Facebook Twitter

№ას-733-701-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სს „ი. ც-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა. გ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ა. გ-ამ“ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სს „ი. ც-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის დავალიანების, 15652,50 ლარის, გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ა. გ-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სს „ი. ც-ს“ 15652,50 ლარის გადახდა დაეკისრა.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის განჩინებით სს „ი. ც-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იმავე სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

აღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის განჩინებით სს „ი. ც-ს“ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის, 626,1 ლარის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა.

იმავე სასამართლოს 2014 წლის 11 ივნისის განჩინებით სს „ი. ც-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას ითხოვდა, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა. სს „ი. ც-ი“ ამჟამად საქმიანობას არ ეწევა და შემოსავალიც არ გააჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სს „ი. ც-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 404-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ საქმე კერძო საჩივრის ფარგლებში განიხილა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის განჩინებით სს „ი. ც-ს“ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის, 626,1 ლარის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა.

ხარვეზის განჩინება მოპასუხეს 2014 წლის 22 მაისს ჩაბარდა, რასაც მხარე სადავოდ არ ხდის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლის შესაბამისად, მხარედ ხარვეზი 2014 წლის 27 მაისის ჩათვლით უნდა გამოესწორებინა, მაგრამ მოპასუხეს ამ ვადაში სასამართლოსათვის საერთოდ არ მიუმართავს. კერძო საჩივრის ავტორი ამტკიცებს, რომ სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

აღნიშნული ნორმის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასაბუთებს ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. მტკიცების ტვირთი შუამდგომლობის ავტორს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარს აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება არ ერთვოდა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე ხაზს უსვამს, რომ ხარვეზის განჩინებით სს „ი. ც-ს“ სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან ერთად, კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენაც დაევალა, აპელანტს კი, ხარვეზი არც ამ ნაწილში გამოუსწორებია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ი. ც-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე