Facebook Twitter

№ას-652-619-2014 15 ოქტომბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ს. შ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „უ. ბ. გ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „უ. ბ. გ-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ს. შ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების, კერძოდ, ნასყიდობის ფასის - 9600 ლარისა და საურავის - 864 ლარის გადახდის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „უ. ბ. გ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ს. შ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ნასყიდობის ფასის - 9600 ლარისა და საურავის - 864 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინებით შპს „ს. შ-ს“ დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 418,56 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

იმავე სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის განჩინებით შპს „ს. შ-ის“ სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხარვეზის განჩინება შპს „ს. შ-ის“ ოფის მენეჯერ ნ. ს-ს 2014 წლის 22 აპრილს ჩაბარდა, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა 5 მაისს ამოიწურა. აპელანტმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ს. შ-ის“ დირექტორმა ი. ქ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, ნ. ს-ი შპს „ს. შ-ის“ თანამშრომელი არ არის, ამ ორგანიზაციას ოფის მენეჯერი საერთოდ არ ჰყავს, შესაბამისად, ხარვეზის განჩინება მხარეს არ ჩაბარებია. როგორც ჩანს, განჩინება იმავე მისამართზე მდებარე სხვა ორგანიზაციის თანამშრომელს ჩაბარდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს „ს. შ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 404-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ საქმე კერძო საჩივრის ფარგლებში განიხილა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ ხარვეზის განჩინება აპელანტს არ ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინებით შპს „ს. შ-ს“ დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 418,56 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

საქმის მასალები ადასტურებს, რომ განჩინება აპელანტს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა. შპს „სკს-ს“ უკუგზავნილის თანახმად, განჩინება აპელანტის სახელით 2014 წლის 25 აპრილს ჩაიბარა ოფის მენეჯერმა ნ. ს-მა.

კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, შპს „ს. შ-ს“ ოფის მენეჯერი არ ჰყავს და ნ. ს-ი მათი თანამშრომელი არაა. განჩინება იმავე მისამართზე მდებარე სხვა ორგანიზაციის თანამშრომელს ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ორგანიზაციისათვის გაგზავნილი კორესპონდენცია უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ანალოგიური უფლებამოსილების მქონე სტრუქტურულ ერთეულს ან პირს და მხოლოდ მათი არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც გზავნილს ადრესატს გადასცემს, ამასთან, გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება, უნდა არსებობდეს შესაბამისი ჩანაწერი. მოცემულ შემთხვევაში შპს „ს. შ-ის“ გზავნილზე მიმღები პირმა მიუთითა თანამდებობა „ოფის-მენეჯერი“, რაც წარმოშობს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ იგი კორესპონდენციის მიღებაზე უფლებამოსილი პირია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა დაედასტურებინა ის გარემოება, რომ ნ. ს-ი შპს „ს. შ-ის“ კი არა, არამედ იმავე მისამართზე მდებარე სხვა ორგანიზაციის თანამშრომელია, ამგვარი მტკიცებულება კი, წარმოდგენილი არ არის.

კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა ამონაწერი სს „ლიბერთი ბანკში“ არსებული შპს „ს. შ-ის“ ანგარიშიდან. განხორციელებული ოპერაციების შესაბამისად, ხელფასის გადარიცხვა ხორციელდებოდა სამი პირისათვის, რომელთა შორის ნ. ს-ი არ არის. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ეს გარემოება ნათლად ადასტურებს, რომ ნ. ს-ი შპს „ს. შ-ის“ თანამშრომელი არ არის, ვინაიდან მას ხელფასს არ უხდიან.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთ საბანკო დაწესებულებაში არსებული ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციების ისტორია, რაც არ გამორიცხავს იმ შესაძლებლობას, რომ შპს „ს. შ-ი“ ნ. ს-ს სხვა ბანკში არსებული ანგარიშიდან უხდიდეს ხელფასს, გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საბანკო გადარიცხვა არ წარმოადგენს ხელფასის გაცემის ერთადერთ დაშვებულ ფორმას, შესაბამისად, მხოლოდ სს „ლიბერთი ბანკის“ ამონაწერი არ გამორიცხავს, რომ ნ. ს-ი შპს „ს. შ-ის“ თანამშრომელია.

ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ გზავნილი არაუფლებამოსილ პირს ჩაბარდა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ვადა 2014 წლის 25 აპრილიდან მართებულად აითვალა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 26 აპრილიდან დაიწყო და 5 მაისს ამოიწურა. აპელანტს ხარვეზი ამ ვადაში არ გამოუსწორებია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს .შ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე