№ას-737-705-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. გ-ე(მოსარჩელე)
წარმომადგენელი - შ. ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ე. მ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სასესხო დავალიანების განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. გ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე. მ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა 2011 წლის 26 მარტის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ე. მ-ის მიმართ ა. გ-ის სასესხო დავალიანების განსაზღვრა ნოტარიუს ე. შ-ას მიერ 2013 წლის 3 სექტემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული 23600 ლარის ნაცვლად 6857 ლარით, საიდანაც 5225 ლარი არის ძირითადი თანხა, 1632 ლარი - სამი თვის სარგებელი (პროცენტი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ა. გ-ის სასესხო დავალიანება ე. მ-ის მიმართ 2011 წლის 26 მარტის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე (რეგ. #110307672, ნოტარიუსი ე. შ-ა) ნოტარიუს ე. შ-ას მიერ 2013 წლის 3 სექტემბერს გაცემულ N130903028 სააღსრულებო ფურცელში მითითებული 23600 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 19686 ლარით, საიდანაც 13600 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, ხოლო 6086 ლარი - 2013 წლის 24 ივნისამდე დარიცხული პროცენტი.
აღნიშნული გადაწყვეტილება ა. გ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინებით ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2014 წლის 17 აპრილის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე № 2ბ/1140-14) წარმოდგენილი ა გ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით, მოცემულ საქმეზე სხდომა დაინიშნა 2014 წლის 27 მაისს 11:00 საათზე, რის თაობაზეც, სსს კოდექსის 70–78 მუხლებით დადგენილი წესის დაცვით ეცნობათ მხარეებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2014 წლის 27 მაისს განცხადებით მიმართა აპელანტის - ა. გ-ის წარმომადგენელმა შ. ქ-მ და მოითხოვა 2014 წლის 27 მაისს 11:00 საათზე დანიშნული სასმართლო სხდომის სხვა დროისთვის გადადება. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ამ საქმეზე ა. გ-ის ინტერესებს სამი წარმომადგენელი იცავდა. მათგან ორი, კერძოდ, კ. მ-ი და თ. ტ-ი, არ არიან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები და შესაბამისად, მათ არ გააჩნიათ სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლად გამოსვლის უფლებამოსილება; რაც შეეხება თავად განმცხადებელს, იგი განმარტავს, რომ საქმის განხილვის დრო დაემთხვა მის სალექციო საათებს, რის გამოც ფიზიკურად ვერ შეძლებდა დანიშნულ დროს საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებას. აპელანტის წარმომადგენელი აქვე აღნიშნავს, რომ სხდომის თარიღის შესახებ ეცნობა საკმაოდ ადრე და ცხადია, იცოდა, რომ დანიშნული სხდომა ემთხვეოდა მის სალექციო საათებს, ამიტომ მისი მხრიდან მიღებულ იქნა ზომები, კერძოდ, დაუკავშირდა მარწმუნებელს _ ა. გ-ს და შეუთანხმდა, რომ პირადად თვითონ უზრუნველყოფდა სხვა ადვოკატით მის წარმომადგენლობას და რწმუნებულება გაიცემოდა სხვა ადვოკატზე ამა წლის 23 მაისს, თუმცა, დანიშნულ დღეს ა. გ-ს გარდაეცვალა ნათესავი რის გამოც სასწრაფოდ მოუწია წასვლა რაჭაში (ონში). წარმოდგენილ განცხადებას არ დაეთანხმა მოწინაარმდეგე მხარის - ე. მ-ის წარმომადგენელი მ. ნ-ე და იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მტკიცებით, გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ა. გ-ის წარმომადგენელ შ. ქ-ს სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით დანიშნული სასამართლოს სხდომის დღის თაობაზე სასამართლო უწყება ჩაბარდა 2014 წლის 25 აპრილს (უწყება გაეგზავნა წარმომადგენელს – შ. ქ-ს, სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა კ. მ-ს, რომელიც ტომი პირველი, ს.ფ. 47–ზე წარმოდგენილი მონდობილობის საფუძველზე ასევე წარმოდგენდა ა. გ-ს; გზავნილზე მითითებულია აღნიშნული პიროვნების ხელმოწერა და პირადი ნომერი №......).
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა სსსკ-ის 70-ე, 78-ე მუხლებით დადგენილი წესით. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტის წარმომადგენელს 25 აპრილიდან 27 მაისამდე საკამოდ დიდი დრო ჰქონდა განცხადებაში მითითებული გარემოების (სალექციო საათების და სასამართლო პროცესის თანხვედრა) გამო ზომების მისაღებად, ამასთან, როგორც თვითონვე მიუთითებს, იმთავითვე, ე.ი უწყების ჩაბარებისთანავე, ცნობილი იყო ამ თანხვედრის შესახებ, შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე, დაუსაბუთებელი იყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. გ-ის წარმომადგენელმა შ. ქ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მტკიცებით, აპელანტი კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა მიწვეული სასამართლო სხდომაზე. უწყება უნდა შეიცავდეს მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ. თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, მაშინ აგრეთვე უნდა მიეთითოს, რომ წარმომადგენელი ვალდებულია, აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც ის არის. სააპელაციო სასამართლოს უწყებაში ასეთი რეკვიზიტი არ არის. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ მიუთიტა ზუსტი მისამართი. მართალია, უწყებაში მითითებულია, რომ საქმის განხილვა შედგებოდა გრიგოლ რობაქიძის 7ა-ში, მაგრამ სასამართლომ არ მიუთითა, ეს არის ქუჩა, ჩიხი, გამზირი, შესახვევი თუ სხვა, რის გამოც მხარე ვერ დაადგენდა საქმის განხივლის ზუსტ ადგილს. უწყებაში ასევე არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული რეკვიზიტები. მოცემულ საქმეზე ასევე დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მოთხოვნები. უწყება ჩაბარდა კ. მ-ს. უწყების მეორე ეგზემპლარზე არ არის არის აღნიშნული უწყების მიმღების დამოკიდებულება ადრესატთან და დაკავებული თანამდებობა, მართალია, სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ უწყება ჩაბარდა კ. მ-ს, რომელიც ასევე წარმოდგენდა ა. გ-ს, გზავნილზე მითითებულია აღნიშნული პიროვნების ხელმოწერა და პირადი ნომერი, მაგრამ ეს მონაცემები აღნიშნული უნდა იყოს უწყების მეორე ეგზემპლარზე და არა გზავნილზე, გარდა ამისა, მითითებული უნდა ყოფილიყო ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებოდა. უწყების გაგზავნის მისამართზე მდებარეობს იურიდიული კომპანია, რომლის პარტნიორი ან თანამშრომელი არ არის კ. მ-ი, შესაბამისად, მას არ ჰქონდა უფლებამოსილება უწყება ჩაებარებინა. სასამართლო ვალდებული იყო, კანონის ეს მოთხოვნები ზუსტად დაეცვა. სასამართლოს ყურად უნდა ეღო აპელანტის წარმომადგენლის მითითება, რომ მხარე თავს ადვოკატის გარეშე ვერ დაიცავდა და არ უნდა დაერღვია დაცვის უფლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის ჩამონათვალი ამომწურავი არ არის და რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს საპატიო მიზეზად, კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს. პირველი ინსტანციის სასამართლოში მონაწილე პირები არ იყვნენ უფლებამოსილი სააპელაციო ინსტანციაში წარმომადგენლად გამოსულიყვნენ, რადგანაც ადვოკატის ლიცენზია არ გააჩნიათ, რისი გადამოწმებაც სააპელაციო სასამართლოს ადვოკატთა ასოციაციის ვებგვერდის მეშვეობით შეეძლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ა. გ-ის წარმომადგენელ შ. ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, მართალია, მოცემული მუხლი ეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობით, საკასაციო პალატამ ზემოაღნიშნული მუხლით უნდა იხელმძღვანელოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ იგი კანონით დადგენილი წესით არ იყო მიწვეული სასამართლო სხდომაზე.
მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს უწება არ შეიცავდა კანონით დადგენილ ყველა რეკვიზიტს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება უნდა შეიცავდეს:
ა) სასამართლოს სახელწოდებასა და ზუსტ მისამართს;
ბ) მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, – აგრეთვე მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც არის;
გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს, და მითითებას დავის საგნის შესახებ;
დ) სასამართლოში დასაბარებელი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული, და მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ;
ე) წინადადებას მხარეების მიმართ, წარმოადგინონ მათთან არსებული ყველა მტკიცებულება;
ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს;
ზ) მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არ მიუთითა სხდომის ჩატარების ზუსტი ადგილი. მართალია, უწყებაში მითითებულია, რომ საქმის განხილვა შედგებოდა გრიგოლ რობაქიძის 7ა-ში, მაგრამ სასამართლომ არ მიუთითა, ეს არის ქუჩა, ჩიხი, გამზირი, შესახვევი თუ სხვა, რის გამოც მხარე ვერ დაადგენდა საქმის განხივლის ზუსტ ადგილს. სააპელაციო სასამართლო ამ მტკიცებას ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ თბილისში, გროგოლ რობაქიძის ქუჩის გარდა, არსებობს ამავე სახელმწოდების გამზირი, ჩიხი და შესახვევი, რის გამოც, მხარე სააპელაციო სასამართლოს ვერ მიაგნებდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, სინამდვილეს არ შეესაბამება მხარის მტკიცება, რომ კანონის მიხდვით, თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, მაშინ აგრეთვე უნდა მიეთითოს, რომ წარმომადგენელი ვალდებულია, აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც ის არის. სააპელაციო სასამართლოს უწყებაში ასეთი რეკვიზიტი არ არის. უწყებაში ასევე არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული რეკვიზიტები.
მხარის მიერ კერძო საჩივარზე დართული უწყების დედნით დასტურდება, რომ უწყების მეორე მხარეს აღნიშნულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა რეკვიზიტი, მათ შორის მითითება, რომ წარმომადგენელი ვალდებულია, სასამართლო სხდომის თაობაზე აცნობოს მხარეს, რომლის წარმომადგენელიც ის არის, ასევე ადრესატის არ ყოფნის შემთხვევაში, უწყების მიმღები პირის ვალდებულება, დაუყოვნებლივ გადასცეს იგი ადრესატს (ტ. მე-2 ს.ფ. 51).
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, უწყების მეორე ეგზემლპარზე არ არის აღნიშნული უწყების მიმღები პირის ვინაობა, მისი დამოკიდებულება ადრესატთან და დაკავებული თანამდებობა. ეს რეკვიზიტები მითითებული უნდა იყოს უწყების მეორე ეგზემპლარზე და არა გზავნილზე.
საქმეში წარმოდგენილი (ტ. მე-2 ს.ფ. 28) შპს „სკს-ის“ უკუგზავნილის თანახმად, შ. ქ-ისათვის გაგზავნილი უწყება და სააპელაციო შესაგებელი 2014 წლის 25 აპრილს ჩაბარდა. გზავნილის მიღებაზე ხელს აწერს კ. მ-ი, რომელიც უთითებს, რომ შ. ქ-ის კოლეგაა, ასევე მითითებულია მისი პირადი ნომერი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნორმის მიზნებისათვის, იგულისხმება დოკუმენტი, რომელიც უბრუნდება სასამართლოს და ადასტურებს უწყების ჩაბარებას, შესაბამისად, მხარის მტკიცება, რომ უწყების მიმღებმა ხელი მაინცდამაინც უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა მოაწეროს და არა უკუგზავნილზე, უსაფუძვლოა.
იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოცემულ შემთხვევაში, შ. ქ-ს უწყება სამუშაო ადგილის მისამართზე გაეგზავნა. ასეთ შემთხვევაში, უწყების მიღება შეუძლია კანცელარიას ან იმავე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან, მათი არ ყოფნისას, ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, ანუ თანამშრომელს. ამ შემთხვევაში, უწყება საადვოკატო ბიუროში ჩაიბარა კ. მ-მა, რომელმაც, როგორც შ. ქ-ის კოლეგამ მოაწერა ხელი, გარდა ამისა, 2014 წლის 27 მაისის განცხადებით თავად შ. ქ-ე აღიარებს, რომ უწყება მას სასამართლო სხდომამდე საკმაოდ ადრე ჩაბარდა (ტ. მე-2 ს.ფ. 30), შესაბამისად, მხარის ყოველგვარი მტკიცება, რომ იგი სხდომაზე კანონით დადგენილი წესით არ იყო მიწვეული, არასარწმუნო და უსაფუძვლოა.
შ. ქ-ის მტკიცებით, სასამართლომ პირის დაცვის უფლება დაარღვია. სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო აპელანტის განცხადება და საქმის განხილვა სხვა დროისათვის გადაედო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაყენება ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, იგი ხსნის ამ შუამდგომლობას. იმავე კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, მხარემ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების არსებობის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს სასამართლოს, თუ ეს ობიექტურად შეუძლებელი არ არის, ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, გარდა 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში პირდაპირ მითითებული გარემოებებისა, სხვა რომელიმე მიზეზი არის თუ არა საპატიო და ქმნის თუ არა სხდომის გადადების აუცილებლობას, სასამართლოს შესაფასებელია.
მოცემულ შემთხვევაში მხარეს უწყება სასამართლო სხდომამდე გონივრული ვადით, კერძოდ, ერთ თვით ადრე ჩაბარდა, რასაც თავად ადასტურებს 2014 წლის 27 მაისის განცხადებით. იმავე განცხადებაში შ. ქ-ე ასევე უთითებს, რომ მისთვის იმთავითვე იყო ცნობილი, რომ სხდომა მის ლექციას ემთხვეოდა.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა საიმისოდ, რომ სხვაგვარად დაეგეგმა სალექციო კურსი, ან დროულად ეცნობებინა მარწმუნებლისათვის შექმნილი ვითარების თაობაზე და ამ საკითხის მოსაგვარებლად არ დალოდებოდა 23 მაისს, როგორც ამას თავად მიუთითებს განცხადებაში. აუცილებლობის შემთხვევაში, მას ასევე შეეძლო, დროულად მიემართა სასამართლოსათვის სხდომის გადადების თაობაზე და არა სხდომის დაწყებამდე 1 საათით ადრე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ. ქ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე