Facebook Twitter

№ას-743-711-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სს „ნ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ. შ-ა, ე. შ-ა, თ. ო-ა, თ. ზ-ა (მოსარჩელე)

მოპასუხე - ი. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. შ-ამ, ე. შ-ამ, თ. ო-ამ და თ. ზ-ამ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ნ-ისა“ და ი. მ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით დ. შ-ას, ე. შ-ას, თ. ო-ასა და თ. ზ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ნ-სა“ და ი. მ-ს სოლიდარულად დაეკისრათ

ა) დ. შ-ას სასარგებლოდ 8200 ლარის გადახდა;

ბ) თ. ზ-ას სასარგებლოდ 8100 ლარის გადახდა;

გ) ე. შ-ას სასარგებლოდ 5900 ლარის გადახდა;

დ) თ. ო-ას სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სს „ნ-მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ივნისის განჩინებით სს „ნ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაიბარა, ამიტომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა 30 აპრილიდან დაიწყო და 13 მაისს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი ფოსტას 14 მაისს ჩაბარდა.

აღნიშნული განჩინება სს „ნ-მა“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, ფოსტის მიერ გაცემული ქვითარი ადასტურებს, რომ გზავნილი ჩაბარდა არა 14, არამედ 13 მაისს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა გაშვებული არ ყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სს „ნ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა და სს „ნ-ის“ საჩივარი განუხილველად არასწორად დატოვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2014 წლის 31 მარტს გამოცხადდა, შესაბამისად, გასაჩივრების მსურველი მხარე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 აპრილისა უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოში. სს „ნ-ის“ წარმომადგენელმა დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ ვადაში, 30 აპრილს ჩაიბარა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა და გასაჩივრების ვადის ათვლა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან დაიწყო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ვინაიდან სს „ნ-ის“ წარმომადგენელმა დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში ჩაიბარა, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა 1 მაისიდან დაიწყო და 14 მაისს ამოიწურა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

სააპელაციო საჩივარზე თანდართული კონვერტის შესაბამისად, საჩივარი ფოსტას 14 მაისს გადაეცა, გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია შპს „ს. ფ-ის“ ქვითრები, რომლის შესაბამისადაც, გზავნილი ფოსტას 13 მაისს ჩაბარდა. ქვითარზე აღნიშნული გზავნილის ნომერი ემთხვევა სააპელაციო საჩივარზე დართულ კონვერტზე მითითებულ ნომერს (010020392824); შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ნ-ის“ სააპელაციო საჩივარი ვადაში იყო შეტანილი და სასამართლოს განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ნ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ნ-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ივნისის განჩინება და საქმე სს „ნ-ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე