№ას-705-675-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ე. ა-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ტ-ი“, გ. ბ-ა, გ. ჯ-ე, ვ. ბ-ა, ზ. ჯ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – კრების ოქმისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ა-ამ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შპს „ტ-ის“, გ. ბ-ას, გ. ჯ-ის, ვ. ბ-ასა და ზ. ჯ-ის მიმართ კრების ოქმისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ე. ა-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ტ-ის“ 2013 წლის 14 ივნისის პარტნიორთა კრების N1 ოქმი, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის განჩინებით ე. ა-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. ა-ა კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად არ გამოცხადდა, რის გამოც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაიწყო.
აღნიშნული განჩინება ე. ა-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ე. ა-ას წარმომადგენელმა 2014 წლის 22 აპრილს, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 28-ე დღეს, სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მიმართა, მაგრამ გადაწყვეტილება 2 მაისამდე ვერ ჩაბარდა, რის გამოც, ვადის ათვლა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს არ უნდა დაიწყოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ე. ა-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ საქმეზე დარღვეულია სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს უზენასმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა (იხ. მაგ. სუსგ №№ას-490-464-2014, ას-372-350-2014, ას-258-242-2014 და ა.შ), რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. ა-ა კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად არ გამოცხადდა, რის გამოც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაიწყო. ამ დასკვნის გაკეთებისას სააპელაციო სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 28-ე დღეს, 2014 წლის 22 აპრილს, ე. ა-ას წარმომადგენელმა ბ. ყ-მა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა და იმავე სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების ჩაბარება მოითხოვა. დასაბუთებული გადაწყვეტილება კი, 2014 წლის 2 მაისს ჩაბარდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მხარემ შეასრულა ვალდებულება და სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდა, დასაბუთებული გადაწყვეტილება კი, არ ჩაბარდა, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაეწყო არა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, არამედ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან.
დასაბუთებული გადაწყვეტილება ე. ა-ას წარმომადგენელ ბ. ყ-ს 2 მაისს ჩაბარდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, 3 მაისიდან დაიწყო და 16 მაისს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი 8 მაისსაა შეტანილი და სააპელაციო სასამართლოს განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ა-ას კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ა-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის განჩინება და საქმე ე. ა-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე