Facebook Twitter

№ას-628-595-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა. ხ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – დავალიანების ოდენობის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ხ-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მ. ბ-ის მიმართ დავალიანების ოდენობის განსაზღვრისა და პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით, ხოლო მ. ბ-მ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ა. ხ-ას წინააღმდეგ პირგასამტეხლოს დაკისრების, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მ. ბ-ის შეგებებული სარჩელიც არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს .

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინებით ა. ხ-ას სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა დაევალა.

აპელანტმა ხარვეზი ნაწილობრივ გამოასწორა და წარადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი.

იმავე სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის განჩინებით აპელანტ ა. ხ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 10 დღით გაგრძელდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის განჩინებით ა. ხ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ა. ხ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილისა და 2014 წლის 22 მაისის განჩინებები ა. ხ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინებით ა. ხ-ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ა. ხ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 404-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ საქმე კერძო საჩივრის ფარგლებში განიხილა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინებით ა. ხ-ას სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა დაევალა.

აპელანტმა ხარვეზი ნაწილობრივ გამოასწორა და წარადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის განჩინებით აპელანტ ა. ხ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 10 დღით გაგრძელდა.

განჩინების პასუხად, აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ კვლავ იშუამდგომლა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

აღნიშნული ნორმის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასაბუთებს ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. მტკიცების ტვირთი მთლიანად შუამდგომლობის ავტორს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების მანძილზე, ა. ხ-ა მხოლოდ სიტყვიერად მიუთითებდა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალება არ ჰქონდა. 2014 წლის 13 მაისის განცხადებით კი, თავად დაადასტურა, რომ საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის დამდასტურებელი წერილობითი მტკიცებულების მოპოვებას ვერ ახერხებდა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ხ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე