Facebook Twitter

№ას-724-692-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ი. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - აიპ „ფ. 2009-ა“, შპს „ფ. ც-ი“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. გ-მ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს აიპ „ფ. 2009-ას“, შპს „ფ. ც-ის“ წინააღმდეგ სარჩელით მიმართა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის, ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ასევე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი აიპ „ფ. 2009-ასა“ და შპს „ფ. ც-ს“ შორის 2013 წლის 2 სექტემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, მოპასუხე „ფ. 2009 ას“ დაევანა ხელშეკრულების საფუძველზე დაკავებული ი. გ-ის კუთვნილი შენობის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურების, 2800 ლარის, გადახდა, ხოლო შპს „ფ. ც-ს“ - დამატებით 2300 ლარი ზიანის ანაზღაურების სახით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივნისის განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2014 წლის 7 აპრილს გამოცხადდა. ი. გ-ს კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის დენა 7 მაისიდან დაიწყო და 20 მაისს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, 21 მაისსაა შეტანილი.

აღნიშნული განჩინება ი გ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა იწყება არა 30-ე, არამედ მომდევნო დღიდან, 8 მაისიდან, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ვადაშია შეტანილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ი. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მას გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა არ დაურღვევია.

ი. გ-ე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადებულა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. კერძო საჩივარი მხოლოდ იმ დასაბუთებას ემყარება, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება არა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე, არამედ მომდევნო დღიდან, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ვადაშია შეტანილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია; ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი ზოგადი ნორმაა, რომელიც მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც ამავე კოდექსის სპეციალური ნორმა განსხვავებულ ქცევის წესს არ ადგენს. მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლი სპეციალური ნორმაა, რომელიც გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის მომენტად მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს განსაზღვრავს, ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა სასამართლოში არ გამოცხადდება გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა დაიწყება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე კალენდარულ დღეს.

განსახილველ შემთხვევაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2014 წლის 7 აპრილს გამოცხადდა და სხდომას მხარეები ესქრებოდნენ. ი. გ-ს კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის დენა 7 მაისიდან დაიწყო და 20 მაისს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, 21 მაისსაა შეტანილი, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ განუხილველად მართებულად დატოვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ი. გ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივნისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე