობები არ არსებობდა, ვინაიდან, მესაკუთრეს საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლების მოთხოვნის უფლება გააჩნია მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შესახლებულ მოსარგებელს აუნაზღაურდება საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ეს საკითხი დავის არსებითად განხილვისას უნდა შეფასდეს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს, გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოცემულ საქმეში ერთ-ერთი მოპასუხეა სახელმწიფო, წარმოდგენილი საქართველოს ფინანასთა სამინისტროს მეშვეობით და საკითხი, რაზეც კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, გადაწყდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კერძოდ, სახელმწიფოს ე. ქ-ისა და თ. ჯ-ის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ქ-ისა და თ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე