№ას-681-651-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. კ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ბ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ. კ-ას მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, ხოლო ნ. კ-ამ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მ. ბ-ას წინააღმდეგ ვალის აღიარების ხელწერილის ბათილად ცნობის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. კ-ას მ. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 6 000 აშშ დოლარის, ასევე სახელმწიფო ბაჟის, 297 ლარისა და სასამართლოს გარეშე ხარჯის - 520 ლარის გადახდა, ხოლო ნ. კ-ას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ნ. კ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინებით ნ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი 14-დღიანი ვადის დარღვევით იყო შეტანილი, რისა თაობაზეც თავად მხარემაც იცოდა, რადგანაც ვადის გადაცილების საპატიოდ მიჩნევას ითხოვდა.
აღნიშნული განჩინება ნ. კ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დარღვეული არ ყოფილა, ამასთან საქმის განხილვა მიკერძოებულად მიმდინარეობდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ. კ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლომ საქმე კერძო საჩივრის ფარგლებში განიხილა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა იმპერატიულია და კრძალავს გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენას, თუნდაც ვადის გაშვება საპატიო მიზეზით იყოს გამოწვეული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2014 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე არა უადრეს 16 მარტისა და არაუგვიანეს 26 მარტისა უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. ნ. კ-ა ამ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადებულა, რასაც სადავოდ არ ხდის, ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა 30-ე დღიდან - 26 მარტიდან დაიწყო და 8 აპრილს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, ფოსტას 11 აპრილს ჩაბარდა. საყურადღებოა, რომ ვადის გაშვების თაობაზე თავად მხარისთვისაც იყო ცნობილი, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს, 1 დღის გადაცილება საპატიოდ იქნას მიჩნეული (ტ. მე-2, ს.ფ. 171).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ვინაიდან ნინო კუკავამ სააპელაციო საჩივარი 14-დღიანი ვადის დარღვევით შეიტანა, სააპელაციო სასამართლომ იგი განუხილველად მართებულად დატოვა, ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაგრძელება ან აღდგენა არ დაიშვება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნ. კ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. კ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე