Facebook Twitter

№ას-703-673-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ. მ-ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ნ. რ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - მ-ე მ-ე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოსარჩელე - ზ. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სანოტარო აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების 2/3 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ-ე მ-მ და ზ. მ-მ სარჩელი აღძრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მ. მ-ის მიმართ სანოტარო აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და სამკვიდრო ქონების 2/3 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მ-ე მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს თ. ჩ-ის მიერ 2011 წლის 23 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობა ქ. ქუთაისში, ვ-ის ქ. N10/3-ში მდებარე სამკვიდრო ქონების 1/3-ის ნაწილში და ამ ნაწილის მემკვიდრეებად ცნობილ იქნენ მ-ე მ-ე და მისი არასრულწლოვანი შვილები; ზ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მ. მ-ის წარმომადგენელ ნ. რ-ისათვის ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. მ. მ-ს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოსათვის არ მიუმართავს, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღიდან დაიწყო და 2014 წლის 14 მაისს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, 16 მაისსაა შეტანილი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. მ-ის წარმომადგენელმა ნ. რ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება არაერთხელ მოითხოვა, მაგრამ იგი მზად არ იყო. მას ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 8, 24 და 29 აპრილს პროცესები ჰქონდა. დასაბუთებული გადაწყვეტილება 2 მაისს ჩაბარდა, მაგრამ ის მ. მ-ის ინტერესებს ორდერის საფუძველზე იცავდა. მ. მ-ს კი, დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაბარებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ. მ-ის წარმომადგენელ ნ. რ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს.

მოცემულ შემთხვევაში, მხარე სადავოდ არ ხდის, რომ მისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი და არც იმ ფაქტს უარყოფს, რომ სააპელაციო საჩივარი 16 მაისსაა შეტანილი. ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 31 მარტს გამოცხადდა, მხარე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 აპრილისა უნდა გამოცხადებულიყო. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მ. მ-მ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს. მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რომ რამდენჯერმე მიმართა სასამართლოს, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო, სასამართლო ვერ გაიზიარებს.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე უთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება 2 მაისს ჩაიბარა, მაგრამ მ. მ-ის ინტერესებს ორდერის საფუძველზე იცავდა, თავად მ. მ-ს კი, დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაბარებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა ჩაებარებინა ან პირადად მ. მ-ს ან მის წარმომადგენელს. ის გარემოება, რომ ნ. რ-ე მხარის ინტერესებს ორდერის საფუძველზე იცავდა, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არ არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ორდერი ადვოკატს სრულ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ანიჭებს, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილი უფლებამოსილებებისა, რომელთა გადაცემის თაობაზე მინდობილობაში სპეციალურად უნდა იყოს აღნიშნული. სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარება სპეციალურ უფლებამოსილებებს არ განეკუთვნება, შესაბამისად, ნ. რ-ე უფლებამოსილი იყო, მ. მ-ის სახელით დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაებარებინა, გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, წარმომადგენელი ვალდებულია, განჩინების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს, ამდენად, მითითება, რომ მ. მ-ს დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია, გავლენას არ ახდენს გასაჩივრების ვადის ათვლაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მ. მ-ის წარმომადგენელ ნ. რ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ის წარმომადგენელ ნ. რ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე