Facebook Twitter

№ას-695-665-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ა. ჰ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ფ. ჰ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ფ. ჰ-მა“ შპს „ა. ჰ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა გაზეთ „ა-ას“ 2013 წლის 11 სექტემბრის 114 ნომერში პირველ, მე-8 და მე-9 გვერდებზე შპს „ფ. ჰ-ის“ პატივის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, ასევე, მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების - 1000000 ლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ფ. ჰ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ა. ჰ-ს“ დაევლა გაზეთ „ა-ას“ უახლოეს ნომერში ცნობის გამოქვეყნება იმის შესახებ, რომ გაზეთ „ა-ას“ 2013 წლის 11 სექტემბრის 114 ნომერში პირველ, მე-8 და მე-9 გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია „ჰ. „ფ-ში“ ვადაგასულ პროდუქციას ყიდიან“, არ შეესაბამება სინამდვილეს და სტატიაში გადმოცემული ინფორმაცია არ დადასტურდა ჰიპერმარკეტიდან ნიმუშის სახით აღებული ნედლი ქათმის ლაბორატორიული კვლევით, შპს „ა. ჰ-ს“ შპს „ფ. ჰ-ის“ სასარგებლოდ 5000 ლარის გადახდა დაეკისრა .

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის განჩინებით შპს „ა. ჰ-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა 2014 წლის 11 აპრილიდან დაიწყო და 25 აპრილს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, 28 აპრილსაა წარდგენილი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მითითებით, სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ მოამზადა კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად არაერთხელ მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, მაგრამ გადაწყვეტილება მხოლოდ გამოცხადებიდან 30-ე დღეს მომზადდა, რასაც მოსამართლის თანაშემწეც ადასტურებს. კერძო საჩივარს ერთვის სატელეფონო ამონაწერი, საიდანაც ირკვევა, რა პერიოდულობით მიმართავდა მხარე სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს „ა. ჰ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასმართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შპს „ა. ჰ-ის“ წარმომადგენელმა მისი გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით. მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რომ რამდენჯერმე მიმართა სასამართლოს, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო, სასამართლო ვერ გაიზიარებს.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ვადაა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი, ამ ვადაში არ მომზადდა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით ეს გარემოება არ დასტურდება, გარდა ამისა, თუნდაც გადაწყვეტილება 14 დღეში მზად არ ყოფილიყო, საპროცესო კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, თუ გასაჩივრების მსურველი მხარე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს, დასაბუთებული გადაწყვეტილების მოუმზადებლობა მის ინტერესების საზიანოდ არ მოქმედებს და გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან იწყება (იხ. მაგ. სუსგ №ას-184-173-2014, ას-372-350-2014).

კერძო საჩივრის ავტორმა ასევე წარმოადგინა შპს „მ-ის“ კორპორაციული ნომრით სარგებლობის ამონაწერი, იმის დასტურად, რომ არაერთხელ უკავშირდებოდა სასამართლოს, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ხაზს უსვამს, რომ სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, მხარე უნდა გამოცხადდეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად და სატელეფონო საუბარი ამ ვალდებულებას არ ცვლის, გარდა ამისა, წარმოდგენილი ამონაწერით მხოლოდ ის ფაქტი დასტურდება, რომ შპს „მ-ის“ კორპორაციული ნომერ ....-დან რამდენჯერმე დაირეკა ნომერ 032....-ზე, რაც არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შპს „ა. ჰ-ის“ წარმომადგენელი მოსამართლის თანაშემწეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უკავშირდებოდა.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2014 წლის 12 მარტს გამოცხადდა. კერძო საჩივრის ავტორისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, რასაც არც თავად უარყოფს, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარი არა უადრეს 1-ლი და არა უგვიანეს 11 აპრილისა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად უნდა გამოცხადებულიყო. ვინაიდან მხარე ამ ვადაში არ გამოცხადდა, გასაჩივრების ვადის ათვლა 11 აპრილიდან დაიწყო და 25 აპრილს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, 28 აპრილსაა შეტანილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ა. ჰ-ის“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა. ჰ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე