№ას-741-709-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „გ-ა-85-ის“ დირექტორი პ. ძ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – ელექტროენერგიის დავალიანების გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „თ-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და შპს „გ-ა -85-ისათვის“ 7674.78 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „თ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს „გ-ა-85-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7674.78 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „გ-ა-85-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებით შპს „გ-ა-85-ს“ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, მის შესავსებად განესაზღვრა 10 დღე განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან და დაევალა მოთხოვნის დაზუსტება, კერძოდ თუ რა ნაწილში ასაჩივრებდა გადაწყვეტილებას; ამასთან დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივარის წარმდგენა, ასევე, დავის საგნის ფასის განსაზღვრა და სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, გადახდა.
08.05.2014 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „გ-ა-85-ის“ დირექტორმა პ. ძ-მ და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან ვადის გაგრძელება 2014 წლის 28 მაისამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მაისის განჩინებით შპს „გ-ა-85-ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 5 დღით გაგრძელდა.
იმავე სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის განჩინებით შპს „გ-ა 85-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მაისის განჩინება შპს „გ-ა-85-ს“ გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე (თბილისი, ხ-ის ქ. N7), რომელიც 28.05.2014 წელს ჩაბარდა შპს „გ-ა-85-ის“ დირექტორის პ. ძ-ის ოჯახის წევრს (დედას) - ლ. გ-ს. ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის ათვლა 2014 წლის 29 მაისიდან დაიწყო და 2014 წლის 2 ივნისს ამოიწურა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდგომ - 2014 წლის 11 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს დადგენილი ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადებით მიმართა, რომელსაც თან დაურთო დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის - 308 ლარის გადახდის დამასტურებელი ქვითრის დედანი. თანდართული საფოსტო კონვერტით დასტურდება, რომ გზავნილი ფოსტას 9 ივნისს ჩაბარდა. სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან ხარვეზი არ გამოსწორდა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „გ-ა 85-ის“ დირექტორმა პ. ძ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, განჩინებაში აღნიშნულია, რომ გზავნილი ლ. გ-მ ჩაიბარა, რომელიც პ. ძ-ის დედაა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ლ. გ-ე მეზობელია და არა მისი ოჯახის წევრი. მან, უბრალოდ, 2014 წლის 8 ივნისს გზავნილი გადასცა. პ. ძ-ის დედა, თ. ზ-ე, 1982 წელს გარდაიცვალა. კერძო საჩივრის ავტორმა ასევე წარმოადგინა საკუთარი და ლ. გ-ის პირადობის მოწმობის ასლები, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ლ. გ-ე მისი დედა არ შეიძლება იყოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს „გ-ა 85-ის“ დირექტორ პ. ძ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებით შპს „გ-ა-85-ს“ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, მის შესავსებად განესაზღვრა 10 დღე განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან და დაევალა მოთხოვნის დაზუსტება, კერძოდ თუ რა ნაწილში ასაჩივრებდა გადაწყვეტილებას, ასევე დასაბუთებული სააპელაციო საჩივარის წარდგენა, დავის საგნის ფასის განსაზღვრა და სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, გადახდა.
08.05.2014 წელს შპს „გ-ა-85-ის“ დირექტორმა პ. ძ-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან ვადის გაგრძელება 2014 წლის 28 მაისამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მაისის განჩინებით შპს „გ-ა-85-ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 5 დღით გაგრძელდა.
აპელანტმა 2014 წლის 11 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადებით მიმართა, რომელსაც თან დაურთო დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის - 308 ლარის გადახდის დამასტურებელი ქვითრის დედანი. თანდართული საფოსტო კონვერტით დასტურდება, რომ გზავნილი ფოსტას 9 ივნისს ჩაბარდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ იყო შეტანილი და შპს „გ-ა 85-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
საქმეში წარმოდგენილი გზავნილი ადასტურებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მაისის განჩინება შპს „გ-ა 85-ის“ დირექტორის მიერ მითითებულ მისამართზე (თბილისი, ხ-ის ქ. N7) გაგეგზავნა (ტ. მე-2, ს.ფ. 25).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
შპს „სკს-ის“ უკუგზავნილის თანახმად, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება 28.05.2014 წელს ჩაიბარა ლ. გ-მ, რომელიც არის „რ. ძ-ის (დამფუძნებლის) დედა.“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდულ პირთა რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად, შპს „გ-ა 85-ის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე ერთადერთი პარტნიორი და დირექტორი არის პ. ძ-ე. რ. ძ-ე არც პარტნიორად და არც წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად არ ირიცხება. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი პირადობის მოწმობების ასლების მიხედვით, პ. ძ-ე 12.03.1948 წელსაა დაბადებული, პირადი ნომერი ემთხვევა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ ნომერს, ხოლო ლ. გ-ე დაბდებულია 29.09.1951 წელს. პირადი ნომერი ემთხვევა უკუგზავნილზე მითითებულ ნომერს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ შეუძლებალია, ლ. გ-ე პ. ძ-ის დედა იყოს.
ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, 28.05.2014 წელს გზავნილის პ. ძ-ის ოჯახის წევრის მიერ ჩაბარების ფაქტი და ხარვეზის შევსების ვადა ამ თარიღიდან ვერ აითვლება. ვინაიდან საქმეში არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ როდის ჩაბარდა განჩინება უშუალოდ რ. ძ-ს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიერ წარდგენილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ვადაში შეტანილად უნდა იქნეს მიჩნეული და სააპელაციო სასამართლომ შეაფასოს, გამოასწორა თუ არა აპელანტმა ხარვეზი, რის შემდეგაც გადაწყვიტოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „გ-ა-85-ის“ დირექტორ პ. ძ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ივნისის განჩინება და საქმე შპს „გ-ა 85-ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე