Facebook Twitter

№ას-704-674-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა. დ-ე, ი. დ-ე, მ. დ-ე (მოსარჩელე)

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

მესამე პირი - რ. დ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა., ი. და მ. დ-ებმა სარჩელი აღძრეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ ქონების ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნით.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ა., ი. და მ. დ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა, საგადახადო გირავნობა/იპოთეკისაგან გათავისუფლდა მოსარჩელეების კუთვნილი, ხევაჩაურის რაიონის სოფ. გ-ში მდებარე 941, კვ.მ მიწის ნაკვეთი.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინებით ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2014 წლის 31 მარტს გამოცხადდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა იგი 5 მაისს ჩაიაბრა, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაიწყო და 14 მაისს ამოიწურა. საჩივარი კი, 16 მაისსაა შეტანილი.

აღნიშნული განჩინება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, გასაჩივრების ვადა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან აითვლება. საჯარო რეესტრის წარმომადგენელს კი, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება 2014 წლის 5 მაისს ჩაბარდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დარღვეულა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადებულა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. კერძო საჩივარი მხოლოდ იმ დასაბუთებას ემყარება, რომ გასაჩივრების ვადა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან აითვლება. საჯარო რეესტრის წარმომადგენელს კი, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება 2014 წლის 5 მაისს ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა სასამართლოს ამ ვადაში მიმართა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით. ამ გარემოებაზე არც მხარე მიუთითებს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, 30 აპრილს, დაიწყო და 13 მაისს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი, 16 მაისსაა შეტანილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე