Facebook Twitter

№ას-643-610-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. კ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ა-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ა-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ქ. რ-ისა და დ. კ-ას წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა დ. კ-ასათვის სესხის ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს, სულ 26820 აშშ დოლარის, გადახდის დაკისრება, ასევე, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დ. კ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 3600 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 4320 აშშ დოლარის გადახდა, დადგინდა, რომ თანხის გადახდა მოხდეს ქ. რ-ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. რ-მა და დ. კ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ქ. რ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

იმავე სასამართლოს 2014 წლის 7 აპრილის განჩინებით, სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დ. კ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სასამართლომ მიუთითა, რომ დ. კ-ას კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დრო და ადგილი, სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზები კი, სასამართლოსათვის არ უცნობებია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დ. კ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და აღნიშნა, რომ სხდომაზე ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ დ. კ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 7 აპრილის სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი დ. კ-ა. ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე არ ითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აპრილის განჩინებით დ. კ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, მართალია, მოცემული მუხლი ეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობით, საკასაციო პალატამ ზემოაღნიშნული მუხლით უნდა იხელმძღვანელოს.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის, რომ სასამართლო სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული. იგი მიუთითებს, რომ სხდომაზე ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, დ. კ-ას არ წარმოუდგენია ამ წესით გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას, მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას კი, სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. კ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. კ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე