საქმე №ას-731-693-2013 3 ოქტომბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ზ. ბ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ბ-ი (შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თავდაპირველ სარჩელში - აუცილებელი გზის აღდგენა, შეგებებულ სარჩელში - თმენის სანაცვლოდ კომპენსაციის დაკისრება, ჭიშკრის დამონტაჟება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ბ-ის მიმართ აუცილებელი გზის აღდგენის მოთხოვნით.
გ. ბ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ზ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა ზ. ბ-ისათვის აუცილებელი გზის გამო კომპენსაციის დაკისრება, ასევე სასაზღვრო მიჯნაზე სამეზობლო ჭიშკრის დამონტაჟება და გაწეული ხარჯების ნახევარის ზ.ბ-ისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ბ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალა აუცილებელი გზის აღდგენა, გ. ბ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ. ბ-ს ელექტრო, გაზის, წყალმომარაგების, კანალიზაციის ქსელთან დასაკავშირებლად და სახლში შესასვლელად გ. ბ-ის მიწის ნაკვეთის გამოყენებისათვის აუცილებელი თმენის სანაცვლოდ მის სასარგებლოდ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის სახით 1500 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, სამეზობლო ჭიშკრის აღმართვის ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ჭიშკრის აღმართვაზე უარის თქმის ნაწილში გ. ბ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება ჭიშკრის მოწყობის შესახებ გ. ბ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც .გ ბ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დადგინდა თბილისში, ს-ს ქN40-ში, გ. და ზ. ბ-ის ნაკვეთების მიჯნაზე, ეზოს ფარგლებში, ჭიშკრის მოწყობა №2ბ/447–12 საქმის ტ. I. ს.ფ. 147-151-ე განთავსებული ესკიზური პროექტის მიხედვით.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ზ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ზ. ბ-მა და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მაისის განჩინებით ზ. ბ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით:
პალატამ მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ზ. ბ-ის სარჩელი, გ. ბ-ს დაევალა ზ. ბ-ის სასარგებლოდ აუცილებელი გზის აღდგენა, ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ბ-ის შეგებებული სარჩელი და ზ. ბ-ს დაეკისრა ელექტრო, გაზის, წყალმომარაგების, კანალიზაციის ქსელთან დასაკავშირებლად და სახლში შესასვლელად გ. ბ-ის მიწის ნაკვეთის გამოყენებისათვის, აუცილებელი თმენის სანაცვლოდ, მის სასარგებლოდ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის სახით 1500 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება ჭიშკრის მოწყობის შესახებ გ. ბ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ბ-ის შეგებებული სარჩელი, კერძოდ, თბილისში, ს-ს ქN40-ში, გ. და ზ. ბ-ების ნაკვეთების მიჯნაზე, ეზოს ფარგლებში, ჭიშკარი უნდა მოწყობილიყო საქმე №2ბ/447–12 ტ. I. ს.ფ. 147-151-ე განთავსებული ესკიზური პროექტის მიხედვით.
2013 წლის 11 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ზ. ბ-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების სამართლებრივ საფუძველს, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დასახელებულ მუხლშია მითითებული, წარმოადგენს ამავე კოდექსის 423-ე მუხლი.
განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას მოითხოვდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თუმცა ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლოს განმარტებით, კანონი საქმის წარმოების განახლებას უკავშირებს ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც, მართალია, არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო განმცხადებლისათვის და მას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა მათზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცებულებები, რომლებზეც ზ. ბ-ი თავის განცხადებას აფუძნებდა, ახლად აღმოჩენილ გარემოებას არ წარმოადგენდა და ვერ გახდებოდა საქმის წარმოების განახლების საფუძველი, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, კანონი საქმის წარმოების განახლებას უკავშირებს გადაწყვეტილების გამოტანამდე არსებულ გარემოებებს, რომელიც განმცხადებლისათვის ცნობილი არ იყო და მას, თავისი ბრალის გარეშე, არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
განმცხადებლის მიერ დასახელებული გარემოებები არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გამოტანამდე (მათ შორის, განმცხადებლის მიერ მითითებული ექსპერტ გ. გ-ის 2012 წლის 28 სექტემბრის განცხადება) და ისინი ამ გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომაა წარმოქმნილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული გარემოებები კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას ვერ გამოიწვევდა.
სააპელაციო პალატის შეფასებით, წარმოდგენილი განცხადების მიხედვით, ამავე სასამართლოს 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მტკიცებულებად ვერ იქნებოდა მიჩნეული განმცხადებლის მიერ დასახელებული გარემოებები, მათ შორის, მის მიერ მითითებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. ბ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შემდეგი საფუძვლებით:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ბ-ის სარჩელი და გ. ბ-ს დაევალა კაპიტალური წყლის ავზისა და ონკანის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა;
2013 წლის 6 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ მიიღო განცხადება, რომლის თანახმად, ზ. ბ-მა (კრედიტორი) მოითხოვა: გ. ბ-ს (მოვალე) დაევალოს კაპიტალური წყლის ავზისა და ონკანის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა;
2012 წლის 28 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, 2012 წლის N017798-2012/03/2 ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა, ექსპერტმა გ. გ-მ განაცხადა, რომ მას ის ესკიზური ნახაზი, რაც საფუძვლად დაედო ჭიშკრის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანას, არ უნახავს;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2013 წლის 29 იანვარს გაიცა განცხადების მიღების ბარათი სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ;
2013 წლის 24 თებერვალს გ. ბ-მა დაიწყო და შეჩერდა სამეზობლო ჭიშკრის მოწყობა, რადგან მისი დამონტაჟება შეუძლებელია. ჭიშკრის მოწყობას ხელს უშლის საპირფარეშო; გ. ბ-მა 1,70 მ. და 1,80 მ. ჭიშკრის ნაცვლად მოაწყო სამეზობლო ჭიშკრის ჩარჩო მხოლოდ 60 სმ. სიგანისა და 1.6 მ. სიმაღლის, რომლითაც ვერ სარგებლობს მეორე ჯგუფის ინვალიდი ზ. ბ-ი.
ზემოაღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს ახალ გარემოებებს, რომლებითაც დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით, თბილისში, ს-ს ქN40-ში, გ. და ზ. ბ-ების ნაკვეთების მიჯნაზე, ეზოს ფარგლებში, ჭიშკრის მოეწყობა (საქმე N2ბ/447-12, ტ. I, ს.ფ. 147-151-ზე განთავსებული ესკიზური პროექტის მიხედვით) შეუძლებელია. ესკიზურ ნახაზზე მითითებული სამეზობლო ჭიშკრის სიგანე უნდა წარმოადგენდეს 1,70 მეტრს, სიმაღლე - 1,80 მეტრს. სამეზობლო ჭიშკარი პირდაპირ შედის საპირფარეშოში. აღნიშნულ ადგილთან მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება გ ბ-ის მიმართ კაპიტალური წყლის ავზისა და ონკანის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ვალდებულებით.
2013 წლის 13 მარტს გ.ბ-მა შეცვალა კარის მდებარეობა და აღასრულა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. აღსრულების მასალების მოთხოვნით კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 11 მარტს და მასალები გადაეცა ამავე წლის 18 აპრილს, თანხის გადახდის შემდგომ, ჭიშკრის მოწყობის შემდგომ, 2013 წლის 14 მარტს მიმართა მხარემ ექსპერტიზის ბიუროს და ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ მოწყობილ ჭიშკარსა და ზ. ბ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ შენობას შორის მანძილი არის 0,48 სმ, რაც არ აკმაყოფილებს სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნებს, გასასვლელის მინიმალური სიგანე უნდა იყოს 0,75 სმ, რაც უნდა გაეთვალისწინებინა ექსპერტ გ.გ-ს, რომელმაც შეადგინა N017798-2012/03/2 დასკვნა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გ. ბ-ი დაანგრევს ზ. ბ-ის კუთვნილ საპირფარეშოს, მანძილი სახლსა და გრძივ კედელს შორის შესაძლოა გახდეს მხოლოდ 1,97 მეტრი, ამდენად, ქესპერტმა გ.გ-მ გასცა შეგნებულად ყალბი დასკვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ბ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალა აუცილებელი გზის აღდგენა, გ. ბ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ. ბ-ს ელექტრო, გაზის, წყალმომარაგების, კანალიზაციის ქსელთან დასაკავშირებლად და სახლში შესასვლელად გ. ბ-ის მიწის ნაკვეთის გამოყენებისათვის აუცილებელი თმენის სანაცვლოდ მის სასარგებლოდ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის სახით 1500 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, სამეზობლო ჭიშკრის აღმართვის ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება ჭიშკრის მოწყობის შესახებ გ. ბ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ბ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დადგინდა თბილისში, ს-ს ქN40-ში, გ. და ზ. ბ-ების ნაკვეთების მიჯნაზე, ეზოს ფარგლებში, ჭიშკრის მოწყობა №2ბ/447–12 საქმის ტ. I. ს.ფ. 147-151-ე განთავსებული ესკიზური პროექტის მიხედვით.
გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ზ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს საქმის წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ბ-ის სარჩელი და გ. ბ-ს დაევალა კაპიტალური წყლის ავზისა და ონკანის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა;
2013 წლის 6 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ მიიღო განცხადება, რომლის თანახმად, ზ. ბ-მა (კრედიტორი) მოითხოვა: გ. ბ-ს (მოვალე) დაევალოს კაპიტალური წყლის ავზისა და ონკანის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა;
2012 წლის 28 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, 2012 წლის N017798-2012/03/2 ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა, ექსპერტმა გ. გ-მ განაცხადა, რომ მას ის ესკიზური ნახაზი, რაც საფუძვლად დაედო ჭიშკრის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანას, არ უნახავს;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2013 წლის 29 იანვარს გაიცა განცხადების მიღების ბარათი სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ;
2013 წლის 24 თებერვალს გ. ბ-მა დაიწყო და შეჩერდა სამეზობლო ჭიშკრის მოწყობა, რადგან მისი დამონტაჟება შეუძლებელია. ჭიშკრის მოწყობას ხელს უშლის ზ.ბ-ის მფლობელობაში არსებული საპირფარეშო; გ. ბ-მა 1,70 მ. და 1,80 მ. ჭიშკრის ნაცვლად მოაწყო სამეზობლო ჭიშკრის ჩარჩო მხოლოდ 60 სმ. სიგანის და - 1.6 მ. სიმაღლის, რომლითაც ვერ სარგებლობს მეორე ჯგუფის ინვალიდი ზ. ბ-ი;
ზემოაღნიშნული წარმოადგენს ახალ გარემოებებს, რომლებითაც დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით, თბილისში, ს-ს ქN40-ში, გ. და ზ. ბ-ების ნაკვეთების მიჯნაზე, ეზოს ფარგლებში, ჭიშკრის მოეწყობა (საქმე N2ბ/447-12, ტ. I, ს.ფ. 147-151-ზე განთავსებული ესკიზური პროექტის მიხედვით) შეუძლებელია. ესკიზურ ნახაზზე მითითებული სამეზობლო ჭიშკრის სიგანე უნდა წარმოადგენდეს 1,70 მეტრს, სიმაღლე - 1,80 მეტრს. სამეზობლო ჭიშკარი პირდაპირ შედის საპირფარეშოში. აღნიშნულ ადგილთან მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება გ. ბ-ის მიმართ კაპიტალური წყლის ავზისა და ონკანის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ვალდებულებით;
2013 წლის 13 მარტს გ.ბ-მა შეცვალა კარის მდებარეობა და აღასრულა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. აღსრულების მასალების მოთხოვნით კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 11 მარტს და მასალები გადაეცა ამავე წლის 18 აპრილს, თანხის გადახდის შემდგომ. ჭიშკრის მოწყობის შემდგომ, 2013 წლის 14 მარტს მიმართა მხარემ ექსპერტიზის ბიუროს და ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ მოწყობილ ჭიშკარსა და ზ. ბ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ შენობას შორის მანძილი არის 0,48 სმ, რაც არ აკმაყოფილებს სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნებს, გასასვლელის მინიმალური სიგანე უნდა იყოს 0,75 სმ, რაც უნდა გაეთვალისწინებინა ექსპერტ გ.გ-ს, რომელმაც შეადგინა N017798-2012/03/2 დასკვნა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გ. ბ-ი დაანგრევს ზ. ბ-ის კუთვნილ საპირფარეშოს, მანძილი სახლსა და გრძივ კედელს შორის შესაძლოა გახდეს მხოლოდ 1,97 მეტრი, ამდენად, ქესპერტმა გ.გ-მ გასცა შეგნებულად ყალბი დასკვნა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით განმცხადებელს სავსებით მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. კანონის შემდგომი ნორმებით ამომწურავადაა განმარტებული, თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ზ. ბ-ი საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებს მიიჩნევს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლება ზემოხსენებული საფუძვლებით დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, ან მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად კანონმდებელი მიიჩნევს მხარის მიერ ახალი გარემოებისა და მტკიცებულების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი ვითარების) და ისეთი მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი და საშუალო წინდახედულობის ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა.
მოცემულ შემთხვევაში, ზ. ბ-ს მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებები იმის შესახებ, რომ მხარეების ნაკვეთების მიჯნაზე ეზოს ფარგლებში ჭიშკრის მოწყობა პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, გაზიარებული ვერ იქნება. პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ზოგადი პრინციპის, შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, თითოეულ მხარეს ეკისრება იმ გარემოების მითითებისა და დამტკიცების ტვირთი, რომელიც მისთვის სასარგებლო შედეგის დადგომას გამოიწვევს. მოცემულ შემთხვევაში, ზ.ბ-ი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ იყო შეუძლებელი იმ გარემოებებზე მითითება, რასაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში აკეთებს (სამეზობლო ჭიშკარი პირდაპირ შედის საპირფარეშოში), ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა ინიციატივით დაკითხულ იქნა ექსპერტი, შესაბამისად, ზ.ბ-ს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, ექსპერტისათვის დაესვა დამაზუსტებელი კითხვები, ასვე შეძლო, სასამართლოში წარედგინა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რაც თავის დროზე არ განუხორციელებია.
რაც შეეხება ექსპერტიზის ახალი დასკვნის პასუხს კითხვაზე: აღნიშნული ჭიშკრის მოწყობით იზღუდება თუ არა ზ. ბ-ის უფლებები და შესაძლებელია თუ არა თავისუფლად შევიდეს ზ. ბ-ი თავის საკუთრებაში, ექსპერტმა დაასკვნა, რომ მოწყობილ ჭიშკარსა და ზ. ბ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ შენობის კედელს შორის მანძილი შეადგენს 0,48 სმ, რაც არ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შენობა-ნაგებობა დღეის მდგომარეობით არ არის დატანილი N...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმაზე. თუ განხორციელდება ზემოაღნიშნული, დაურეგისტრირებელი შენობა-ნაგებობის ნაწილის ან მთლიანი დემონტაჟი, გასასვლელის სიგანე დააკმაყოფილებს სნ და წ-ის მოთხოვნებს.
სიყალბის ფაქტთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე: გარდა იმისა, რომ საქმის წარმოების განახლების მიზნებისათვის ექსპერტის მიერ შეგნებულად ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტი დადასტურებული უნდა იყოს სისხლის სამართლის წესით განხილულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება, საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 3 ივლისის სხდომის ოქმის შესწავლით ირკვევა, რომ სასამართლო აქვეყნებს საქმეშივე წარმოდგენილ „ესკიზურ პროექტს“ და ექპერტისათვის დასმულ შეკითხვაზე, გაეცნო თუ არა იგი დასკვნის შედგენისას ესკიზურ ნახაზს (იხ. სააპელაციო სასამართლოს 03.07.2012 სხდომის ოქმი, 15:13:01) ექსპერტი გ.გ-ე განმარტავს, რომ სამეზობლო ჭიშკრის აღმართვა ამ ნახაზითაც შესაძლებელია, თუმცა ნახაზი რომც არ ყოფილიყო სამეზობლო ჭიშკრის აღმართვა ამ სახით მაინც შესაძლებელი იქნებოდა (იხ. სააპელაციო სასამართლოს 03.07.2012 სხდომის ოქმი, 15:14:02).
ამდენად, საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებას, რომ ზ. ბ-ის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ იმგვარ გარემოებებს, რაც გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე