№ას-738-706-2014 15 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი - ზ. ვ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - დ. ვ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 10 თებერვალს ზ. ვ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნით მიმართა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 თებერვლის განჩინებით ორმაგი დერივაციული სარჩელით მოსარჩელე ზ. ვ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც განმცხადებელმა კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინებით ზ. ვ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 თებერვლის განჩინება. ზ. ვ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. ვ-ს აეკრძალა შპს „ო-მ 2007-ში“ კუთვნილი 90%-იანი წილის, შპს „რ. ტ-ში“ მისი 17%-იანი წილის და გრდაბნის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის 15%-იანი წილის გასხვისება და სანივთო უფლებებით დატვირთვა. ზ. ვ-ს უარი ეთქვა საქართველოს ყველა კომერციულ ბანკში დ. ვ-ის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2014 წლის 17 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზ. ვ-მა განცხადებით მიმართა და მოითხოვა დ. ვ-ისათვის ხმის უფლების გამოყენების აკრძალვა შპს „ო-მ 2007-ის“ პარტნიორთა კრებაზე კომპანიის უძრავი ქონების გასხვისების საკითხზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით ზ. ვ-ის განცხადებას უარი ეთქვა წარმოებაში მიღებაზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მისი განხილვის საგანი იყო ზ. ვ-ის და ა. მ-ის საჩივრები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება შემოიფარგლებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 თებერვლის განჩინების შემოწმებით. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განმხილველად მიიჩნევს სარჩელის განმხილველ სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზ. ვ-ს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა შეეტანა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზ. ვ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, საპროცესო კანონმდებლობა არ აწესებს შეზღუდვას და სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების მიზნებიდან გამომდინარე მხარემ შეიძლება მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ნებისმიერი საკითხის განხილვისას. სააპელაციო სასამართლოს განცხადება უნდა განეხილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ზ. ვ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით 12 დღის ვადაში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის, ანუ, თავისი არსით, დაუშვებლად ცნობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23-ე თავი აწესრიგებს სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის წესს და შეიცავს ამ საპროცესო ინსტიტუტთან დაკავშირებულ სპეციალურ ქცევის წესებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას არ ახლავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, ანდა სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს აძლევს ვადას მის შესავსებად. დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სასამართლო თავისი განჩინებით განცხადებას განუხილველად დატოვებს, რაც გასაჩივრდება საჩივრით.
იმავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით.
საკასაციო სასმართლო ამ ნორმებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე უნდა გასაჩივრდეს საჩივრით და არა კერძო საჩივრით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლი ადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეტანილი საჩივრის განხილვის სპეციალურ წესს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, დაცული არ არის. ზ. ვ-ის საჩივარი უნდა განეხილა სააპელაციო სასამართლოს და დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა, ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ვ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის განჩინებაზე დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება სარჩელის განმხილველმა სასამართლომ უნდა განიხილოს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას საფუძვლად უნდა დაედოს არა მხოლოდ მტკიცება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, არამედ დასაბუთებული ვარაუდი, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების განხილვის უფლებამოსილება იმ სასამართლოს გააჩნია, რომელიც დავას არსებითად იხილავს, ვინაიდან სწორედ მას შეუძლია შეაფასოს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ვ-ის საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2014 წლის პირველ, 8 და 9 ოქტომბერს ზ. ვ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებებით მომართა და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დ. ვ-ისათვის ხმის უფლების გამოყენების აკრძალვა შპს „ო-მ 2007-ის“ პარტნიორთა კრებაზე კომპანიის უძრავი ქონების გასხვისების საკითხზე.
როგორც საკასაციო სასამართლომ უკვე განმარტა, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შეტანილი უნდა იქნეს დავის არსებითად განმხილველ სასამართლოში, ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ვ-ის განცხადებები განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ვ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის განჩინება;
3. ზ. ვ-ის 2014 წლის პირველი, 8 და 9 ოქტომბრის განცხადებები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე