Facebook Twitter

№ას-654-621-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,

ქ. თბილის

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - დ. ა-ი, ლ. კ-ი (მოპასუხეები)

წარმომადგენელი - დ. მ-ე, ო .კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს. ბ-მა“ ახალციხის რაიონულ სასამართლოში დ. ა-ის, გ. ა-ის და ლ. კ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა დავალიანების თანხის დაკისრების მოთხოვნით.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დ. ა-ს და ლ. კ-ს სოლიდარულად დაეკისრათ სს ,,ს. ბ-ის“ წინაშე არსებული დავალიანების ძირი თანხის, 9103,23 ლარის და სესხის პროცენტის, 810.01 ლარის, გადახდა. დ. ა-ს და ლ. კ-ს სოლიდარულად დაეკისრათ სს ,,ს. ბ-ის“ წინაშე არსებულ დავალიანებაზე დარიცხული ჯარიმა 246,53 ლარი. დ. ა-ს დაეკისრა სს ,,ს. ბ-ის“ წინაშე საკრედიტო ბარათზე (ე.წ. „ამექსზე“) არსებული დავალიანების ძირი თანხის 1654.78 ლარის გადახდა. სს ,,ს. ბ-ს“ უარი ეთქვა დ. ა-ისათვის საკრედიტო ბარათზე დარიცხული პროცენტის - 144,18 ლარის და ჯარიმის - 241,60 ლარის გადახდის დაკისრებაზე. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხე გ. ა-ის კუთვნილი უძრავი ქონება, ადიგენის რაიონი, სოფელი ა-ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობანი, დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის დავალიანებას, აღსრულება მიექცეს მოპასუხე დ. ა-ისა და მოპასუხე ლ. კ-ის სხვა ქონებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება დ. ა-მა და ლ. კ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 მაისის განჩინებით დ. ა-ისა და ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ აპელანტები ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებენ იმ ნაწილშიც, რომლითაც დ. ა-ს და მოპასუხე ლ. კ-ს სოლიდარულად დაეკისრათ სს ,,ს. ბ-ის’’ წინაშე არსებულ დავალიანებაზე დარიცხული ჯარიმის სახით გადასახდელი თანხა 246,53 ლარი (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე–3 პუნქტით დ. ა-ს და მოპასუხე ლ. კ-ს სოლიდარულად დაეკისრა სს ,,ს. ბ-ის’’ წინაშე არსებულ დავალიანებაზე დარიცხული ჯარიმა 246,53 ლარი. აღნიშნული დავალიანება მოპასუხეების მიმართ წარმოიშვა 2012 წლის 6 აპრილის საბანკო კრედიტისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან, შესაბამისად მითითებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა წარმოადგენს დამოუკიდებელ დავის საგანს ასევე სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული მეორე სააპელაციო მოთხოვნისაგან, რომლის საფუძველს წარმოადგენს საკრედიტო ბარათი ე.წ „ამექსი“, ამდენად, მითითებულ ნაწილში დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დ. ა-ისა და ლ. კ-ის წარმომადგენლებმა ო. კ-მა და დ. მ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრეს. მათი მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია პირგასამტეხლო დამოუკიდებელ მოთხოვნად. პირველი ინსტანციის სასამართლოში დავა ეხებოდა მხარეებს შორის დადებული საბანკო კრედიტისა და სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ვალდებულებებს, ასევე მათი დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლებას. რომ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხისა და პროცენტის დაკისრება, მხარეს არც პირგასამტეხლო დაეკისრებოდა, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება სესხისა და პროცენტის დაკისრებასთან ერთად უნდა განიხილებოდეს და არა როგორც დამოუკიდებელი მოთხოვნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით დ. ა-სა და ლ. კ-ს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 10406,3 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო დ. ა-ს ე.წ. „ამექსზე“ არსებული დავალიანებიდან გამომდინარე - 1654,78 ლარი, შესაბამისად, დავის საგნის ღირბეულება 1000 ლარს აღემატება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ დ. ა-ისა და ლ. კ-ის წარმომადგენელ ო. კ-ისა და დ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 404-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ საქმე კერძო საჩივრის ფარგლებში განიხილა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება.

დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.

იმავე კოდექსის 40-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. აღნიშნული ნორმიდან ნათლად გამომდინარეობს, რომ, თუ ერთი მოსარჩელე რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნას აყენებს ერთი და იმავე მოპასუხეების მიმართ, აღნიშნული მოთხოვნები უნდა შეჯამდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე რამდენიმე მოპასუხის მიმართ დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნებს აყენებს, მათი შეკრება არ ხდება და დავის საგნის ღირებულება თითოეული ამ მოთხოვნის ღირებულების შესაბამისად განისაზღვრება. ანალოგიურად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება უნდა განისაზღვროს მოსარჩელის თითოეული დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ღირებულების მიხედვით.

მოცემულ შემთხვევაში ნათლად დასტურდება, რომ დავის საგანია ორი სხვადასხვა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნები: 1) 2012 წლის 6 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი დავალიანება და 2) საკრედიტო ბარათ „ამერიქან ექსფრესზე“ არსებული დავალიანება. პირველ შემთხვევაში მოპასუხეები არიან დ. ა-ი და ლ. კ-ი სოლიდარულად, ხოლო საკრედიტო ბარათიდან წარმოშობილი დავალიანების ნაწილში - მხოლოდ დ. ა-ი. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ა-ს და მოპასუხე ლ. კ-ს 2012 წლის 6 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ სს ,,ს. ბ-ის“ წინაშე არსებული დავალიანების ძირი თანხის 9103,23 ლარის და სესხის პროცენტის 810.01 ლარის გადახდა სს ,,ს. ბ-ის“ სასარგებლოდ, ასევე დავალიანებაზე დარიცხული ჯარიმა 246,53 ლარი.

კერძო საჩივრის ავტორი მართებულად მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დაკისრებასთან დაკავშირებული მოთხოვნაა, მაგრამ ყურადღების მიღმა რჩება ის ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2012 წლის 6 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხისა და სესხის პროცენტის გადახდის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა. დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით ირკვევა, რომ სააპელაციო წესით გასაჩივრდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, რომლის საფუძველზეც დ. ა-ს და მოპასუხე ლ. კ-ს სოლიდარულად დაეკისრათ სს ,,ს. ბ-ის“ წინაშე არსებულ დავალიანებაზე დარიცხული ჯარიმა 246,53 ლარი და მე-4 პუნქტი, რომლის თანახმადაც, დ. ა-ს დაეკისრა სს ,,ს. ბ-ის“ წინაშე საკრედიტო ბარათზე (ე.წ „ამექსზე“) არსებული დავალიანების ძირი თანხის - 1654.78 ლარის გადახდა (ტ. მე-2, ს.ფ. 11). სააპელაციო საჩივრის დასაბუთებაც მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას შეეხება და არა დავალიანების ძირი თანხის ან პროცენტის დაკისრების საფუძვლიანობას. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ორი დამოუკიდებელი დავის საგანი და მათთან დაკავშირებული სააპელაციო მოთხოვნები ვერ შეიკრიბება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ა-ისა და ლ. კ-ის წარმომადგენელ ო. კ-ისა და დ. მ-ისკერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე