№ას-746-714-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ხ-ი 7-ის“ თავმჯდომარე ს. დ-ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი - რ. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. კ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. კ-ამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში იბა „ხ-ი 7-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა 17.06.2013 წლის N17 და 11.07.2013 წლის N19 კრების ოქმების ბათილად ცნობის, ასევე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი იბა „ხ-ი 7-ის“ 17.06.2013 წლის N17 და 11.07.2013 წლის N19 კრების ოქმები, იბა „ხ-ი 7-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 21800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება იბა „ხ-ი 7-ის“ თავმჯდომარე ს. დ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აპრილის განჩინებით „ხ-ი 7-ს“ დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 872 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა.
იმავე სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განჩინებით იბა „ხ-ი 7-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხარვეზის განჩინება, როგორც თავად აპელანტს, ისე მის წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა. ორივე გზავნილი სასამართლოს დაუბრუნდა მითითებით, რომ ადრესატი ამ მისამართზე არ ცხოვრობს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა მისამართი შეიცვალა, რის შესახებაც სასამართლოს არ აცნობა, შესაბამისად, მიიჩნია, რომ ხარვეზის განჩინება აპელანტს 2014 წლის 7 მაისს ჩაბარდა, ხოლო 10-დღიანი საპროცესო ვადა 19 მაისს ამოიწურა, აპელანტმა კი, ხარვეზი ამ ვადაში არ შეავსო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ხ-ი 7-ის“ თავმჯდომარე ს. დ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, მართალია, არც თავად და არც ამხანაგობის წარმომადგენელი რ. ც-ე ქ. ბათუმში, რ-ის ქ. N13-ში არ ცხოვრობენ, მაგრამ ამ მისამართზე იბა „ხ-ი 7-ის“ ოფისი მდებარეობს. შპს „სკს-ს“ წერილით დასტურდება, რომ მისამართზე მისულმა კურიერმა არ მოიკითხა იბა „ხ-ი 7“, არამედ ჰკითხა მაცხოვრებლებს, იცნობდნენ თუ არა ს. დ-სა და რ. ც-ს, რომლებიც, როგორც აღინიშნა, ამ მისამართზე არ ცხოვრობენ. სწორედ ამ მიზეზით, გზავნილი ვერ ჩაბარდა და სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა. სააპელაციო საჩივარში ელექტრონული ფოსტის მისამართია მითითებული და სასამართლოს შეეძლო, მისი მეშვეობით გაეგზავნა განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ იბა „ხ-ი 7-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით , სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება ერთდროულად გაეგზავნა ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ხ-ი 7-ის“ თავმჯდომარე ს. დ-სა და მის წარმომადგენელ რ. ც-ს მათ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, ქ. ბათუმი, რ-ის ქ. N13. გზავნილი ადრესატებს არ ჩაბარდა. რ. ც-ის გზავნილის უკუგზავნილზე აღნიშნულია, რომ „ამ მისამართზე ცხოვრობს ლ. და შ. ც-ები. ასეთ პირს არ იცნობენ“, ხოლო ამხანაგობა „ხ-ი 7-ის“ თავმჯდომარე ს. დ-ის უკუგზავნილზე - „რ-ის 13 არის კორპუსი. ეს ორგანიზაცია და პიროვნება არავინ არ იცის.“
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩოვარზე დართულ შპს „ს-ს-ის“ წერილზე, რომლის მეორე აბზაცის მიხედვით, „ს. დ-ის სახელზე გაგზავნილი გზავნილი შევიდა 2014 წლის 7 მაისს. ადრესატის მისამართად მითითებული იყო ქ. ბათუმი, რ-ის ქ. N13. აღნიშნული გზავნილი კურიერის მიერ გატანილ იქნა შესაბამის მისამართზე, რომელმაც მაცხოვრებელ მოსახლეობასთან მოიკითხა ადრესატის შესახებ, მაგრამ მას განუცხადეს, რომ ს. დ-ე ამ მისამართზე არ ცხოვრობს. კურიერს ამავე მისამართზე არსებულ ორგანიზაციებში ამხანაგობა „ხ-ი 7“, შპს „კ. პ-ი 4“, შპს „ც. ქ-ი“ ადრესატი არ მოუკითხავს, ვინაიდან ჩათვალა, რომ ს. დ-ე ამ მისამართზე არ ცხოვრობდა“.
კერძო საჩივრის ავტორები განმარტავენ, რომ არც ს. დ-ე და არც რ. ც-ე ამ მისამართზე არ ცხოვრობენ, მაგრამ იქ მდებარეობს „ხ-ი 7-ის“ ოფისი. სასამართლოდან გზავნილი გაეგზავნა ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ხ-ი 7-ის“ თავმჯდომარე ს. დ-ს, მაგრამ, მიუხედავად უკუგზავნილზე მითითებისა, როგორც შპს „ს-ს-ს“ წერილი ადასტურებს, კურიერს „ხ-ი 7“ ამ მისამართზე არ მოუძიებია, ანუ თავად ფოსტა ადასტურებს მისი თანამშრომლის მიერ სასამართლოსათვის დაბრუნებულ დოკუმენტზე არასწორი მონაცემების მითითებას. ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინება იბა „ხ-ი 7-ის“ თავმჯდომარე ს დ-ისათვის ჩაბარებულად ვერ იქნება მიჩნეული, შესაბამისად, აპელანტს არც ხარვეზის შევსების ვადა გაუშვია.
კერძო საჩივრის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო ელექტრონული ფოსტის მისამართი, მაგრამ სასამართლომ განჩინება მისი მეშვეობით არ გაგზავნა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა, შესაბამისად მხარის ეს პრეტენზია უსაფუძვლოა.
ყოველივე ზემომითითებულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იბა „ხ-ი 7-ის“ თავმჯდომარის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ხ-ი 7-ის“ თავმჯდომარე ს. დ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინება და საქმე ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ხ-ი 7-ის“ თავმჯდომარე ს. დ-ის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე