Facebook Twitter

№ას-665-632-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ს. 92“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მერია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. თბილისის მერიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ს. 92-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა ზიანის ანაზღაურების - 34000 ლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ს. 92-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 34000 ლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ს. 92-ის“ დირექტორმა ა. ა-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შპს „ს. 92-ის“ დირექტორ ა. ა-ს ხარვეზის განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 1360 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა.

განჩინების პასუხად, აპელანტმა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ იშუამდგომლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის განჩინებით შპს „ს. 92-ის“ დირექტორ ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორა, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია, ხოლო მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს არ ქმნიდა.

აღნიშნული განჩინება შპს „ს. 92-ის“ დირექტორმა ა. ა-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა. სააპელაციო საჩივარს ერთვოდა საბანკო ანგარიშის ამონაწერი და ინფორმაცია საგადასახადო დავალიანების თაობაზე. სასამართლომ კი, მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობა არ გაითვალისწინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს „ს. 92-ის“ დირექტორ ა. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 404-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ საქმე კერძო საჩივრის ფარგლებში განიხილა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შპს „ს. 92-ის“ დირექტორ ა. ა-ს ხარვეზის განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 1360 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა.

განჩინების პასუხად, აპელანტმა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ იშუამდგომლა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

აღნიშნული ნორმის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასაბუთებს ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. მტკიცების ტვირთი მთლიანად შუამდგომლობის ავტორს ეკისრება. შპს „ს. 92-ის“ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარს ერთვოდა საბანკო ანგარიშის ამონაწერი და ინფორმაცია საგადასახადო დავალიანების თაობაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ წარდგენილი მტკიცებულებები სარწმუნოდ არ ადასტურებდა მხარის ფინანსურ მდგომარეობას და იმ ფაქტს, რომ შპს „ს. 92-ის“ განკარგულებაში არ არის სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საკმარისი თანხა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს. 92-ის“ დირექტორ ა. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე